Facebook Twitter

ას-257-242-10 10 ივნისი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია

კასატორი _ ი. ჭ-უა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოვალის უფლებამონაცვლე პირის წინააღმდეგ

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. ჭ-უამ მოპასუხე შპს ,,ვარციხე 2005-ის” მიმართ სს,,ვარციხეჰესების კასკადის” უფლებამონაცვლედ შპს ,,ვარციხე 2005-ის” ცნობისა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჭ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჭ-უამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ი. ჭ-უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სოფელ აბაშის მოსახლეობის სარჩელი და სს „ვარციხეჰესების კასკადს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ნაგებობიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის_302078 ლარის გადახდა, მათ შორის სს „ვარციხეჰესების კასკადს“ მოსარჩელე ი. ჭ-უას სასარგებლოდ დაეკისრა 1 998 ლარის ანაზღაურება.

სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2006 წლის 18 მაისის ბრძანებით სს „ვარციხეჰესების კასკადი“ გარდაიქმნა შპს „ვარციხეჰესების კასკადად“ სახელმწიფოს 100%-იანი წილით.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შესწორდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მოპასუხე სს „ვარციხეჰესების კასკადის“ ნაცვლად მიეთითა შპს „ვარციხეჰესების კასკადი“.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს „ვარციხეჰესების კასკადის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და მის მიმართ იძულებითი აღსრულება შეჩერებულია.

პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში მოპასუხეს წარმოადგენდა შპს „ვარციხეჰესების კასკადი“, რომელსაც დაკისრებული აქვს გარკვეული თანხის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, შესაბამისად, მოვალე მხარეს წარმოადგენდა შპს „ვარციხეჰესების კასკადი“, რომლის უფლებამონაცვლის დადგენასაც მოითხოვდა მოსარჩელე მხარე.

პალატამ განმარტა, ის გარემოება, რომ შპს ,,ვარციხეჰესების კასკადის” მიმართ დაწყებულია გადახდის უუნარობის შესახებ საქმის წარმოება, არ წარმოადგენდა მისი უფლებამონაცვლის დადგენის საფუძველს.

პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეს წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომლის პარტნიორებიც საკუთარი ქონებით საწარმოს ვალდებულებებზე არ აგებენ პასუხს, შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს ეკოლნომიკური განვითარების სამინისტროზე, როგორც შპს-ს უფლებამონაცვლეზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა ი. ჭ-უამ.

კასატორის მითითებით, საქმეში არსებული წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ 1996-2001 წლებში. აღნიშნული დადგენილია, აგრეთვე, წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მოხსენიებული და აღნიშნულ საქმეში არსებული საქართველოს სათბობენერგეტიკის მინისტრის 2000 წლის 6 ივლისის ¹36 ბრძანებით, „ვარციხჰესების კასკადის“ ჰიდროტექნიკური ნაგებობაზე შექმნილი ავარიული მდგომარეობის შესწავლისა და მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის განსაზღვრისა და ანაზღაურების მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნით, 2004 წლის 22 ნოემბრის, სს „ვარციხჰესების კასკადის“ გენერალურ დირექტორსა და სოფელ ბაშის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის შედგენილი აქტით, ხოლო რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანი აყვანილი იქნა „ვარციხეჰესების კასკადის“ ბალანსზე კრედიტორულ დავალიანებაში.

ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ 2005 წლისათვის სს „ვარციხეჰესების კასკადის“ პარტნიორისათვის-საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ცნობილი იყო რომ სს „ვარციხეჰესების კასკადმა“ მას მიაყენა ზიანი.

კასატორის აზრით, მოპასუხისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ მოსარჩელეებს მიადგებოდა ზიანი, რის გამოც მოპასუხემ შეგნებულად, წინასწარ, იმ განზრახვით, რომ არ მომხდარიყო ზიანის ანაზღაურება, საწარმოს კაპიტალიდან ამოიღო მნიშვნელოვანი ღირებულების ქონება და ვალაუვალი დატოვა საწარმო, რის შედეგაც ე.წ, ზიანის მიმყენებელ საწარმოს აღარ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, აენაზღაურებინა ზიანი. აღნიშნული ცნობილი იყო მოპასუხისათვის, როდესაც ამოღებული კაპიტალის ბაზაზე დააფუძნა ახალი საწარმო.

კასატორის განმარტებით, სს „ვარციხეჰესების კასკადის“( შპს „ვარციხეჰესების კასკადის”) კაპიტალის შემცირება და ახალი საწარმოს დაფუძნება ახალი სამართლებრივი ფორმით, არ წარმოადგენდა მართლზომიერ ქმედებას. მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენს შპს „ვარციხეჰესების კასკადის“ უფლებამონაცვლეს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, რადგან, რომ არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხრიდან პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენება, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი შპს „ვარცხიჰესების კასკადი“ შესძლებდა ფინანსურად კასატორისათვის მოყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჭ-უას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი. ჭ-უას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ჭ-უას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.