ას-271-256-2010 10 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის ლ. ც-ძის (წარმომადგენელი ლ. ჩ-ძე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე, მ. ს-ავასა და დ. ს-ავას კანონიერი წარმომადგენლის ლ. ც-ძის სარჩელის გამო კ. ს-ავას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით კასატორებს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის ან ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ისინი იღებენ საარსებო შემწეობას.
2010 წლის 20 აპრილს კასატორების წარმომადგენელმა ლ. ჩ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა კასატორების სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლება იმ საფუძვლით, მ. და დ. ს-ავები სკოლის მოსწავლეები არიან და მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. და დ. ს-ავების წარმომადგენლის ლ. ჩ-ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორებს გაუგრძელდათ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალათ მათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის ან იმის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, რომ იღებენ საარსებო შემწეობას.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორების წარმომადგენელ ლ. ჩ-ძეს გაეგზავნა 2010 წლის 11 მაისს. განჩინების ასლი მას პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 13 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ტ.II, ს.ფ. 275).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. და დ. ს-ავების კანონიერი წარმომადგენლის ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.