Facebook Twitter

ას-272-256-2011 16 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ჩ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. თ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სამისდღემშიო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. თ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჩ-შვილის მიმართ და მოითხოვა შ. თ-ძესა და ნ. ჩ-შვილს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, გ. თ-ძის საკუთრებაში არსებული სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში, მდებარე უძრავი ქონების, ხელშეკრულებიდან ამორიცხვა და შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში მდებარე უძრავი ქონება არ წარმოადგენს გ. თ-ძის საკუთრებას, სამკივდრო მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღია და მოთხოვნა ხანდაზმულია.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ძის (გ. თ-ძის) უფლებამონაცვლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრა ნ. თ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ნ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურში სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონების ½1/2 ნაწილზე ნ. ჩ-შვილის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი. სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2½ ნაწილი აღირიცხა გ. თ-ძის უფლებამონაცვლის, ნ. თ-ძის სახელზე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თავდაპირველი მოსარჩელის – გ. თ-ძის მამა ა. თ-ძე ცხოვრობდა ქ.სამტრედიაში ...ს ქ.¹13-ში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მას სხვა სამკვიდრო ქონება, გარდა ქ.სამტრედიაში ...ს ქ.¹13-ში არსებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთისა, არ დარჩენია. თავდაპირველი მოსარჩელე – გ. თ-ძე იყო ა. თ-ძის შვილი პირველი ქორწინებიდან. ა. თ-ძეს გ-ის გარდა ჰყავდა კიდევ ქალიშვილი, რომელიც ბავშვობიდანვე საცხოვრებლად კახეთის რეგიონში გაგზავნეს. ა. თ-ძე მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა 1977 წლის 29 სექტემბრიდან შ. ჭ-თან, რომელმაც ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – თ-ძე. შ. თ-ძეს შვილი არ ჰყოლია. გ. თ-ძე და ნ. ხ-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1960 წლის 10 სექტემბრიდან. გ. თ-ძე გარდაიცვალა 2009 წლის 8 ნოემბერს, ისინი 1960-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ ქ.ბათუმში. 1989 წლის 6 ივნისს ა. თააძის ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ა. თ-ძის სამკვიდრო სამტრედიაში, ...ს (ამჟამად ...ს ქუჩის) ქ.¹13-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი თანაბარწილად ერგოთ მის მეუღლე შ. თ-ძეს და შვილს გ. თ-ძეს. დადგენილია, რომ გ. თ-ძეს მამკვდრებლის გარდაცვალების შემდეგ არ უცხოვრია სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. გ. თ-ძის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო მიიღო მისმა მეუღლე ნ. თ-ძემ და მოცემულ საქმეში ჩაერთო მის უფლებამონაცვლედ. სამტრედიის ქალაქის გამგეობის 2003 წლის 30 აგვისტოს ¹33 გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის 2004 წლის 14 სექტემბრის აქტით, ვინაიდან დამწვარი იყო ქ. სამტრედიაში მდებარე ტექაღრიცხვის ბიუროს შენობა და არ არსებობდა მონაცემები საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა თაობაზე, სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში არსებული საცხოვრებელი სახლი მიაკუთვნა შ. თ-ძეს, რაც გახდა საფუძველი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებისა და ...ს ქ.¹13-ში არსებული საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ შ. თ-ძის სახელზე. მოსარჩელემ აღნიშნულის შეტყობის შემდეგ მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც 2008 წლის 23 სექტემბრის ¹667 ბრძანებით არარად აღიარა კომისიის 2004 წლის 14 სექტემბრის აქტი, თუმცა სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული მონაცემები არ შეცვლილა და ...ს ქ.¹13-ში არსებული საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით დარჩა მხოლოდ შ. თ-ძის სახელზე. შ. თ-ძემ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დაარეგისტრირა ჯერ გივი ჭკუასელთან 2007 წლის 15 მარტს, რომელიც გააუქმა 2007 წლის 27 ნოემბერს, ხოლო შემდგომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნ. ჩ-შვილთან დაარეგისტრირა 2007 წლის 13 დეკემბერს. მოსარჩელეს 2007 წლის 4 დეკემბერს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ეცნობა აღნიშნულის თაობაზე და ისიც, რომ იმ მომენტისათვის სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში არსებული საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული იყო მხოლოდ შ. თ-ძის სახელზე, თუმცა რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით იმ პერიოდისათვის მოსარჩელეს სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ მიუმართავს. შ. თ-ძე გარდაიცვალა 2008 წლის 28 აგვისტოს. საჯარო რეესტრის ამონაწერით სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში არსებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ნ. ჩ-შვილს, რომლის საფუძველს წარმოადგენს 2007 წლის 3 დეკემბრის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებულ იქნა სარეგისტრაციო სამსახურში ათი დღის შემდეგ – 13 დეკემბერს.

ასევე დადგენილია რომ ნ. ჩ-შვილი არის შ. თ-ძის ძმის შვილის მეუღლე, რომელიც 1993 წლიდან ცოლშვილთან ერთად ცხოვრობდა შ. თ-ძესთან, ზრუნავდა და უვლიდა მოხუცს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე კ. ხ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ შ. თ-ძესა და გ. თ-ძეს კონფლიქტი ჰქონდათ სახლის გაყოფასთან დაკავშირებით.

პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ა. თ-ძის სამკვიდრო გაიხსნა მისი გარდაცვალების დღიდან 1988 წლიდან, ამ პერიოდის ურთიერთობის შეფასებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. (1964 წლის რედაქციით), რომლის 556-ე მუხლის თანახმად პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ-ძემ მიიღო ა. თ-ძის დანაშთი სამკვიდროს ½1/2 ნაწილი და წარმოადგენდა მის მესაკუთრეს.

მოპასუხე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუველზე გ. თ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული არ ყოფილა და მხოლოდ შ. თ-ძის საკუთრებას წარმოადგენდა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ სამტრედიის ქალაქის გამგეობის 2003 წლის 30 აგვისტოს ¹33 გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის 2004 წლის 14 სექტემბრის აქტი, რომლის საფუძველზედაც სამტრედიაში, ...ს ქ.¹13-ში არსებული საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ შ. თ-ძის სახელზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 23 სექტემბრის ¹667 ბრძანებით არარად იქნა აღიარებული, ხოლო მოპასუხეს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან ა. თ-ძის დანაშთი ქონება თანაბარ 1/2½ ნაწილში მიიღო შ. თ-ძემ და გ. თ-ძემ, სწორედ ნაწილის ქონების მესაკუთრე გახდა შ. თ-ძე და მას უფლება ჰქონდა, სამისდღეშიო ხელშეკრულების დადებისას მხოლოდ მისი წილი საკუთრება განეკარგა. პალატამ მიიჩნია, რომ შ. თ-ძემ 2007 წლის 3 დეკემბრის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით განკარგა იმაზე მეტი ქონება, რაც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა, რაც მოიცავდა გ. თ-ძის ნაწილს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 61-ე და 102-ე მუხლის თანახმად, სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება ბათილია.

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ უფლების შემძენს ტვირთად ადევს რეესტრის არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის მიმართ ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოების ცოდნა, რომელიც აღემატება (სცილდება) მისი შესაძლებლობის ფარგლებს. შემძენის კეთილსინდისიერების დადგენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინება, ასეთ შემთხვევაში არსებითი საკითხია მესაკუთრის ვინაობისადმი შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება, ანუ უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა არ იცოდა ქონების სხვა მესაკუთრის, უზუსტო ჩანაწერის ან ამ ქონებაზე დავის არსებობის თაობაზე, ანუ უნდა გაირკვევს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შ. თ-ძის მიერ განკარგულია უძრავი ქონების ის ნაწილიც, რაც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ამასთან ამ ქონებასთან დაკავშირებით, მამკვიდრებელ, ა. თ-ძის გარდაცვალების შემდეგ, ათეული წლები არსებობდა დავა შ. თ-ძესა და გ. თ-ძეს შორის და დავის მიმდინარეობისას, 1993 წლიდან, ნ. ჩ-შვილი ცხოვრობდა შ. თ-ძესთან ერთ ოჯახად, უვლიდა და პატრონობდა მას. ამ გარემოებების გათალისწინებით პალატას დადასტურებულად მიიჩნია, ის ფაქტი, რომ ნ. ჩ-შვილისათვის ცნობილი იყო ქონებაზე დავის არსებობის შესახებ. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მისი მოსაზრება, რომ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადებისას იგი წარმოადგენდა კეთილსინდისიერს და მის მიმართ უნდა გავრცელდეს რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუფმცია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიიღება შემდეგი დასაბუთებით: გ. თ-ძეს სამკვიდრო მოწმობა ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც დადასტურებული მტკიცებულებებით, მან 20 წლის შემდეგ მოითხოვა წილი. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, კასატორმა ქონების გადაცემის დროისათვის იცოდა, რომ შ. თ-ძე იყო ქონების მესაკთრე და ასეთად იყო ის დარეგისტრირებული სამი წლის წინაც. მას ჰქონდა ნდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ. გ. თ-ძემ ქონების მიღების შემდეგ შეიტანა საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლე აღნიშნავს 1988 წლიდან ვერ იყენედა ქონებას, არ ზრუნავდა, არ იცავდა, ხარჯებს არ იღებდა, არ აუმჯობესებდა 1960 წელს აშენებულ ხის სახლში მის წილ ქონებას. თუ ნახევარ წილს ის თავისად მიიჩნევდა დაიცავდა კიდეც, განკარგავდა და სხვის სახლში არ გაათევდა ღამეს. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) მე-6 თავის, 75-ე მუხლი. რადგანაც სამკვიდრო მოწმობის მიღებიდან კიდევ 8 წელი მოქმედებდა ეს კოდექსი. 1988 წლიდანვე ცნობილი იყო გ. თ-ძისათვის, რომ შ. მთლიანი ქონების მესაკუთრედ მიიჩნევდა თავს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებიდან უტყუარად დასტურდება, რომ შ. თ-ძე სიცოცხლის ბოლომდე თავს თვლიდა მთლიანი ქონების მესაკუთრედ. შ. დარწმუნებული იყო, რომ მეუღლემ ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაუტოვა მთლიანი ქონება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია, სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების თანახმად, სამიდღემშიო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-შვილის უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ნ. ჩ-შვილის მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.