ას-253-238-10 1 ივლისი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ამხანაგობა ,,... ქუჩა ¹23”
კასატორის წარმომადგენელი _ ნ. ზ-უა
მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების კომპენსაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი. მ-ოვას სარჩელი მოპასუხეების_რ. ჩ-ლისა და ნ. ჯ-შვილის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ოვამ და მისი გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ოვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამხანაგობა ,,... ქუჩა ¹23-ს” ი. მ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარის ექკვივალენტი ლარის გადახდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ს-ოვა წარმოადგენდა თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ თანამესაკუთრეს;
1943 წლის 12 თებერვალს, ნ. ს-ოვასა და მ. მ-ოვას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად, ნ.ს-ოვამ, როგორც სახლის მფლობელმა, დათმობით(ე.წ.ატსტუპნოით) მ. მ-ოვას ჩააბარა ერთოთახიანი ბინა საცხოვრებელი ფართით 16 კვ.მ, რისთვისაც მისგან მიიღო 25000 მანეთი; ბინაში ცხოვრების მანძილზე მოსარგებლე ვალდებული იყო, შეესრულებინა მფლობელის მოთხოვნები; სახლის მფლობელმა იკისრა ვალდებულება, მოსარგებლის ბინიდან წასვლის შემდეგ, მ-ოვა მ.სთვის დაებრუნებინა ზემოაღნიშნული 25000 მანეთი მთლიანად;
მ. მ-ოვა იყო მოსარჩელე ი. მ-ოვას მეუღლის დედა, ი. მ-ოვას მეუღლესთან შეწყვეტილი ჰქონდა რეგისტრირებული ქორწინება 1972 წლიდან, მ. მ-ოვა გარდაიცვალა 2000 წელს, ამდენად, მისი გარდაცვალების დროისათვის ი. მ-ოვა მეუღლესთან განქორწინებული იყო;
ი. მ-ოვა 1958 წლის 2 აპრილიდან რეგისტრირებულია თბილისში, ... ქ.¹23-ში. იმავე მისამართზე იგი აღრიცხულია კომუნალური მომსახურების მიმღებ დამოუკიდებელ აბონენტად და მეუღლესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შემდეგაც განაგრძობდა სადავო სახლში ცხოვრებას.
მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები 1979 წლიდან გახდნენ ნ.ჯ-შვილი და რ.ჩ-ლი, მათ ქონება შეიძინეს 2/3 წილის მესაკუთრე ჯ-ძისაგან, ხოლო 1999 წლიდან, აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ თანასაკუთრებაში აღირიცხა დარჩენილი 1/3 ნაწილიც.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ჩ-ლისა და ნ. ჯ-შვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი რაიონის გამგეობის 26.07.2002 წ. ¹9/20-119 დადგენილება თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე ბინის ი. მ-ოვასათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2007 წლის იანვარს, ი. მ-ოვას მფლობელობიდან გათავისუფლდა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი.
ამჟამად, თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრში აღრიცხულია ამხანაგობა “... ქუჩა ¹23”-ის საკუთრების უფლებით, რომლის საუძველიც არის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის 2009 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება. ამხანაგობა დაფუძნებულია და მისი წევრები არიან რ. ჩ-ლი და ნ. ჯ-შვილი.
საქმეში არსებული ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნის თანახმად, თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე, ი. მ-ოვას სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის (16 კვ.მ. ოთახისა და 12 კვ.მ შუშაბანდის) სულ 28 კვ.მ საბაზრო ფასი განსაზღვრულია 16 800 აშშ დოლარის ოდენობით, უძრავი ქონების ღირებულების დამდგენი სხვა რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ქონების 1 კვ/მ-ის ღირებულება შეადგენდა 600 აშშ დოლარს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ ი. მ-ოვას სადავო საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლება მოპოვებული ჰქონდა არა ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, რაც დასტურდება მისი სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე რეგისტრაციითა (ჩაწერით) და დამოუკიდებელ აბონენტად აღრიცხვითა და კომუნალური გადასახადების გადახდით.
მოპასუხის განმარტებით, ი.მ-ოვას მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომს გაუჩნდა ხანძარი და იგი მთლიანად დაიწვა, რაც მათ მიერ მოგვიანებით იქნა აღდგენილი იმავე საზღვრებში. პალატამ განმარტა, ის გარემოება, რომ ხანძრის შედეგად სრულად იქნა განადგურებული სადავო სადგომი, საქმის მასალებით არ დადასტურდა, ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 28 იანვრის ¹2/71-115 გადაწყვეტილებით, გაირკვა, რომ 1986 წლის 11 აგვისტოს ხანძრის შედეგად დაიწვა ი.მ-ოვას საცხოვრებელი ბინა, რაიაღმასკომის 1985 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მას ოჯახის სამ სულზე(თვითონ, შვილს, შვილიშვილს) გამოეყო ოროთახიანი ბინა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა ოჯახის წევრთა რაოდენობის ზრდა და ნაწილობრივი ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, გამოყოფილი ბინა მიეცა ი. მ-ოვას შვილს, ხოლო ეს უკანასკნელი კი დატოვებულ იქნა ისევ ძველ მისამართზე, ... ქ.¹23-ში.
