ას-275-260-10 17 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჯ. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზესტაფონის ¹4 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
2010 წლის 2 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ. გ-ძემ ზესტაფონის ¹4 საჯარო სკოლის მიმართ ზესტაფონის ¹4 საჯარო სკოლის დირექტორის ¹33 და ¹53 ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2008 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ჯ. გ-ძის სარჩელი უსაფუძლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ჯ. გ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 2 თებერვლის განჩინებით ჯ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯ. გ-ძე მუშაობდა ზესტაფონის ¹4 საჯარო სკოლაში, რადიოტექნიკური კაბინეტის მენეჯერად და რადიოტექნიკური წრის ხელმძღვანელად. დადგენილია, რომ სკოლის სამეურვეო საბჭომ 2007 წლის 15 ოქტომბერს შეიმუშავა სკოლის 2007-2008 წლის სასწავლო საშტატო განრიგი, რაც შეთანხმებული იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შეთანხმებული განრიგი არ ითვალისწინებდა რადიოტექნიკური კაბინეტის მენეჯერის საშტატო ერთეულს. ¹33 ბრძანების შესაბამისად, 2007 წლის 1 სექტემბერს სკოლის 2007-2008 წლის სასწავლო საათობრივი ბადის დამტკიცების საფუძველზე იქნა გაუქმებული რადიო-ტექნიკური წრე და მის თანმდევად წრის ხელმძღვანელობიდან იქნა გათავისუფლებული მოსარჩელე, ხოლო ¹53-ე ბრძანების მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ¹17-08-1/17731 წერილისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა რადიოტექნიკური კაბინეტის მენეჯერის შტატი და ამ შტატიდან გათავისუფლდა ჯ. გ-ძე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ვინაიდან, განსახილველი დავის საგანს დასაქმებულთა შრომის ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად აღიარება წარმოადგენს, შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად შრომის კოდექსის ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან სწორედ იგია სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს ხელშეკრულების მოშლის, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კოდექსი დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არ ითვალისწინებს მესამე პირთა, მათ შორის პროფკავშირის თანხმობას. შესაბამისად, ჯ. გ-ძის გასაჩივრებული ბრძანებები არ შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი პროფკავშირების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, რადგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მხოლოდ შრომის კოდექსითაა რეგლამენტირებული.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. გ-ძემ. მან მიუთითა, რომ ზესტაფონის ¹4 საჯარო სკოლის დირექტორს საქმეში წარმოდგენილი აქვს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს სამეურვეო საბჭო შედგება 6 წევრისაგან. კასატორის მიერ წარმოდგენილი იქნა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ¹4 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო შედგება არა 6 წევრისაგან, არამედ 12 წევრისაგან, რაც ერთვის საქმის მასალებს. დებულებით, საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სკოლაში, სადაც სწავლობს 500 მოსწავლეზე მეტი, სამეურვეო საბჭო აირჩევა 12 წევრისაგან. ზესტაფონის ¹4 საჯარო სკოლაში სწავლობდა 700 ბავშვი, ამიტომაც სამეურვეო საბჭო შედგება 12 წევრისაგან. ¹14 ოქმი არის ბათილი, ვინაიდან სამეურვეო საბჭოს ესწრებოდა, როგორც ოქმიდან ირკვევა მხოლოდ 3 წევრი, აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო რაიმე გადაწყვეტილება. აღნიშნული ოქმით სწორედ უკანონოდ გაუქმდა რადიოტექნიკური კაბინეტის მენეჯერის შტატი და ¹53 ბრძანებაც უკანონოდ გაიცა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი საქართვლოს პროფესიული კავშირების შესახებ და არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი სპეციალური და უფრო ახალი კანონია, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომისა და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. კასატორი ეთანხმება იმ აზრს, რომ შრომის კოდექსი უფრო ახალი კანონია, მაგრამ ამ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რაც შეეხება, ზესტაფონის ¹4 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანება ¹53-ს, ბათილად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან, მასში მითითებული არ არის კასატორის განთავისუფლების საფუძველი, კერძოდ, გაურკვეველია 37-ე მუხლის რომელი პუნქტის თანახმად იქნა იგი განთავისუფლებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ჯ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.