ას-272-257-2010 17 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. შპს “ა-ი” (მოსარჩელე)
2. შპს “მ-ა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ პარტნიორისათვის საწარმოს ფინანსური მდგომარეობის დოკუმენტაციის მიწოდება, კომპანიის საქმიანობის შესამოწმებლად აუდიტორის დაშვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ა-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “მ-ისა” და შპს “აბ-ის” მიმართ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის მიწოდებისა და კომპანიის საქმიანობის შესამოწმებლად აუდიტორის დაშვების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: შპს „ა-ი“ წარმოადგენს შპს „მ-ის“ დამფუძნებელი პარტნიორების – ნ. კ-ძის (9% წილის მფლობელი), ი. ს-შვილის (8%-ის მფლობელი), დ. კ-ძის (32% წილის მფლობელი) და მ. ს-ძის (5% წილის მფლობელი), სულ 44%-ის მფლობელი პარტნიორების მინდობილ პირს, აღნიშნული მინდობილობის ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია, მინდობილობის გამცემის სახელით განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეათე პუნქტით პარტნიორისათვის მინიჭებული უფლება და მიიღოს შპს „მ-ისაგან“ წლიური ანგარიში და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით. ასევე, მინდობილობის გამცემის სახელით განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მეოთხე პუნქტით პარტნიორისათვის მინიჭებული უფლება და მოსთხოვოს შპს „მ-ის“ დირექტორს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და საზოგადოების ჩანაწერების გაცნობა, განახორციელოს აღნიშნული უფლებამოსილება შპს „აბ-ის“ მიმართ, როგორც ამ საზოგადოების 90% წილის მფლობელის _ შპს „მ-ის“ პარტნიორების მინდობილმა პირმა.
ამასთან, შპს „მ-ის“ პარტნიორმა მ. ს-ძემ შპს „ა-ს“ მინდობილობით გადასცა თავისი წილის მართვის უფლება პარტნიორთა კრებაზე დასწრების, ხმის მიცემისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებით.
შპს „მ-ის“ ზემოაღნიშნულმა პარტნიორებმა შპს „ა-ს“ ხელშეკრულებით დაუთმეს დივიდენდების მოთხოვნის უფლება 2005-2008 წლების საქმიანობის ფინანსური შედეგებიდან გამომდინარე, აგრეთვე ყველა დამატებითი მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი მოთხოვნიდან. აღნიშნული ხელშეკრულებებით, შპს „ა-ი“ არის შპს „მ-ის“ მითითებული ყველა პარტნიორის უფლებამონაცვლე მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობაში და იკავებს მათ ადგილს მოთხოვნის წარმომშობ და მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილ ნებისმიერ ურთიერთობაში.
ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, გაეცნოს მოპასუხე კომპანიების წლიურ ანგარიშებს, ბალანსებს, საფინანსო დოკუმენტაციასა და პარტნიორთა კრებების ოქმებს.
2008 წლის 4 ივნისის, კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზაციის მიზნით, შპს „ა-მა“ წერილით მიმართა შპს „მ-ას“ და მოითხოვა ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან მის მიერ დაქირავებული აუდიტების დაშვება შესაბამისი საბუთების ადგილზე შესწავლისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ასლების გადაღების მიზნით. ამავე წერილით შპს „მ-ას“ ეთხოვა, მიემართა შპს „აბ-ისათვის“, რათა დაეშვათ აუდიტები იგივე მიზნით, რადგან შპს „მ-ა“ წარმოადგენს შპს „აბ-ის“ 90% წილის მფლობელ პარტნიორს. იგივე შინაარსის წერილი გაეგზავნა შპს „აბ-ს”.
აღნიშნულის მიუხედავად, შპს „ა-მა“ თავის კანონიერ მოთხოვნაზე ორივე კომპანიისაგან მიიღო დაუსაბუთებელი უარი, რაც ლახავს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე უშუალოდ შპს “აბ-ის” პარტნიორის წარმომადგენელი არ არის, შესაბამისად, შპს “ა-სა” და მის მარწმუნებლებს უფლება არა აქვთ, მოითხოვონ სადავო ინფორმაციის მიღება. ამასთან, შპს “აბ-ის” ...ის დამფუძნებელია ქ.თბილისის მერია, რომელთანაც შეთანხმების გარეშე აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
მოპასუხე შპს “მ-ამ” უარი განაცხადა სადავო ინფორმაციის გაცემაზე, ვინაიდან გააჩნია დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია გამოყენებულ იქნება კომპანიის ინტერესთა საზიანოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად დარჩა შპს “ა-ის“ სარჩელი, როგორც მ. ს-ძისა და ნ. კ-ძის წარმომადგენლის მიერ საწარმოდან დოკუმენტაციის გამოთხოვის ნაწილში, ხოლო 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს “აბ-ის“ მიმართ მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “მ-ას“ დაევალა შპს “ა-ისათვის“ კომპანიის 2005-2007 საანგარიშო წლების ფინანსური დოკუმენტაციის, მათ შორის, წლიური ბალანსების, პარტნიორთა კრების ოქმების ასლებისა და 2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ინვენტარიზაციის (სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების) აქტის ასლის გადაცემა, შპს “მ-ას“ დაევალა წლიური ანგარიშების სისწორის შესამოწმებლად და ამ მიზნით საზოგადოების დოკუმენტაციის გასაცნობად შპს “ა-ის“ მიერ დაქირავებული აუდიტორის დაშვება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “მ-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “მ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ა-ის“, როგორც დ. კ-კის მინდობილი პირის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “მ-ას“ დაევალა მოსარჩელე შპს ,ა-ს“, როგორც დ. კ-კის მინდობილ პირს გადასცეს კომპანიის 2005-2007 საანგარიშო წლების ფინანსური დოკუმენტაციის, მათ შორის, წლიური ბალანსებისა და პარტნიორთა კრების ოქმების ასლები, 2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ინვენტარიზაციის (სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების) აქტის ასლი, შპს “მ-ას“ დაევალა წლიური ანგარიშების სისწორის შესამოწმებლად და ამ მიზნით საზოგადოების დოკუმენტაციის გასაცნობად შპს “ა-ის“ მიერ დაქირავებული აუდიტორის დაშვება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დ. კ-კი არის შპს „მ-ის“ კაპიტალის 22% წილის მფლობელი პარტნიორი. შპს „ა-ი“ წარმოადგენს შპს „მ-ის“ დამფუძნებელ პარტნიორთან მინდობილ პირს, რომლითაც მოსარჩელე უფლებამოსილია, მინდობილობის გამცემის სახელით განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეათე პუნქტით პარტნიორისათვის მინიჭებული უფლება და მიიღოს შპს „მ-ისაგან“ წლიური ანგარიში და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის ვარაუდი კომპანიიდან მიღებული ინფორმაციის მოსარჩელე დ. კ-კის, როგორც საზოგადოების პარტნიორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ გამოყენების თაობაზე, რადგან განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ კომპანიიდან მიღებული ინფორმაცია დ. კ-კმა, როგორც საზოგადოების პარტნიორმა კომპანიის ინტერესების საზიანოდ გამოიყენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა და შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. მხარის მიერ იმ გარემოებათა დამტკიცება, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ იქნა არგუმენტირებული საზოგადოების პარტნიორ დ. კ-კთან მიმართებით. იმავე საფუძვლებით სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ შეფასებულა შპს „მ-ის“ მიერ წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შპს „ა-ი“ აღარ არის ი. ს-შვილის, როგორც პარტნიორის უფლებამოსილი პირი, რასაც ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე დართული თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 16 ოქტომბრის ¹01/01-04/09-1896 განკარგულება, პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტით ი. ს-შვილმა, როგორც შპს „მ-ის“ პარტნიორმა თავისი წილი ამ საზოგადოებაში დაკარგა სესხის გადაუხდელობის გამო, მისი 8%-იანი წილი შპს „მ-ის“ საწესდებო კაპიტალში ნატურით გადაეცა კრედიტორს _ შპს „აბ-ს“, შესაბამისად, ი. ს-შვილი არ წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორს, ხოლო შპს „ა-ი“ აღარ არის ი. ს-შვილის, როგორც პარტნიორის უფლებამოსილი პირი, რის გამოც მას არა აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით მინიჭებული საზოგადოების წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ა-ის“, როგორც ი. ს-შვილის მინდობილი პირის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს “ა-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 2009 წლის 16 ოქტომბრის ¹01/01-04/09-1896 სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე ი. ს-შვილი აღარ წარმოადგენს შპს „მ-ის“ პარტნიორს, შესაბამისად, კასატორი აღარ არის ი. ს-შვილის, როგორც პარტნიორის უფლებამოსილი პირი, ამდენად, მას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეათე პუნქტით მინიჭებული საზოგადოების წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება აღარ აქვს. სასამართლომ ზემოხსენებული ნორმა არასწორად განმარტა. ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ი. ს-შვილი აღარ წარმოადგენს შპს „მ-ის“ პარტნიორს, არ ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს “ა-ის”, როგორც დ. კ-კის წარმომადგენლის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს “მ-ამ” შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებთ სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით: სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ კასატორმა შპს “ა-ისა” და მ. ს-ძისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა იმ დასაბუთებული ეჭვის გამო, რომ აღნიშნული პირები ინფორმაციას გამოიყენებდნენ საზოგადოების საზიანოდ. მითითებული ეჭვს საფუძვლად უდევს დასახელებულ პირთა მიერ წლების განმავლობაში კასატორის საწინააღმდეგოდ მიმართული საქმიანობა. არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ კასატორმა დ. კ-კთან, როგორც შპს “ა-ის” წარმომადგენელთან დაკავშირებით შესაბამისი დასაბუთება ვერ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ შპს “ა-ს” ერიცხება 300 000 ლარის ოდენობის დავალიანება კასატორის მიმართ, რომელსაც იგი შეგნებულად არ იხდის. ამდენად, შპს “მ-ის” დოკუმენტაციის შემოწმება მიზნად ისახავს არა ჩვეულებრივად ინფორმაციის მოპოვებას, არამედ ისეთი შესაძლო დარღვევის აღმოჩენას, რაც აიძულებს კასატორს, უარი თქვას ზემოხსენებული დავალების ანაზღაურების უფლებაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით _ შპს “მ-ის”, ხოლო 14 აპრილის განჩინებით შპს “ა-ის” საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “მ-ისა” და შპს “ა-ის” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია პარტნიორის მიერ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობის, ასლების გადაღებისა და შემოწმების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მეათე პუნქტისა და 46-ე მუხლის მეოთხე პუნქტის დანაწესებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ა-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ჩ-იასა და შპს “ა-ის” მიერ 2010 წლის 7 აპრილს, ასევე შპს “მ-ას” _ ა. თ-არის მიერ 2010 წლის 6 აპრილს გადახდილი 300 ლარის 70%, თითოეულს _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ა-ისა” და შპს “მ-ის” საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
შპს “ა-ს” დაუბრუნდეს მ. ჩ-იასა და შპს “ა-ის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
შპს “მ-ას” დაუბრუნდეს ა. თ-არის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.