ას-274-259-2010 5 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ თ. კ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. თ-ავა, ნ. თ-ავა, მ. თ-ავა
განხილვის საგანი _ უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით თ. კ-ავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება თ. კ-ავასათვის სამკვიდრო წილის გამოყოფაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. კ-ავას სარჩელი ქობულეთში, ... ქ. ¹193-ში მდებარე სახლიდან სამკვიდრო წილის გამოყოფის ნაწილში დაკმაყოფილდა; თ. კ-ავა ცნობილ იქნა ქობულეთში, ... ქ. ¹193-ში მდებარე სახლის 1/2 ნაწილში მემკვიდრედ და მესაკუთრედ, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი 1994 წლის 29 აგვისტოს ე. თ-ავას სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და ქობულეთში, ... ქ. ¹193-ში მდებარე სახლის 1/2 ნაწილი აღირიცხა თ. კ-ავას საკუთრებად; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. კ-ავამ. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართად მითითებულია: ქობულეთი, ... ქ. ¹139, ნაცვლად მისამართისა: ქობულეთი, ... ქ. ¹193. განმცხადებელი ითხოვს გადაწყვეტილებაში დაშვებული ზემოაღნიშნული უსწორობის გასწორებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თ. კ-ავას განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში ნაცვლად სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართისა: ქობულეთი, ... ქ. ¹193, მითითებულია: ქობულეთი, ... ქ. ¹139.
ზემოაღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოცემული საქმის წარმოების მასალები ხშირ შემთხვევაში სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართად მიუთითებს მისამართზე: ქობულეთი, ... ქ. ¹139.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული გარემოება, როგორც გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, ექვემდებარება გასწორებას. აქედან გამომდინარე, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართისა: ქობულეთი, ... ქ. ¹139, მიეთითოს: ქობულეთი, ... ქ. ¹193.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და ნაცვლად სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართისა: ქობულეთი, ... ქ. ¹139, მიეთითოს: ქობულეთი, ... ქ. ¹193.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.