ამრიგად, პალატამ ჩათვალა, რომ ი. მ-ოვაზე, როგორც საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლე სტატუსის მქონე პირზე, ვრცელდებოდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები.
მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიუთითა, რომ ნ.ჯ-შვილი და რ.ჩ-ლი, შემდგომ კი ამხანაგობა „ ... ქუჩა ¹23“, არ წარმოადგენდნენ თავდაპირველი მესაკუთრე, ნ.ს-ოვას უფლებამონაცვლეს, რადგან მის წილ ქონებაზე საკუთრება მათ შეიძინეს არა ს-ოვასაგან, არამედ, აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა ჰქონდა, მოპასუხეებმა საკუთრება მოსარგებლის მიერ დაკავებულ ფართზე შეიძინეს მემკვიდრეობით, ნასყიდობით, ჩუქებით თუ სხვა რაიმე საფუძვლით. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იგი წარმოადგენდა იმ ფართის მესაკუთრეს, რომელიც თავის დროზე თავდაპირველმა მესაკუთრემ დაუთმო მოსარგებლეების ოჯახს. მოცემულ შემთხვევაში, ის ფართი, რომელიც წარმოადგენდა თავდაპირველ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის შეთანხმების საგანს, გადავიდა ნ.ჯ-შვილისა და რ.ჩ-ლის, ხოლო მოგვიანებით ამხანაგობის საკუთრებაში.
აღნიშნულის საფუძველზე, პალატამ განმარტა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობიდან გამომდინარე ურთიერთობებში, ამხანაგობა „... ქუჩა ¹23“, რომლის სახელზედაც ამჟამად არის რეგისტრირებული უძრავი ქონება, წარმოადგენდა თავდაპირველი მესაკუთრე, ნ. ს-ოვას უფლებამონაცვლეს და მასზე უნდა გავრცელებულიყო ის ვალდებულებები, რაც გააჩნდა თავდაპირველ მესაკუთრეს ამ ფართის დათმობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,... ქუჩა ¹23-მა”
კასატორის აზრით, პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ გარიგება გულისხმობს ორმხრივი ნების გამოვლენას. სასამართლო სხდომის ოქმში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ი. მ-ოვას არც მ. მ-ოვასთან და არც სახლის იმ დროინდელ მეპატრონესთან არცერთი გარიგება დაუდია ცალკე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი თვითნებურად დაეუფლა ფართს და იხდიდა გადასახადებს მესაკუთრის ნებართვისა და ნების გარეშე.
კასატორის განმარტებით, მოპასუხეები ჩ-ლი და ჯ-შვილი, ამჟამად კი ამხანაგობა “... ქ.¹23” არ წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი ფართის ყოფილი მესაკუთრე ნ. ს-ოვასა და შემდგომში ა. ს-ოვის უფლებამონაცვლეებს.
მისი აზრით, არასწორად იქნა შეფასებული მტკიცებულება ... ქ.¹23-ში ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი სრულად არ დამწვარა, რაც ეწინააღმდეგება ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის აღმასკომის 1985 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, სადაც სწერია, რომ რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტს დაევალა ... ქ.¹23-ში ხანძრის ნარჩენების გატანა და ეზოს მოქანდაკება, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ მისამართზე საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა, ასევე არსებობს 1999 წლის 15 სექტემბრის ამჟამად დიდუბის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება ¹გას-154, სადაც კიდევ ერთხელ გაუქმებულია მოქალაქე ნ. ს-ოვას სახლთმფლობელობა და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე ცარიელი მიწა გადაეცათ ჩ-ლსა და ჯ-შვილს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება ფაქტი, იმის თაობაზე, რომ დავის უფლების ობიექტი, საცხოვრებელი სახლი აღარ არსებობდა, გაუქმებულ იქნა საკუთრების უფლება, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ყველა უფლებაც. ხანძრის შედეგად საკუთრების გაუქმების გამო ნ. ს-ოვას გამოეყო საცხოვრებელი სახლი და ასევე საცხოვრებელი სახლი გამოეყო იმ პირებს, ვისაც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება გააჩნდათ ს-ოვთან. აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის აღნიშნული საცხოვრებელი სახლების მიღების შემდგომ შეწყდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,... ქუჩა ¹23-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ამხანაგობა “... ქუჩა ¹23-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ. ზ-უას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 628,74 ლარის 70% - 440,118 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამხანაგობა ,,... ქუჩა ¹23-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს ნ. ზ-უას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 628,74 ლარის 70% - 440,118 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.