Facebook Twitter

ას-262-247-2010 31 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შ. ო-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოპასუხე შ. ო-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შ. ო-შვილის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის _ 8 000 ლარის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში მყოფ სისხლის სამართლის ¹9204949 საქმეზე პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიცემული იყო შ. ო-შვილი, რომელსაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო დაზარალებულად ცნობილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ვინაიდან ბრალდებულის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. შ. ო-შვილის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მან სპეციალური ნებართვის გარეშე მოაწყო სათამაშო აპარატების სალონი. აღნიშნულ საქმეზე “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. წინასწარი გამოძიებისას დადგინდა, რომ შ. ო-შვილმა სახელმწიფოს ბიუჯეტს მიაყენა 8 000 ლარის ზიანი (ტომი 1, ს.ფ. 1-6).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ. ო-შვილს დაეკისრა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის _ 8 000 ლარის ანაზღაურება. (ტომი 1, ს.ფ. 52-56).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ო-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, მას სსსკ 70-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ ეცნობა სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, ასევე მას გადახდილი ჰქონდა სანებართვო მოსაკრებელი 2 000 ლარი, რაც დასტურდებოდა 2005 წლის 17 თებერვლის საგადასახადო დავალებით (ტომი 1, ს.ფ. 60-70).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებით შ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელზე დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის შემდეგ დასაბუთებაზე:

პირველი ინსტანციის სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მიხედვით სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2005 წლის 17 თებერვალს შ. ო-შვილის მიერ გადახდილ იქნა სანებართვო მოსაკრებელი 2 000 ლარი, ხოლო სსსკ 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ არ არსებობს დავის საგანი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ შ. ო-შვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 8 000 ლარის ზიანი, რადგან საგამოძიიებო ორგანოები შ. ო-შვილს ედავებოდნენ მხოლოდ სანებართვო მოსაკრებელის 2 000 ლარის გადაუხდელობას. რაც შეეხებოდა “ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე 6 000 ლარის ზიანს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას შეეხება. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ უნდა აღეძრა (იგი დაუშვებელი იყო), რადგან ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის უფლებას წარმოადგენს, მოახდინოს ხსენებული გადასახადების (მოსაკრებლების) ადმინისტრირება. სსსკ 272-ე მუხლის მიხედვით, საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის (ტომი 1, ს.ფ. 117-121).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება (ტომი 2, ს.ფ. 3-7).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული პირის მიერ აღძრული სარჩელი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანი, უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი. იმავე საპროცესო კოდექსის 33.6 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს, წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის დაბრუნების შემდგომ ადმინისტრაციულმა პალატამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე უნდა იმსჯელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელის საგნობრივ განსჯადობაზე (ტომი 2, ს.ფ. 34-38)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე შ. ო-შვილის სააპელაციო საჩივრით განსახილველად გადასცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი 2, ს.ფ. 41-44).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შ. ო-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 320 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2 000 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანი, რაც გამოწვეულია შ. ო-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულით, ანაზღაურებულია და მისი განმეორებით გადახდის საფუძველი არ არსებობს. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენი 6 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი (ტომი 2, ს.ფ. 60-69).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, წინასწარი გამოძიებისას დადგენილია, რომ მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 8 000 ლარის ოდენობით. ასევე შ. ო-შვილს გადასახდელი აქვს სალიცენზიო მოსაკრებელი 2 000 ლარი. ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ათავისუფლებს პირს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებისაგან. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სახელწიფო ბაჟის 320 ლარის დაკისრებას რადგან ფინანსთა სამინისტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ტომი 2, ს.ფ. 77-84).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.