Facebook Twitter

ას-258-242-2011 23 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ჯ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკმებრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ა-ძის წინააღმდეგ უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მან მოპასუხის კუთვნილი ნავი აღადგინა, რისთვისაც გასწია 1047 აშშ დოლარის ხარჯი, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა გ. ა-ძისათვის მის სასარგებლოდ ამორტიზებული ნავის აღდგენისათვის გაწეული ხარჯის _ 1047 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ შ. ჯ-ძეს ნავზე სარემონტო სამუშაოები არ შეუსრულებია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ჯ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება _ 700 ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შ. ჯ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ა-ძეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 1047 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, შ. ჯ-ძის სარჩელი ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 300 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გ. ა-ძეს შ. ჯ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯების _ 400 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მასზე, რომ 1983 წლიდან გ. ა-ძეს საკუთრებაში გააჩნდა ხის გემი –ნახევარბარკასი, რომელმაც 2006 წელს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თავისი კუთვნილი ხის გემი გადასცა შ. ჯ-ძეს.

შ. ჯ-ძემ გ. ა-ძისაგან სარგებლობაში მიღებულ ხის გემზე ჩაატარა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები და 2006 წლის 11 დეკემბერს საკუთრებაში დაირეგისტრირა, როგორც ახლად აგებული ნახევარბარკასი.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით _ შპს „.... გორგიას“ მიერ გაცემული ცნობით სააპელაციო პალატამ მიუთიტა, რომ დადგენილი იყო საშენი მასალების საბაზრო ღირებულებები („ოლიფა“ 1 კგ-4 ლარი; მანქანის „შპაკლი“ 1 კგ-6 ლარი. საღებავი თეთრი 1 კგ – 6ქ50 ლარი; საღებავი ლურჯი 1 კგ – 6,50 ლარი პენელის წებო 1 ტუბიკი – 5,70 ლარი; სილიკონი 1 ცალი – 10 ლარი; უჟანგავი გრეხილი ლურსმანი 1 კგ – 4 ლარი; „შკურკა“ 1 კვ.მ. – 2 ლარი)

საქმეში განთავსებული ე. მ-ისა და შ. ჯ-ძის ხელმოწერით შედგენილი აქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ჯ-ძის მიერ ე.მ-ისათვის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გადაცემული ხის ნავი იყო ექსპლოატაციისათვის უვარგისი, ცუდი შენახვის შედეგად დამპალ მდგომარეობაში, რომლის შესაკეთებლად საჭირო ყველა მასალა მიიტანა შ. ჯ-ძემ და მანვე აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება ე. მ-ეს _ 500 აშშ დოლარის ოდენობით.

მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დღეისათვის სადავო ზომამცირე გემი-ნახევარბარკასი გ. ა-ძის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული და მისსავე მფლობელობაშია. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შ. ჯ-ძემ ნავს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარა, მხოლოდ სადავო გახადა სარემონტო სამუშაოების ღირებულება, ასევე შ.ჯ-ძისათვის ნავის გადაცემის დროისათვის მისი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 600-700 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლომ მთავარ სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით გამოარკვია, რომ ძრავის გარეშე ახალი ნავის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 1000 აშშ დოლარს, ხოლო ძრავით გაცილებით მეტს _ 1500-2000 აშშ დოლარს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან გ. ა-ძემ, შ. ჯ-ძეს დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში გადასცა თავისი კუთვნილი ზომამცირე გემი-ნახევარბარკასი, რომელიც გადაცემის დროისათვის ექსპლოატაციისათვის უვარგისი იყო, მხარეთა შორის ურთიერთობის შეფასებისას უნდა გამოყენებულიყო თხოვების ხელშეკრულების შესაბამისი წესები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 615-ე, 619-ე 975-ე 987.1-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაიზიარა მოსარჩელეს მითითება მასზე, რომ გ. ა-ძისაგან გადაეცა ექსპლოატაციისათვის უვარგისი ნივთი, რომელიც რემონტის შედეგად განახლებულია და სარემონტო სამუშაოების ჩატარებით დღეისათვის მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ისეთ ვითარებაში, როდესაც ახალი ნავის ღირებულება ძრავის გარეშე შეადგენდა დაახლოებით 1000 აშშ დოლარს, ხოლო ძრავთან ერთად გაცილებით მეტი ღირებულების იყო (1500-2000 აშშ დოლარი), ექსპლოატაციისათვის უვარგის ნივთზე 1047 აშშ დოლარის ოდენობით ხარჯების გაწევა, რის შედეგადაც ნივთი გახდა ვარგისი, სასამართლომ ჩათვალა, რომ შეუსაბამოდ მაღალი არ იყო.

ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა ნავის შეკეთებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოპასუხეს კი მათი უარმყოფელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ მითითება იმ გარემოებაზე, რომ გაწეული ხარჯები შეუსაბამოდ მაღალია, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპლოატაციისათვის ვარგის, გამართულ მდგომარეობაში (ძრავთან ერთად) დაბრუნებული ნავზე გაწეული ხარჯის 1047 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ნივთზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც შ. ჯ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 383-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ გადაწვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც საქმეზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძველად შეიძლება მიჩნეულიყო. მოსარჩელეს კი, არ ჰქონდა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა მის მიერ თითქოსდა ჩატარებული სამუშაოების მოცულობასა და ღირებულებას, ან ფაქტობრივ გარემოებას მასზე, საერთოდ ჰქონდა თუ არა ჩატარებული სამუშაოები.

კასატორის აზრით, გაუგებარია, სააპელაციო პალატამ რატომ ჩათვალა, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ზეპირი ფორმით თხოვების ხელშეკრულება, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს და არ ასაბუთებს, რომ მხარეთა შორის დადებული იყო მიბარების (შენახვის) ხელშეკრულება და არა თხოვების ხელშეკრულება. თვით მოსარჩელესაც კი, არასდროს მიუთითებია, რომ მათ შორის თხოვების ხელშკერულება იყო დადებული.

ამასთან, კასატორის აზრით, მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, სასამართლო სხდომის დანიშვნამდე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. კასატორი გ. ა-ძე შ. ჯ-ძეს გადაუხდის 500 აშშ დოლარს;

2. შ. ჯ-ძე მიიღებს გ. ა-ძისაგან 500 აშშ დოლარს და არ ექნება არავითარი პრეტენზია იმ ნავთან დაკავშირებით, რომელიც რჩება გ. ა-ძის საკუთრებაში;

3. მხარეები თანხმდებიან ნავს ყადაღა მოეხსნას თანხის გადახდის შემდეგ 1 (ერთი) კვირის განმავლობაში.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორ _ გ. ა-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

ა) კასატორი გ. ა-ძე შ. ჯ-ძეს გადაუხდის 500 აშშ დოლარს;

ბ) შ. ჯ-ძე მიიღებს გ. ა-ძისაგან 500 აშშ დოლარს და არ ექნება არავითარი პრეტენზია იმ ნავთან დაკავშირებით, რომელიც რჩება გ. ა-ძის საკუთრებაში;

ვ) მხარეები თანხმდებიან ნავს ყადაღა მოეხსნას თანხის გადახდის შემდეგ 1 (ერთი) კვირის განმავლობაში.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

4. გ. ა-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 17 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - ¹300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.