ას-263-248-10 14 ოქტომბერი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ. შ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ-ია (მოსარჩელე)
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2007 წლის 6 ივლისს სარჩელით მომართა თ. შ-იამ, დ. შ-იასა და ნოტარიუს ნ. მ-იას მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება სამოქალაქო დავა აპელანტ დ. შ-იასა და მოპასუხე თ. შ-იას შორის არსებულ სამკვიდრო დავაზე, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დ.ბერეკაშვილის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება. მოცემულ საქმეზე დავა მიმდინარეობს სამკვიდრო ქონების - მცხეთის რაიონის სოფ. დიღომში მდებარე მამკვიდრებელ ს. შ-იას სამკვიდრო ქონებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობის უფლებით საკუთრებაში გადაეცა თ. შ-იას. მოცემულ პერიოდში სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე არსებითი განხილვის ეტაპზე მოპასუხე დ. შ-იამ წარმოადგინა ქ.თბილისის ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ 2007 წლის 30 აპრილს სადავო ქონებაზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობა.
მოსარჩელემ მოითხოვა მოცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 30 აპრილს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში აღწერილ ქონებაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე დავის საგანზე მიმდინარეობს სასამართლო დავა და, შესაბამისად, სადავო ქონება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიეკუთვნა თ. შ-იას.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია კანონის სრული დარღვევით, კერძოდ: მის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაცემულ იქნა მამკვიდრებლის - მ. შ-იას სახელზე, როდესაც სოფ. დიღმის სადავო ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მამკვიდრებელ ს. შ-იას. ნოტარიუსმა დაადგინა და გასცა სამკვიდრო მოწმობა იმის შესახებ, რომ თურმე სამკვიდრო ქონება აწ გარდაცვლილ მ. შ-იას ფაქტობრივი ფლობითა და განკარგვით მიღებული ჰქონდა მამკვიდრებელ ს. შ-იასაგან. ნოტარიუსმა მემკვიდრეობის უფლება დაადგინა 5 წლის წინ გარდაცვლილ პირზე და შემდეგ დ. შ-იას სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, რაც კანონის უხეში დარღვევაა, რადგან მემკვიდრემ სამკვიდრო ქონების მიღებაზე, რომ განაცხადოს თანხმობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სურვილი უნდა ჰქონდეს მემკვიდრეობის მიღებაზე. ს. შ-ია და მ. შ-ია იყვნენ მეუღლეები, ხოლო ს. შ-იას გარდაცვალების შემდგომ მ. შ-იას არც სამკვიდრო მიუღია და, შესაბამისად, არც სურვილი განუცხადებია მის მიღებაზე. ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება. გარდაცვლილი პირის სამოქალაქო უფლებაზე ემსჯელა მისი თანხმობის გარეშე, ვინაიდან საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მამკვიდრებელ მ. შ-იას სახელზე არ ირიცხებოდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაირღვა სამართლებრივი ფაქტები, რადგან საქმეში სამკვიდროს გახსნის ადგილი და მ. შ-იას სამკვიდროს გახსნის ადგილი არის სხვადასხვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მ. შ-ია ცხოვრობდა და გარდაიცვალა სოფელ დიღომში, ამდენად სამკვიდროს გახსნის ადგილი არის სოფელი დიღომი და არა ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹16, რაც მითითებულია სამკვიდრო მოწმობაში. ამდენად, ნოტარიუს ნ. მ-იას არ ჰქონდა უფლება, გაეცა სამკვიდრო მოწმობა, ვინაიდან სამკვიდროს გახსნის ადგილი არ შედიოდა მის სამოქმედო ზონაში. ასევე განმარტა, რომ სამკვიდროს გაცემის დროისათვის მხარეებს შორის უკვე სასამართლოში მიმდინარეობდა დავა და ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება, გაეცა სამკვიდროს მოწმობა, ამასთან მოსარჩელეს უკვე მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. შ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. მ-ია მიერ 2007 წლის 30 აპრილს მოპასუხე დ. შ-იას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
აღნიშნული დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. შ-იამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით დ. შ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. შ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დ. შ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამრთლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ მ. შ-იას სამკვიდრო ქონებაზე დ. შ-იას სახელზე გაცემული – 2007 წლის 30 აპრილის (რეესტრის ¹2-98) სამკვიდრო მოწმობა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. შ-იამ და ნოტარიუსმა ნ. მ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით დ. შ-იას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ნოტარიუს ნ. მ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. და დ. შ-იები არიან ს. შ-იასა და მ. შ-იას შვილები. ს. შ-იას საკუთრებას, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, წარმოადგენდა თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე უძრავი ქონება და თბილისში, ... ქუჩა, მე-2 შესახვევ ¹11-ში მდებარე უძრავი ქონება. ს. შ-ია გარდაიცვალა 1992 წლის 10 ოქტომბერს, მ. შ-ია კი, 2003 წლის 22 აგვისტოს. 2004 წლის 2 თებერვალს თ. შ-იამ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დ. შ-იას მიმართ, იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამის სამკვიდრო, მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო დ. შ-იას მამის სამკვიდროდან მიღებული აქვს ნაწილი, მოითხოვა მამის სამკვიდრო ქონების ნაწილის _ მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მიასის გადაწყვეტილებით თ. შ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა მამის სამკვირო ქონების _ მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რაც დ. შ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სასამართლოს მიერ დავის განხილვის პერიოდში, ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ დ. შ-იას სახელზე, მ. შ-იას სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ იქნა 2007 წლის 30 აპრილს სამკვიდრო მოწმობა. თ. შ-იას, დედის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში განცხადება არ შეუტანია. ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ მ. შ-იას სამკვიდრო ქონებაზე დ. შ-იას სახელზე გაცემული 2007 წლის 30 აპრილის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დ. შ-ია საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო სახლის – თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას, სამოქალაქო კოდექსის 1503-ე, 1469-ე, 1450-ე მუხლების, “ნოტარიატის შესახებ” კანონის 1-ლი, მე-2, 47-ე, მე-8 მუხლების (სანოტარო მოქმედების შესრულების დროს მოქმედი კანონი), “სანოტარო მოქმედებათა წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-6 მუხლის ერთობლიობაში განმარტების შედეგად მიღებულ დასკვნას, კერძოდ, მათი ანალიზი განამტკიცებს ძირითად დებულებას და იმპერატიულს ხდის კანონის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ დავა, მიმდინარეობს მემკვიდრეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებზე, სამკვიდრო ქონების გაყოფაზე, რაც ასევე მოიცავს სამკვიდრო ქონების ბათილად ცნობის მოთხოვნასაც და სადავო ფაქტების დადასტურებასაც, განხილულ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ და მის გადაწყვეტამდე ნოტარიუსი არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს სანოტარო მოქმედება – გასცეს სამკვიდრო მოწმობა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ობიექტურად იმ გარემოების არსებობას, რომ 2007 წლის 30 აპრილის სანოტარო აქტი გაცემულ იქნა მხარეთა შორის სასამართლოში დავის არსებობის პერიოდში და სამკვიდრო მოწმობა გაიცა მამის - ს. შ-იას სამკვიდროში შემავალ ქონებაზე, რომელზედაც მემკვიდრეები დავობდნენ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნოტარიუს ნ. მ-იასა და მისი წარმომადგენლის - მ. პ-შვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სამკვიდრო მოწმობის იმ ნაწილის გაუქმებაზე, რამდენადაც იგი უშუალოდ მოსარჩელის ინტერესებს შეეხო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს გაყოფის თაობაზე აღძრული დავის გადაწყვეტაზე დამოკიდებულია სწორედ ის საკითხიც, რომ ის ქონება, რომელზედაც მოცემული სარჩელით სადავო სამკვიდრო მოწმობა იქნა გაცემული, ჩაითვლება თუ არა მ. შ-იას სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებად. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ 2007 წლის 30 აპრილის (რეესტრის ¹2-98) სამკვიდრო მოწმობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად გააუქმა მთლიანად.
სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული მოპასუხე დ. შ-იას მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. შ-იამ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 221-ე, 227-ე, 228-ე მუხლების მოთხოვნა; არასწორად განმარტა “ნოტარიუსის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის “გ” პუნქტი. პალატამ გამოიყენა სსკ-ის 1469-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება ქონების გაყოფის თაობაზე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. შ-იამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონება სოფელ დიღომში. სასამართლომ არ გაითვალისწინა სანოტარო აქტი და სოფელ დიღმის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 14.07. ¹122 პასუხი მის განცხადებაზე, რაც მოწმობს, რომ ს. შ-იას მეუღლემ კანონიერი მემკვიდრეობის მოწმობითა და ფლობით მიიღო სამკვიდრო, ასევე საქმეში არსებობს გადახდის ქვითარი, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო, სოფელ დიღმის უძრავ ქონებაზე.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში მოიპოვება ს. შ-იას თანხმობა ... მე-2 შესახვევში მდებარე ¹11 სახლის მის სახელზე გადაფორმებაზე. დ. შ-იას განმარტებით, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო 2005 წელს. ასევე, მისი თქმით, დადგენილია, რომ ს. შ-იას მეუღლე მ. შ-იამ 1993 წლის 1 აპრილს მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე იმის შესახებ, რომ სამკვიდრო მოწმობაში ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტები: მ. შ-ია და ს. შ-ია ცხოვრობდნენ თბილისში, ... ქუჩა 16-ის, ბინა 3-ში; მ. შ-იამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო მეუღლის ს. შ-იას სამკვიდრო _ სადავო მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე ქონება, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ არ გაიფორმა თავის სამემკვიდრეო უფლებები; დ. შ-ია არის მ. შ-იას პირველი რიგის მემკვიდრე შვილი; მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებული აქვს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ნოტარიუსთან 2004 წლის 21 თებერვალს განცხადების შეტანის გზით.
აღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ კასატორს არა აქვს შემოტანილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
როგორც ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, ნოტარიუსმა დაადგინა, რომ მ. შ-იამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო მეუღლე ს. შ-იას სამკვიდრო _ სადავო მცხეთის რაიონის სოფელ დიღომში მდებარე ქონება, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების წესს, რომლის თანახმად სამკვიდრო მიღებულად ითვლება სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანით ან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით ან მართვით.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის შინაარსი უკავშირდება მცხეთის რაიონში, სოფელ დიღომში მდებარე უძრავ ქონებას. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წესით უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ნივთების საკუთრების შეძენის წესს. ამდენად, უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, მასზე საკუთრების უფლების შეძენისათვის აუცილებელია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც არ განხორციელებულა. ამ დანაწესების დაცვის შემთხვევაში მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად.
სადავო სამკვიდრო მოწმობის პერიოდში მოქმედი “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის” 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა, ნოტარიუსი ვალდებულია, გამოითხოვოს ამ ინსტრუქციის მე-40-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდანN(მითითებული ინსტრუქციის მე-40 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ მ. შ-იას მიღებული ჰქონდა ს. შ-იას სამკვიდრო, ის ფაქტი, რომ მის სახელზე ეს ქონება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, უთითებს იმაზე, რომ მას არ შეუძენია ამ ქონებაზე საკუთრების უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სამკვიდრო მოწმობის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც, კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს სამკვიდრო მოწმობის გაცემის კანონიერებაზე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. შ-ია საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.