ას-261-245-2011 5 აპრილი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ჟ-ი»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჯ. უ. ე. ფ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 24 თებერვალს შპს «ჟ-მა» თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს «თ. წ-ს» (ამჟამად შპს «ჯ. უ. ე. ფ-ი») წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა და მოპასუხისათვის 4 188 342 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «ჟ-რის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «ჟ-რმა» სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს «ჟ-რის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შპს «ჟ-რის» წარმომადგენელმა გ. ზ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინებით შპს «ჟ-რს» განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინებით შპს «ჟ-რს» განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა. ხარვეზის განჩინება მხარეს 18 მარტს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხარვეზის შევსების ვადა 2011 წლის 30 მარტს ამოეწურა. კასატორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, ამასთან, 2011 წლის 28 მარტის განცხადებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინებაში უკვე იმსჯელა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ჟ-ის» წარმომადგენელ გ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.