ას-273-257-2011 7 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. ვ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გაზეთ «ს. ქ-ს» რედაქცია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ვ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გაზეთ «ს. ქ-ს» რედაქციის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და საჯაროდ ბოდიშის მოხდის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, რაც მოსარჩელე ვ. ვ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ვ. ვ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ვ-იამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ვ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს ერთთვიან ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება გაეგზავნა ვ. ვ-იასა და მის წარმომადგენელ ნ. ძ-შვილს და ადრესატთაგან პირველად სასამართლო შეტყობინება წარმომადგენელ ნ. ძ-შვილის მისამართზე 2011 წლის 5 იანვარს ჩაბარდა ადვოკატ გ. შ-იას (იხ.ტ.II, ს.ფ.133).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონმდებელი მითითებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარებას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დასაწყისად.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენლისათვის გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის დასაბუთებული განჩინების 2011 წლის 5 იანვარს ადვოკატ გ. შ-იასათვის ჩაბარება განხილულ უნდა იქნას როგორც უშუალოდ ნ. ძ-შვილის, ისე ვ. ვ-იასათვის ჩაბარებად. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2011 წლის 6 იანვარს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 6 თებერვალი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, საპროცესო ვადის დენა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს _ 7 თებერვალს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი კონვერტი, რომელსაც დასმული აქვს სასჯელაღსრულების ¹6 დაწესებულების ბეჭედი, არ შეიცავს მისი სასამართლოსათვის გაგზავნის დროის შესახებ ინფორმაციას (არ არის მითითებული კორესპოდენციის გაგზავნის თარიღი), თუმცა თავად მიმართვაცა და საკასაციო საჩივარიც შედგენილია 2011 წლის 8 თებერვალს (იხ. ს.ფ.135; 146, ტ.II) რაც თავისთავად გამორიცხავს საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში შეტანის შესაძლებლობას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემული საკასაციო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დარღვევით, არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ვ-იას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.