Facebook Twitter

საქმე # 080100117002079660

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№42აპ-19 ქ. თბილისი

ტ. გ., 42აპ-19 16 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით გ. ტ., – დაბადებული 19-- წელს, და ი. რ., – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 9-9 წლითა და 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ი. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 25 ივლისიდან, ხოლო მსჯავრდებულ გ. ტ.ს – 2018 წლის 3 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით გ. ტ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 19:15 საათზე, ი. რ-მ და გ. ტ-მ მოტყუებით გააღებინეს კარი ა. ბ-ს და ძალისა და მუქარის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწიეს ა. ბ-ს საცხოვრებელ ბინაში (---), ჯგუფურად თავს დაესხნენ დაზარალებულს და მუქარით, წებოვანი ლენტებისა და პლასტმასის დამჭერების გამოყენებით შეუკრეს ხელები, ფეხები და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით მოსთხოვეს ფულისა და ძვირფასეულობის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. თავდამსხმელებმა ა. ბ-ს რამდენჯერმე დაარტყეს სახეში, რითაც მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. თავდასხმის შედეგად ი. რ. და გ. ტ. ა. ბ-ს ბინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად დაეუფლნენ: 1000 ლარად და 1100 ლარად ღირებულ ორ ოქროს ბეჭედს, 500 ლარად ღირებულ ბრილიანტისთვლიან ბეჭედს, 600-ლარიან ოქროს ჯაჭვს, 200 ლარად ღირებულ მომრგვალო-მოგრძო ფორმის ოქროს მუსულმანურ კულონს, 200-ლარიან ოთხკუთხა ფორმის მუსულმანურ კულონს, 600 ლარად ღირებულ თხელ, ბრტყელ, მომრგვალო ფორმის ოქროს ჯაჭვს მასზე დამაგრებული „შანელის“ მარკის ნიშნით, 200 ლარად ღირებული კულონით, 1200-ლარიან ოქროს სამაჯურს, 150-ლარიან მარგალიტის მძივს, 100 ლარად ღირებულ მარგალიტის სამაჯურს, 400 ლარად ღირებულ ოქროს გულსაბნევს, 20 ლარად ღირებულ, მუსულმანური სიწმინდის გამოსახულებიან თეფშს, 2200 ლარსა და 2100 აშშ დოლარს. მსჯავრდებულებმა დაზარალებულს მიაყენეს 13526,80 ლარის – დიდი ოდენობის ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ-მ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ტ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ ექსპერტიზების დასკვნები საეჭვოა, მოწმეთა ჩვენებები – არარელევანტური, ამიტომ სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ა. ბ-ს ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2017 წლის 23 ივნისის ოქმი, გ. ტ-ს და ი. რა-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2017 წლის 28 ივნისის ოქმები, ნივთის ამოცნობის 2017 წლის 12 ივლისის ოქმები, ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2017 წლის 6 ივლისის №--- და 2017 წლის 11 აგვისტოს №--- დასკვნები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 8 ივლისის №--- და სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 29 ივნისის №--- დასკვნები, მოწმე ექსპერტების – ე. კ-ს, ი. ე-სა და გ. ტ-ს ჩვენებები და სხვა მტკიბულებები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ. ტ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

9. რაც შეეხება კასატორის მითითებას ექსპერტიზების დასკვნების საეჭვოდ მიჩნევის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს თავიანთი დასკვნების სისწორე; ამასთან, დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნიმუშები ექსპერტებს დალუქული წარედგინათ. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მათ სანდოობას საეჭვოდ გახდიდა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასევე არ დადგენილა გ. ტ-ს მიმართ მოწმეთა რაიმე სახით დაინტერესების ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

10. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე