ას-253-238-2011 11 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს. მ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ბ-ძე, შპს იურიდიული კომპანია «ბ-ი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ბ-ძისა და შპს «ს.მ .ა-ის» მიმართ და მოითხოვა შპს იურიდიული კომპანია «ბ-ის» საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 30 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება 7000 აშშ დოლარის დაკისრებისა და ქ.თბილისში, ...ის ქ¹5-ში მდებარე ¹25 ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ს.მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-ძემ. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია «კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 43-44-ე მუხლების დებულებები, ასევე სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 81-84-ე, 372-ე მუხლები. ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმება, კერძოდ, მხარეებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში არ მიუთითებიათ აღნიშნული დავის შპს «ბ-ის» მიერ განხილვის თაობაზე. სასამართლომ მხედველობაში ასევე არ მიიღო ის გარემოება, რომ ს.მ-ძეს სესხის სახით არ აქვს 23000 აშშ დოლარი მიღებული.
ს.მ-ძემ სასამართლოს წინაშე დამატებით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იხდის სასჯელს და მას არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ს. მ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (სარეალიზაციოდ მიქცეული ბინის საბაზრო ღირებულებისა და სადავო თანხის _ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჯამის) განსაზღვრა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარისა და ამ მის მიერ განსაზღვრული საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების მიხედვით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით ს. მ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილობითი პასუხები ს. მ-ძის განცხადებაზე, სადაც მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის მიღებისათვის სავალდებულოა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე წარმოდგენილია კასატორის წერილობითი მიმართვები ამავე დაწესებულებისადმი და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაკისრებული საპროცესო მოქმედებების განხორცილებას, კერძოდ, არ გააჩნია საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დადგენილი ფორმა და აღნიშნული არც საკასაციო სასამართლოს გაუგზავნია მისთვის, მან არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების შესახებ ამონაწერის მომზადების თხოვნით, თუმცა მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მას არ გადაეცემა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელად, აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საპროცესო ვადის არანაკლებ 14 დღით გაგრძელების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრიდან მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ს. მ-ძის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელებისა და მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია _ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ს. მ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (სარეალიზაციოდ მიქცეული ბინის საბაზრო ღირებულება და სადავო თანხის _ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჯამი) განსაზღვრა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით ს. მ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილობითი პასუხები ს. მ-ძის განცხადებაზე, სადაც მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის მიღებისათვის სავალდებულოა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე წარმოდგენილია კასატორის წერილობითი მიმართვები ამავე დაწესებულებისადმი და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაკისრებული საპროცესო მოქმედებების განხორცილებას, კერძოდ, არ გააჩნია საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დადგენილი ფორმა და აღნიშნული არც საკასაციო სასამართლოს გაუგზავნია მისთვის, მან არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების შესახებ ამონაწერის მომზადების თხოვნით, თუმცა მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მას არ გადაეცემა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელად, აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საპროცესო ვადის არანაკლებ 14 დღით გაგრძელების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრიდან მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარემ მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედებებიდან არც ერთი არ გამოასწორა, მისი მოთხოვნა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ არის საფუძვლიანი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.
განსახილველ შემთხვევაში მხარემ არ განახორციელა რა მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძველი ასევე ვერ გახდება საპროცესო ვადის სიმცირეზე მითითება, ვინაიდან განსაზღვრული საპროცესო ვადა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის გონივრულია.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სასამართლომ საჯარო რეესტრიდან გამოითხოვოს მტკიცებულებები მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც კასატორის გადახდისუუნარობას დაადასტურებს, პალატა მიიჩნევს, რომ არნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხზე და უარყოფითად გადაწყვიტა აღნიშნული, რაც სასამართლოს მსჯელობის საგნად ვეღარ იქცევა, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი, რომ სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვოს მტკიცებულებები, დაიშვება არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ, გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეს მტკიცებულების მიღებაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე ეუბნებიან უარს. მოცემულ შემთხვევაში კი, ირკვევა, რომ საჯარო რეესტრიდან ს. მ-ძეს მტკიცებულებეს არ გადასცემენ მათი მოპოვებისათვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, რაც გამორიცხავს სასამართლო წესით მათი გამოთხოვის სავალდებულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. მ-ძემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორებაც კი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. მ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელებისა და ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საჯარო რეესტრიდან გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
ს. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.