Facebook Twitter

ას-251-236-2010 10 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჯ., ა. და ა. ა-ოვების (წარმომადგენელი მ. ჯ-ძე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე, ლ. ა-იანის სარჩელის გამო ჯ., ა. და ა. ა-ოვების მიმართ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტის დადგენისა და სამკვიდრო ქონების მიკუთვნების შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით კასატორებს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 2064 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2010 წლის 19 აპრილს კასატორებმა განცხადებით მიმართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს შეუმცირდეთ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ საფუძვლით, რომ ისინი იმყოფებიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით კასატორების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მათ გუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 2064 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ტ.II, ს.ფ. 137-138).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორ ჯ. ა-ოვს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 26 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავთ (ტ.II, ს.ფ. 140).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ., ა. და ა. ა-ოვების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ., ა. და ა. ა-ოვების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.