Facebook Twitter

ას-256-241-2010 10 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ გ. ხ-ანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ხ-ანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ხ-ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-ანის მიმართ ნივთით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და ქმედების განხორცილების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეს ეკუთვნის ქ.ბათუმში, ... ქ.¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. მოპასუხემ უკანონოდ ააშენა მის ტერიტორიაზე სარდაფი, რითიც ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. გ.ხ-ანმა ხ.ხ-ანის ეზოს ჭიშკრის წინ დააწყო რკინის მილები, რომლებიც აბრკოლებს ჭიშკრით სარგებლობას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მისი სარდაფია განლაგებული, მოსარჩელეს არ ეკუთვნის. რაც შეეხება ჭიშკრის სარგებლობით ხელშეშლას, სადავო ჭიშკარი მოსარჩელემ უკანონოდ მოაწყო, შესაბამისად, არც ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხ.ხ-ანის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ.ხ-ანს დაევალა ხ.ხ-ანის საკუთრებაში მოწყობილი სარდაფის მოშლა და მოსარჩელის ჭიშკართან განთავსებული მილების იმ მანძილით გადატანა, რაც სავალდებულოა ჭიშკრის გასახსნელად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ხ-ანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ. ხ-ანისათვის მილების მოსარჩელის ეზოს ჭიშკრის შემოსასვლელიდან სხვა ადგილას გადატანის დავალდებულებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მითითებულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ.¹17-ში მდებარე 818,77 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხ. ხ-ანის საკუთრებაა. ქ.ბათუმის მერიის კომისიის მოხსენებითი ბარათით და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 20 აპრილის წერილის შესაბამისად, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი ირიცხება ორი მესაკუთრის, კერძოდ, 8/12 _ ვ.ლ-ისა და 4/12 _ ო.კ-ძის სახელზე, ხოლო მის მეზობლად, ... ქ.¹26-ში მდებარე 693 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გ.ხ-ანის საკუთრებას. ბარაკების ლიკვიდაციის შედეგად გამოთავისუფლდა მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილზე გ.ხ-ანმა მოაწყო სათბური, ხოლო ნაწილი მიიტაცა კ.ლ-მა და მოაწყო ეზოს შესასვლელი ჭიშკარი. ო.კ-ძისაგან უძრავი ქონება შეიძინა დ.ლ-ძემ. 1994 წლის 19 მარტის ¹458 გადაწყვეტილებით კ.ლ-სა და დ.ლ-ძეს გაუფორმდათ მიტაცებული მიწის ნაკვეთი და მათმა საერთო საკუთრებამ შეადგინა 818,77 კვ.მ. დასახელებული ფართი შეიძინა ხ.ხ-ანმა და დარეგისტრირდა მის მესაკუთრედ. ქ.ბათუმის მერიამ 2003 წლის 21 აგვისტოს ¹86 დადგენილებით ხ.ხ-ანსა და გ.ხ-ანს შორის არსებული დავა მოწესრიგდა იმდაგვარად, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხ.ხ-ანს ნება დაერთო, მოეწყო შესასვლელი, დადგინდა რკინის მილების აღება და ნაკვეთის გადაცემა ქ.ბათუმის მერიისათვის თავისუფალ მდგომარეობაში, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე გ.ხ-ანთან დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ. ხ-ანის მიერ აგებული ფარდული აშენებულია ხ. ხ-ანის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და იკავებს 8.4 კვ.მ-ს, ხოლო ხ.ხ-ანის ეზოს გვერდითა შემოსასვლელი ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყობილი ლითონის კონსტრუქციები ხელს უშლის ჭიშკარს დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებაში. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, საკუთრების უფლების მოწმობითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით, ქ.ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 2 ნოემბრის ¹51 საოქმო გადაწყვეტილებით, ასევე მის საფუძველზე გაცემული საკუთრების ¹894 მოწმობით, ... ქ.¹15-ში მდებარე სადავო 521 კვ.მ მიწა გ. ხ-ანის საკუთრებად იქნა აღიარებული, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების ¹894 მოწმობა 14,3 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, ვინაიდან აღნიშნული ნაკვეთი ხ. ხ-ანის საკუთრებას წარმოადგენდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ შედგენილი 2008 წლის 13 მაისის ¹835/5 დასკვნითა და 2009 წლის 9 თებერვლის ¹205/5 დასკვნით, ქ.ბათუმში, ... ქ.317-ში არსებული ხ. ხ-ანის მიწის ნაკვეთის პერიმეტრის წინა და მარცხენა გვერდების გეომეტრიული ზომები ემთხვევა ეზოს საპასპორტო მონაცემებში ნაჩვენებ ზომებს. ნაკვეთის უკანა მხარის ზომა ადგილზე აზომვით შეადგენს 16,20 მეტრს, საპასპორტო მონაცემებში მითითებული 21.5 მეტრის ნაცვლად. ნაკვეთის უკანა საზღვრის ღობემდე ჩანს სასაზღვრო მიჯნის კორექტირება, იგი შემოწეულია ხ.ხ-ანის ეზოში. გ. ხ-ანის სამეზობლო მიჯნის უკან 13-მეტრიანი ღობის 4.95 მეტრი ზონის შემდგომ დარღვეულია მისი გეომეტრიული ზომები. საკადასტრო გეგმების ურთიერთშედარებით გადაფარვის ფართი შეადგენს 14,3 კვ.მ-ს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავარ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს ქ.ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 2 ნოემბრის ¹51 საოქმო გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული ¹894 საკუთრების უფლების მოწმობით გ. ხ-ანისათვის იმ მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი, რომლის გამოთავისუფლებასა და ხელშეშლის აღკვეთასაც მოსარჩელე ხ. ხ-ანისაგან ითხოვდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, ქ.ბათუმში, ... ქ.¹17-ში მდებარე უძრავი ქონება _ 818,77 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ხ. ხ-ანის საკუთრებად, ასევე სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2008 წლის 13 მაისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. ხ-ანის მიერ აგებული ფარდული აშენებულია ხ. ხ-ანის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და 8,4 კვ.მ უკავია. ამდენად, პალატამ დასაბუთებულად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე გ. ხ-ანი მოსარჩელის თანხმობის გარეშე სარგებლობდა 8,4 კვ-ით, რის გამოც მესაკუთრეს არ აქვს საშუალება, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ამ მიწის ნაკვეთით. სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სადავო ფარდულის აღებისა და მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გათავისუფლების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა, სახელმწიფო მიწის ნაკვეთიდან მილების გატანის თაობაზე, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერით, საკუთრების უფლების მოწმობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ... ქ.¹15-ში მდებარე სადავო 506,7 კვ.მ, რომელიც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ამჟამად გ.ხ-ანის საკუთრებას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გ. ხ-ანმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით კასატორს დაუკანონდა ის ტერიტორია, რომელზეც სადავო ფარდული განთავსებული არ არის, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნითა და აზომვითი ნახაზით. სასამართლომ უგულებელყო საჯარო რეესტრის მონაცემთა სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია. 2003 წელს ქ.ბათუმის მერიამ უკვე იმსჯელა სადავო საკითხზე. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მხარემ შეიძინა არა 818 კვ.მ, არამედ 589 კვ.მ ნაკვეთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით გ. ხ-ანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ხ-ანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. ხ-ანს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 7 აპრილს მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ხ-ანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ გ. ხ-ანს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.