საქმე # 330802219003096845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№35I-19 ქ. თბილისი
ი. უ., 35I-19 26 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატ - ლ. კ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. უ-ის
თარჯიმან - ნ. ი-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2018 წლის 20 დეკემბერს თ-ის რესპუბლიკის ა-ის რაიონულმა სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ი. უ-ის დაკავების ბრძანება თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი. უ-ის მიერ თ-ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ი. უ. მივიდა თ-ის რესპუბლიკის ა-ის რაიონში, ე-ის ქ. №--ში მდებარე თ. ქ-ის სამუშაო ოფისში და ცეცხლსასროლი იარაღით დაიწყო უმისამართო სროლა, რა დროსაც თ. ქ-ის ნახვას მოითხოვდა. თ. ქ-ში მივიდა ი. უ-სთან და მოინდომა მისთვის ხელის შეშლა. ი. უ-იმ ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა თ. ქ-ის მიმართულებით და ესროლა. გასროლის შემდეგ მან დამატებით კიდევ ერთი ტყვია ესროლა თ. ქ-ს თავში, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ი. უ-ის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად თ. ქ-ში შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
3. ზემოაღნიშნული ქმედება ისჯება თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. ეს ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
4. 2019 წლის 11 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ი. უ-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
5. 2019 წლის 22 მარტს ი. უ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
6. 2019 წლის 23 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. უ-ის შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
7. 2019 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. უ-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2019 წლის 22 სექტემბრამდე.
8. 2019 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ი. უ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო ი. უ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა).
10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. უ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. უ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. უ., მაღალი ხარისხით, დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; მძიმე მდგომარეობაა თ-ის ციხეებში და პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო მომსახურებაზე; საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ზრდაზე; ი. უ-ის განმარტებით, მას არ ჰქონია თ. ქ-ის მოკვლის განზრახვა და ყველაფერი მოხდა შემთხვევით; როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ისე – კრიმინალური დაჯგუფების წევრების მხრიდან მას ემუქრება სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, თ-ის რესპუბლიკაში კი სახელმწიფოსგან მისი უსაფრთხოების დაცვის მოლოდინი მას არა აქვს; მაღალი ალბათობით, ის ვერ შეძლებს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას; გარდა ამისა, მისი პარტნიორი ქალი არის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს საქართველოში და გეგმავენ ქორწინების რეგისტრაციას. დაცვას მიაჩნია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ აშკარად დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-8 მუხლები.
11. სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ლ. კ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – ი. უ-იმ ასევე დაუჭირა მხარი ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
13. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ი. უ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 22 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ი. უ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თ-ის რესპუბლიკაში ი. უ-ის სდევნიდნენ გარდაცვლილის ოჯახის ან კრიმინალური დაჯგუფების წევრები და ექსტრადიციის შემთხვევაში მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს იმავე მტკიცების სტანდარტითა და გარემოებებით, რაც რელევანტურია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ეს კი გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს. ი. უ-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემომითითებული საკითხის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გამოთქმული მოსაზრება თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის შესახებ.
6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
7. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ი. უ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, მის მიმართ არ არსებობს რაიმე ნიშნით დევნის საფრთხე (ანიშნული დადასტურდა საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციითაც), რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.
8. საყურადღებოა ისიც, რომ თ-ის რესპუბლიკის მიერ მოწოდებულ მასალებში წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. უ. ისარგებლებს თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ-ის რესპუბლიკა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები თ-ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თ-ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ი. უ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციის შესაბამისად, ი. უ-ის უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. მართალია, სამინისტროს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე.
11. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ი. უ-იმ გასაუბრებისას განმარტა, თ-ის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი დედა, და და ძმა, ხოლო საქართველოს მოქალაქეა და საქართველოშივე ცხოვრობს მისი პარტნიორი ქალი, სახელად „ჟ-ა“, რომლის გვარი ვერ გაიხსენა, ასევე მიუთითა, რომ არ ჰყავთ შვილი, „ჟ-ას“ აქვს თ-ის რესპუბლიკაში ცხოვრების გამოცდილება, თუმცა ვერ დაასახელა კონკრეტული პერიოდი, როცა იგი ცხოვრობდა თ-ში. ი. უ-იმ ასევე დაასახელა პარტნიორი ქალის დაბადების თარიღი – --წ.. მითითებული დემოგრაფიული მონაცემებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ვერ მოიძებნა შესაბამისი პიროვნება.
12. გასათვალისწინებელია, რომ ი. უ. საქართველოში პირველად შემოვიდა უკანონოდ 2017 წლის იანვარში, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 თებერვლის განაჩენით მას მსჯავრი დაედო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებისათვის და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2018 წლის 25 სექტემბრიდან 2019 წლის 22 მარტამდე ი. უ. სასჯელის მოსახდელად მოთავსებული იყო შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2019 წლის 22 მარტიდან იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრების გამოცდილება, თ-ის რესპუბლიკაში კი ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები. ასეთ ვითარებაში ი. უ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. უ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე