Facebook Twitter

ას-268-253-2010 10 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. ბ-ური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ა-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ბ-ურის მიმართ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1984 წლის 17 მაისიდან მოსარჩელე ცხოვრობს ქ.თბილისში, ... ქ.¹40-ში მდებარე ბინაში, სადაც ბინის მესაკუთრე ე. მ-ძესთან დადებული ფორმადაუცველი წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს 28,55 კვ.მ ფართს, რეგისტრირებულია და იხდის კომუნალურ გადასახადებს. აღნიშნული ფართის სანაცვლოდ მოსარჩელემ ე.მ-ძეს გადაუხადა 9000 მანეთი, რომელიც 2007 წლისათვის 9068 ლარს შეესაბამება. ამჟამად ე. მ-ძის უფლებამონაცვლეა რ.ბ-ური, რომელთანაც სადავო საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელესა და ე.მ-ძეს შორის არანაირი ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ა.ა-იანის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის ასლზე ე.მ-ძის ხელმოწერა სადავოა. მოსარჩელე სადავო ფართში დარეგისტრირდა, როგორც სახლთმფლობელობის ერთ-ერთ მესაკუთრე ლ.გ-ანის ძმის ცოლი და წარმოადგენდა მდგმურს. ა.ა-იანს ბინაში 1996-2007 წლებში არ უცხოვრია, არამედ აქირავებდა მას, როგორც სავაჭრო ობიექტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ა-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ლ. ა-იანს გადაეცა საკუთრების უფლება მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე მდებარე ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹40-ში მდებარე სადგომის საბაზრო ღირებულების _ 16 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 10%-ის, კერძოდ, 1 650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხე რ. ბ-ურისათვის გადახდის სანაცვლოდ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-ურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ქ.თბილისში, ... ქ.¹40-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეა მოპასუხე რ. ბ-ური, რომელიც აღრიცხული იყო ზემოხსენებულ მისამართზე შენობა-ნაგებობის ¹1 და ¹2-დან პირველ სართულზე _ 67.65 კვ.მ, მეორე სართულზე _ 32.81 კვ.მ და სარდაფში არსებული 12.4 კვ.მ სათავსის მესაკუთრედ, რაც დადგინდა საჯარო რეესტრის ამონაწერით. 1984 წლის 17 მაისს მოსარჩელე ლ. ა-იანსა და ე. მ-ძეს შორის, ფორმის დაცვის გარეშე, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (ხელწერილი), რომლის თანახმადაც სახლის მესაკუთრემ ე. მ-ძემ ლ. ა-იანს 9 000 მანეთად მიჰყიდა სადავო საცხოვრებელი სადგომი. მოპასუხე ლ. ა-იანი სადავო საცხოვრებელ სადგომში დარეგისტრირდა 1984 წლის 17 მაისიდან და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მოპასუხე რ. ბ-ური წარმოადგენდა ე. მ-ძეის უფლებამონაცვლეს _ შვილს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილად, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ ნასყიდობის ხელწერილს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული დასკვნა ეფუძნება არა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, არამედ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებსა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ლ. ა-იანი 1984 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელ ფართზე და ასევე იხდის კომუნალურ გადასახადებს. დასახელებულ გარემოებებათა ერთობლიობაში განხილვისას სასამართლომ წარმოდგენილი ხელწერილის სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებად ჩათვალა, ხოლო ლ. ა-იანი, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ლი მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნია სადავო ფართის მოსარგებლედ. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ამავე კანონის მე-2 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით აპელანტს ლ. ა-იანის სასარგებლოდ სადავო საცხოვრებელი სადგომის გადაცემა შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ მართებულად დაეკისრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ლ. ა-იანის მიერ სასამართლოში წარდგენილი ხელწერილის ასლის მიღება მტკიცებულების სახით დაუშვებელი იყო, ვინაიდან აღნიშნული ხელწერილის ასლი სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნია, რისი უფლებამოსილებაც, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა ხსენებული მტკიცებულებები დედნების სახით, რაც სასამართლომ შეადარა საქმეში არსებულ ასლებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ბ-ურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა და თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ასლის სახით წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა დედანი წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში. პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი, როდესაც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მიიღო აღნიშნული დედნები და დაურთო საქმეს. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები მოსარჩელის მიერ ბინის ქირის გადახდის შესახებ არ შეუფასებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით რ. ბ-ურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. ბ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სადგომის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდის შედეგად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების მართლზომიერება. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის მტკიცებულებათა ასლების საფუძველზე საქმის განხილვის კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ლი მუხლის “ა” ქვეპუნქტს, მე-2 მუხლს, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ რ. ბ-ურს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 6 აპრილს მის მიერ გადახდილი 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ბ-ურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ რ. ბ-ურს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 70 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.