ას-265-249-2011 12 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ქ. ზ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ პ. და გ. ზ-შვილები (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ზ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. და გ. ზ-შვილების მიმართ მოპასუხეთა უღირს მემკვიდრეებად ცნობისა და მამის – ქ. ზ-შვილის სამკვიდროზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ შვილები თავს არიდებენ მშობელზე ზრუნვის ვალდებულების შესრულებას, ავიწროვებენ და სასტიკად ექცევიან მას.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ზ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით ქ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზაიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
პ. და გ. ზ-შვილები არიან ქ. ზ-შვილის შვილები. ქ. ზ-შვილის საკუთრებას წარმოადგენს ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე უძრავი ქონება. ქ. ზ-შვილი არის პენსიონერი და იღებს პენსიას 112 ლარის ოდენობით. იგი ცხოვრობს შვილებისაგან განცალკევებით.
პ. ზ-შვილი მუშაობს, ჰყავს ოჯახი, მეუღლე და 4 შვილი. გ. ზ-შვილი უმუშევარია. ჰყავს ოჯახი, მეუღლე და 2 შვილი. ქ. ზ-შვილი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, მხედველობითი პრობლემებიდან გამომდინარე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხეთა მიერ მშობელზე ზრუნვის მოვალეობისაგან თავის არიდების, მათი შევიწროებისა და მოპასუხეთა მხრიდან სასტიკი ქმედებების ფაქტი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სხდომაზე მოსარჩელის განმარტებაზე, რომ იგი მოპასუხეთა მხრიდან დახმარებას არ მიიღებდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1311-ე მუხლებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები წარმოადგენდნენ ქ. ზ-შვილის კანონისმიერ, პირველი რიგის მემკვიდრეებს. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეები ბოროტად თავს არიდებდნენ მშობლის რჩენის ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევის შესახებ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს არა ყველას, არამედ იმ პირს, რომელსაც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევდა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავადვე წარმოადგენდა სავარაუდო მამკვიდრებელს და უღირს მემკვიდრედ ცნობას მისთვის არავითარი ქონებრივი შედეგი არ მოყვებოდა. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს და იგი ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ შეიცავს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ზ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ დავის განხილვისას მას არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი პოზიცია. ასევე, სასამართლომ საქმე განიხილა «საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «ა», «ბ» და «დ» ქვეპუნქტების დარღვევით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ქ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ. ზ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უღირს მემკვიდრედ ცნობის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.