Facebook Twitter

ას-261-246-10 22 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი ((თავმჯდომარე, მომხსენებელი), ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –გ. ლ-ძე(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –ნ. ხ-ძე, რ. ლ-ძე, მ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინება.

დავის საგანი – უკანონო ხელისშეშლის აღკვეთა, სასაზღვრო მიჯნის აღმართვა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 8 ივნისს ბორჯომის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ლ-ძემ მოპასუხეების: მ. მ-ძის, ნ. ხ-ძისა და რ. ლ-ძეების, მესამე პირების: სამცხე-ჯავახეთის არქმშენინსპექციის, ბორჯომის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის, ბორჯომის პოლიციის სამძებრო განყოფილებისა და პლატოს ტურბაზის დირექტორ ს.სვანიძის მიმართ და მოითხოვა სამეზობლო და სასაზღვრო მიჯნის მოწყობა. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა მოპასუხე ლ-ძეებისაგან მათ მიერ წარმოებული მშენებლობის ნაწილობრივ დემონტაჟს, მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და მოპასუხეების ეზოდან სასაზღვრო მიჯნის აღმართვას. მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, რომ მისი სახლიდან ხუთ მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდნენ მოპასუხე ლ-ძეების მიწას, არ ისარგებლონ მისი კუთვნილი მიწით, მოპასუხე მ-ძემ კი არ ჩამოუშვას წყალი და არ დაუზიანოს სახლის კედელი.

2007 წლის 6 თებერვლის ბორჯომის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ლ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ბორჯომში, პლატოს აღმართ ¹8-ში მდებარე მიწის ნაკვეთი აღრიცხულია გ. ლ-ძის საკუთრების უფლებით.

ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ტექნიკური ნახაზის მიხედვით, ბორჯომში, პლატოს აღმართ ¹8-ში გ. ლ-ძის მოსაზღვრედ მდებარე 306 კვ.მ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ა. ლ-ძეს (მოპასუხე რ. ლ-ძის დედას).

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასაზღვრო მიჯნა ლ-ძისა და ლ-ძის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად გადის ლ-ძის საცხოვრებელი სახლის კედელზე და ნაკვეთებს შორის ღობეებზე.

სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ რ. ლ-ძისა და ნ. ხ-ძის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართს განაშენიანებასთან ერთად შეადგენს 306 კვ.მ-ს, შესაბამისად, ისინი მართლზომიერად ფლობენ აღნიშნული მიწის ნაკვეთს, არ იჭრებიან აპელანტის ტერიტორიაზე და არ ხელყოფენ მის საკუთრებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის აზრით უსაფუძვლოა გ. ლ-ძის მოთხოვნა, რომ მისი სახლიდან ხუთი მეტრის მანძილზე მოპპასუხეებმა არ ისარგებლონ მიწის ნაკვეთით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის გამყოფი ღობე არ არსებობს, რადგან საქმის მასალებით და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ სასაზღვრო მიჯნა ლ-ძისა და ლ-ძის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად გადის ლ-ძის საცხოვრებელი სახლის კედელზე და ნაკვეთებს შორის მოწყობილ ღობეებზე, რაც ასევე შეესაბამება ტექნიკური ინვენტარიზაციის მიერ გაცემული ნახაზის მონაცემებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ლ-ძემ და მოითხოვა სასამართლოსგან მისი საკუთრების ხელყოფისაგან დაცვა, არ მოხდეს მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო მიტაცება, ასევე დადგინდეს და აღიმართოს ზუსტი სასაზღვრო მიჯნა მას და მოსაზღვრეებს შორის.

კასატორი ასევე ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401-ემუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.