ას-25-20-2011 7 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. მ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი», ზ. მ-ძე, შპს «თ. პ-ა», ინდივიდუალური მეწარმე «მ.ჯ-ი», მ. ა-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... ბანკის», ზ. მ-ძის, შპს «თ. პ-ის», ინდივიდუალურ მეწარმე «მ.ჯ-ისა» და მ. ა-შვილის მიმართ ქ.საგარეჯოში, ... ქ¹1-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების, ასევე შპს «თ. პ-ის» 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელის ქონებიდან მოხდა ზ. მ-ძის, ინდივიდუალურ მეწარმე «მ.ჯ-ისა» და მ. ა-შვილის ვალების 1500 აშშ დოლარზე მეტის ანაზღაურება.
მოპასუხე სს «... ბანკმა» სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2008 წლის 19 თებერვალს ინდივიდუალურ მეწარმე «მ.ჯ-სა» და სს «... ბანკს” შორის გაფორმებული «კრედიტებით და გარანტიებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების” საფუძველზე 2008 წლის 21 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება 15 000 აშშ დოლარის სესხის სახით გაცემის, 2008 წლის 30 მაისს კი დამატებით 22 000 აშშ დოლარის სესხის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, გაცემული კრედიტი ჯამში არ აღემატება 2008 წლის 19 თებერვალს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დაკრედიტების ზღვრულ თანხას _ 50 000 აშშ დოლარს.
2008 წლის 30 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულების ცვლილება და სს «... ბანკსა” და ზ. მ-ძეს შორის 2008 წლის 21 თებერვალს დადებულ იპოთეკის ხელშეკრულების 2.2. პუნქტში იპოთეკით დატვირთული ქონების შეფასებად მიეთითა 50 000 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში 2008 წლის 30 მაისს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას ცვლილება არ შეხებია. უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა იპოთეკის ხელშეკრულებით იმთავითვე განსაზღვრული იყო 50 000 აშშ დოლარამდე თანხით. შესაბამისად, 2008 წლის 30 მაისის ცვლილების განხორციელების მიუხედავად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა მაინც იგივე თანხის ფარგლებში იქნებოდა.
შპს «თ. პ-ის” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს «... ბანკის” საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ მეწარმე «მ. ჯ-არს”, ზ. მ-ძესა და მ. ა-შვილს დაეკისრათ სს «... ბანკის” მიმართ არსებული დავალიანების გადახდა. დადგინდა თანხის ამოღება საგარეჯოში, ... ქუჩა ¹1ა-ში მდებარე სს «... ბანკის” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.
2008 წლის 21 თებერვალს იპოთეკის რეგისტრაციაში გატარების შემდგომ, 2008 წლის 23 მარტს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. მ-შვილის იპოთეკა. 2009 წლის 18 მარტს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ მეორე იძულებით აუქციონზე იურიდიულ კომპანია «ბ-ტერის” გაცემული ¹... ... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. მ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია ზ. მ-ძის მიმართ, ქ.საგარეჯოში, ... ქ.¹1ა-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა მ. მ-შვილი, სს «... ბანკის” 2008 წლის 21 თებერვლის იპოთეკის შემდგომი რიგის იპოთეკარი. შესაბამისად, მ. მ-შვილმა აუქციონზე ზ. მ-ძის ქონების შეძენამდე იცოდა, რომ აღნიშნული ქონება დატვირთული იყო იპოთეკით სს «... ბანკის” სასარგებლოდ.
შპს «თბილისის საარბიტრაჟო-სამომრიგებლო პ-ის” 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ამავე წლის 23 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში და 12 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრედ ზ. მ-ძის ნაცვლად მიეთითა მ. მ-შვილი, ანუ იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის დაწესების ნაწილში დადგინდა საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებამონაცვლე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების შეფასება და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა სხვადასხვა ცნებებია, აღნიშნული კი წარმოადგენს სარჩელისა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მეექვსე ნაწილით და მიუთითა, რომ მ. მ-შვილი არის ქ.საგარეჯოში, ... ქ.¹1ა-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე და სს «... ბანკსა” და ზ. მ-ძეს შორის ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და მის საკუთრებას გადაყვა 2008 წლის 21 თებერვალს რეგისტრირებული იპოთეკა.
«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, «კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, 36-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ არბიტრაჟს კანონი არ დაურღვევია.
სასამართლოს მითითებით, მ. მ-შვილი წარმოადგენს არა მესამე პირს, რომელსაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაეკისრა ვალდებულებები, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში საარბიტრაჟო მოპასუხის («მესაკუთრის”) უფლებამონაცვლეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად განმარტა სს „...ბანკსა“ და ზ. მ-ძეს შორის 2008 წლის 21 თებერვლის ¹19.02/08 იპოთეკის ხელშეკრულება. სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონით. სს „... ბანკსა“ და ზ. მ-ძეს შორის 2008 წლის 21 თებერვლის 19.02/08 იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებისას ნოტარიუსმა მხარეებს გადაახდევინა შესაბამისი კანონით დადგენილი სანოტარო მოქმედების შესრულების საზღაური, რომელიც სწორედ მხარეთა დადებული მოწონებული გარიგების ღირებულებიდან, ხსენებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით გამოიანგარიშა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანოტარო მომსახურებისას გადახდილი თანხა ნათლად გამოხატავს იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისი გარიგების, ანუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულებას.
სანოტარო აქტით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ნოტარიუსის საზღაური გადახდილია 131,85 ლარის ოდენობით, დღგ _ 23,73 ლარი, სულ _ 155,58 ლარი, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაური გადახდილია 15000 აშშ დოლარიდან.
არ უნდა იქნას გაზიარებული სს „...ბანკის“ პოზიცია, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულებით ზ. მ-ძემ 50 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფა იკისრა თავისი ქონებით, რადგან ამავე დღეს ამავე პიროვნებამ მხოლოდ 20 000 აშშ დოლარზე დააფიქსირა თავდებობა სს „...ბანკის“ წინაშე, ინდივიდუალურ მეწარმე „მ. ჯ-ართან“ გაფორმებულ სესხზე. ასევე უსაფუძვლოა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა ქონების შეფასებაში. ხსენებული ცვლილება, რომ ყოფილიყო ქონების შეფასების თაობაზე საჯარო რეესტრი მას არ დაარეგისტრირებდა, მაგრამ მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულიად კანონიერად მიიღო ხელშეკრულება როგორც იპოთეკის ხელშეკრულებაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდის გაზრდა და დაარეგისტრირა იგი შემდეგი რიგით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 იანვრის ას-991-1236-04 განჩინება), რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. მ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 24 იანვარს გადახდილი 1108,35 ლარის 70% _ 775,84 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ მ. მ-შვილს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 775,84 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.