Facebook Twitter

ას-267-252-10 24 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “უნივერსალი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ შპს ,,უნივერსალის” მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – მოპასუხე შპს ,,უნივერსალს” მოსარჩელე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 9425 (ცხრა ათას ოთხას ოცდახუთი) ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,უნივერსალმა”. დავაში ასევე მესამე პირად ჩაერთო შპს ,,ენერგია XXI”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით საქმე განსაჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,უნივერსალის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 გადაწყვეტილება და დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე დაკმაყოფილდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი და შპს ,,უნივერსალს” საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 9425 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2005 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს ,,აწჰესს” და შპს ,,უნივერსალს” შორის დაიდო ¹116.01.09-8293 ხელშეკრულება.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,აწჰესი”-ს აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულება. სახელშეკრულებო თანხად განისაზღვრა 270000 ლარი.

2006 წლის 15 იანვარს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს ,,აწჰეს”-ს და შპს ,,უნივერსალს” შორის გაფორმდა შეთანხმება 2005 წლის 30 აგვისტოს ¹116.01.09-8293 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება 260619 ლარით.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შპს ,,უნივერსალს” გადაერიცხა 270000 ლარი. შპს ,,უნივერსალის” მიერ დაბრუნებულ იქნა 13237 ლარი. საქმეში ასევე წარმოდგენილია ოთხი მიღება-ჩაბარების აქტი.

შპს ,,უნივერსალის” მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე საერთო ჯამში შეადგინა 247338 ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შპს ,,უნივერსალს” გადაერიცხა 270000 ლარი, ხოლო მის მიერ შესრულებლი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 247338 ლარი, სხვაობა შეადგენს 22662 ლარს. შპს ,,უნივერსალმა” დააბრუნა 13237 ლარი, ამდენად ზედმეტად გადარიცხული დარჩა 9425 ლარი.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ანგარიშ-ფაქტურებით ვერ დადგინდება შესრულებულ სამუშაოთა ნუსხა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ 2006 წლის 30 იანვარს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხა შესწორებულია და აღნიშნული შესწორება არ არის დადასტურებული ორივე მხარის მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებლო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

ასევე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შპს ,,უნივერსალს” გადაერიცხა 2005 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 270000 ლარი, 2006 წლის 15 იანვარს ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება და სახელშეკრულებლო თანხად განისაზღვრა 260619 ლარი. ამასთანვე, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 247338 ლარი. ამდენად, ზედმეტად გადახდილი თანხა ვალდებულების გარეშეა ანაზღაურებული, რის გამოც მოსარჩელეს წარმოეშვა მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2010 წლის 17 მარტს საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,უნივერსალმა”.

კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე უნდა განეხილა არა სამოქალაქო საქმეთა პალატას, არამედ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ვინაიდან ხელშეკრულება დადებულ იქნა საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. კასატორის აზრით, კანონის მოთხოვნა დარღვეულ იქნა, როცა სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით გადასცა სამოქალაქო საქმეთა პალატას.

კასატორი თვლის, რომ, თუ სასამართლო მხარეებს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებს სათანადო მტკიცებულებად არ თვლის, მაშინ შპს ,,უნივერსალი” არ მიიჩნევა ,,ვითომ კრედიტორად”. საქმეში რჩება ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება რეალურად შესრულებული სამუშაოების ფასი _ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქმეში აღარ არსებობს დოკუმენტი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ანგარიშსწორებას, ვინაიდან გადმორიცხული თანხა შპს ,,უნივერსალის” მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერა უნდა უზრუნველეყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და არა შპს ,,უნივერსალს”. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ,,ინსპექტირების ჯგუფის” მიერ არ არის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, თავისთავად დაუშვებელია მიჩნეულ იქნეს უსაფუძლო გამდიდრების დასაბუთებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “უნივერსალის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “უნივერსალის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “უნივერსალის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

შპს “უნივერსალს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (471 ლარისა და 25 თეთრის) 70% - 329 ლარი და 87 თეთრი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.