საქმე # 330100118002443057
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N53აპ-19 ქ. თბილისი
პ.ა ნ., 53აპ-19 19 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ნ. პ.,ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ლ. მ-ისა და შპს „მ-ს“ ეპიზოდები) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6-6 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მ-ს“ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ლ. მ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 2 მარტიდან.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. პ-ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 1 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ-ი, გ-ის ქ. №--ში მდებარე სუვენირების მაღაზია „ვ-ში“, ნ. პ. თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველს – ლ. მ-ს და ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა საიუველირო ნივთების გადაცემა.
· 2018 წლის 1 მარტს, დაახლოებთ 17:10 საათზე, თ-ი, ა-ოს ქ. №---ში მდებარე მაღაზია „მ-ში“, ნ. პ. თავს დაესხა მაღაზიის კონსულტანტს – ი. ბ-ას და ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზია „მ-ში“ არსებულ, ჯამურად – 4980 ლარად ღირებულ სამკაულებს. აღნიშნულის შედეგად შპს „მ----ს“ მიადგა 4980 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ნ. პ-ას სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მესამედის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის – პირობითად ჩათვლას, ასევე – გასაჩივრებული განაჩენის დაზუსტებას ნივთმტკიცებათა ნაწილში და ნ. პ-ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთების მსჯავრდებულისათვის (ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისათვის) დაბრუნებას იმის გათვალისწინებით, რომ ნ. პ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს; ითანამშრომლა გამოძიებასთან; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი; არის ჯანმრთელობაშერყეული პირი – გადატანილი აქვს მწვავე სტაფილოკოკური სეფსისი, რამაც დაუტოვა თრომბის ჩამოყალიბებისაკენ მიდრეკილება; მიღებული ტრავმის გამო თავის ტვინზე ჩამოუყალიბდა კისტოზური წანაზარდი.
5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი სალომე კახიძე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ნ. პ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მოწმეების – მ. ა-ის, ნ. ს-ას, თ. ჩ-ის, დ. ს-ის, გ. გ-ისა და სხვათა ჩვენებები, პირის ამოცნობის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები, ამოღების ოქმები, ლ. მ-ის, ი. ბ-ს, ნ. ა-ისა და ნ. გ-ის გამოკითხვის ოქმები და სხვა), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ნ. პ-ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს. ამასთან, კასატორს ნ. პ-ას ბრალეულობის ნაწილში განაჩენის გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს.
2. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს – ნ. პ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს; როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა; ასევე ითვალისწინებს, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. პ-ას მიმართ უნდა გავრცელდეს ამ მუხლით დადგენილი შეღავათი და შეფარდებული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
3. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილია კანონიერად და ამ ნაწილში განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულებების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნ. პ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გავრცელების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ნ. პ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს:
4. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ლ. მ-ის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
5. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მ--ს“ ეპიზოდი) – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (შპს „მ---ს“ ეპიზოდი) შთანთქას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი (ლ. მ-ის ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
7. მსჯავრდებულ ნ. პ-ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 2 მარტიდან;
8. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე