ას-27-22-2010 14 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.... მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.589 და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (დადგენილებები ბაგა-ბაღების დირექტორთა კონკურსის გამოცხადებისა და დირექტორთა გათავისუფლების თაობაზე)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ.კ-ძემ, მ. მ-ძემ და ე. ჩ-შვილმა მოპასუხე ქ.... მთავრობის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ... მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹... დადგენილებისა და ამ დადგენილებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან (ტომი I, ს.ფ. 2-3).
2007 წლის 28 დეკემბერს მ. კ-ძემ, მანანა მ-ძემ და ე. ჩ-შვილმა კვლავ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ... მთავრობის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოდან მათი გათავისუფლების შესახებ ... მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹... დადგენილების ბათილად ცნობა (ტომი II, ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელებით განსახილველი საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი 1, ს.ფ. 78).
2008 წლის 25 იანვარს საქმის განმხილველ საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელეების წარმომადგენელმა მ.ლ-ანმა, რომელმაც მოითხოვა ქ.... ¹..., ¹... და ¹.... ბაგა-ბაღების დირექტორების კონკურსის გამოცხადების ნაწილში ... მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹... დადგენილებისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა, დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან (ტომი 1, ს.ფ. 84-85).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. კ-ძის, მ. მ-ძის და ე. ჩ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი 1, ს.ფ. 94-99).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის, მ. მ-ძისა და ე. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹... დადგენილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქ.... ¹137, ¹142 და ¹... საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების კონკურსის გამოცხადების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ.... მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹... დადგენილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქ. .... ¹..., ¹... და ¹... საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებთან _ მ. კ-ძესთან, მ. მ-ძესთან და ე. ჩ-შვილთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში; აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და მ. კ-ძეს, მ. მ-ძეს, ე. ჩ-შვილს გაუგრძელდათ შრომითი ურთიერთობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქ. ... ¹..., ¹... და ¹... საბავშვო ბაგა-ბაღებში, ქ.... მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹..., ¹... და ¹... დადგენილებების საფუძველზე (ტომი I, ს.ფ. 190-196).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. .... მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 205-215).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ... მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ძის, მ. მ-ძისა და ე. ჩ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 3, ს.ფ. 37-46).
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 3, ს.ფ. 52-66).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მ. კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და იგი განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ტომი 3, ს.ფ. 88-96).
საბოლოოდ, საქმე დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განხილვას (ტომი 3, ს.ფ. 149-156), რომლის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ... მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შემდეგში მდგომარეობდა:
ქ. ... მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹... დადგენილებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ქ. ... ¹..-ე საბავშვო ბაგა-ბაღი;
დასახელებული დადგენილების საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ქ. ... ¹..-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორად დაინიშნა მ. კ-ძე;
ქ. ... მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹... დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ქ. ... ¹... საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე მ. კ-ძე დაინიშნა განსაზღვრული ვადით, მასთან გაფორმებული უნდა ყოფილიყო შრომითი ხელშეკრულება;
შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ გაფორმებულა (აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, აგრეთვე, ქ. ... მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 22 ივლისის ¹10/54095 ცნობით);
ქ. ... მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹... დადგენილებით ქ. ... სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე, გამოცხადდა კონკურსი;
ამავე დადგენილებაზე თანდართული ¹1 დანართის შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე;
აღნიშნული დანართით კონკურსი, ასევე, გამოცხადდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქ. ... ¹... საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე;
კონკურსის გამოცხადების დროისათვის მოსარჩელეს კვლავ ეკავა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორის თანამდებობა (აღნიშნული გარემოება მოპასუხეს არ გაუხდია სადაოდ);
ქ. ... მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹... დადგენილებების საფუძველზე, ქ. ... მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹... დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქ. ... ¹... საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა სხვა პირი, ხოლო მოსარჩელესთან შეწყვეტილ იქნა შრომითი ურთიერთობა;
დადგენილებაში მითითებული არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი;
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელეს მიეცა ფულადი კომპენსაცია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა ქ. ... მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹... დადგენილება. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე, მათ შორის, მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქ. ... მთავრობის აღნიშნული მოქმედებით არ დარღვეულა მოსარჩელის უფლება. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში თავად აღნიშნა, რომ კონკურსის ჩატარება არ იწვევს მუშაკთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. განსახილველ შემთხვევაშიც ასე მოხდა, კერძოდ, მოსარჩელის უფლება დაირღვა (თუკი ასეთს ადგილი ჰქონდა) არა კონკურსის გამოცხადების შესახებ აქტით, არამედ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემული 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილებით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შერჩევის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. პალატამ აღნიშნა, რომ პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ უთითებდა იმ უფლების თაობაზე, რაც კონკურსის გამოცხადების შესახებ ქ. ... მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹... აქტით შეეზღუდა, დაერღვა ან შეელახა ან რომელი ასეთი უფლება აღუდგება მოსარჩელეს ამ დადგენილების უკანონოდ აღიარების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის, თუნდაც სუბიექტური დამოკიდებულება თავისად დაგულებული უფლების მიმართ, არ წარმოადგენდა სხვის მიერ განხორციელებული მოქმედების არალეგიტიმურად ცნობისათვის საკმარის საფუძველს. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის უფლება მატერიალური თვალსაზრისით და კანონით გათვალისწინებული ინტერესი, რაც უნდა იყოს კანონმდებლობიდან გამომდინარე და იგი სამომავლოდ სარჩელის წარმდგენი პირის კანონიერი უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას იძლეოდეს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადებით, მათ შორის, მოსარჩელის მიერ უკვე დაკავებულ თანამდებობაზე, არ შელახულა მოსარჩელის შრომითი უფლება, რადგან კონკურსის გამოცხადებით არ მომხდარა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ამდენად, აღნიშნული აქტის არაკანონიერად აღიარებისათვის მოსარჩელეს არ გააჩნდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის მე-5 მუხლი დამსაქმებელს ინდივიდუალურად უწესებს გარკვეულ _ კონკურსის გამოცხადების უფლებას და შრომის კოდექსი არ შეიცავს აკრძალვას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციას არ შეუძლია კონკურსი გამოაცხადოს თუნდაც არავაკანტურ თანამდებობაზე. ამგვარი ნეგატიური დანაწესი არ არის რეგლამენტირებული მოქმედ შრომის კოდექსში. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კონკურსის შედეგების გამოვლენამდე არ მოხდეს ერთგვარი წყვეტა რომელიმე სამუშაოს შესრულებისას. ამდენად, დამსაქმებლის აღნიშნული უფლება _ კონკურსის გამოცხადება _ კონკრეტულ შემთხვევაში არ გადაკვეთს მოსარჩელის უფლებების არეალს.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ქ. ... მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹... დადგენილების უკანონოდ გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი.
ქ. ... 2007 წლის 24 სექტემბრის ¹... დადგენილების გაუქმების მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ დადგენილებით განხორციელდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გამოსარკვევი, დაირღვა თუ არა მოსარჩელის უფლება დასაქმებაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, რა დროსაც შესაძლებელია შეწყდეს შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. კ-ძესთან, როგორც დასაქმებულთან, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა ადმინისტრაციის მხრიდან შრომის ხელშეკრულების მოშლით, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი. შესაბამისად, ქ.თბილისის მერიას კანონი არ დაურღვევია (ტომი 4, ს.ფ. 13-23).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მანანა კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით, მასში მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ უფლებას შრომაზე, აღნიშნული სახელმწიფოები ვალდებულნი არიან თითოეული ადამიანის უფლებაზე შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებთან მიმართებით. კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია შრომის კოდექსის მოთხოვნები, რამდენადაც მუშაკის შვებულებაში ყოფნის პერიოდში კანონი კრძალავს მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე რაიმე სახის ბრძანების გამოცემას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 61-ე მუხლებით მკაფიოდაა განსაზღვრული, თუ რის საფუძველზეა ბათილი ნებისმიერი გარიგება. სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხონები. სასამართლომ არ დაასაბუთა, ფაქტობრივად როგორ განახორციელა მოწინააღმდეგე მხარემ ადმინისტრაციული აქტის მიღება და მისი სამართლებრივი შედეგები (ტომი 4, ს.ფ. 28-35).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ მ. კ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.