Facebook Twitter

ას-276-261-2010 23 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ --- ბანკი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

--- ბანკმა განცხადებით მიმართა სასამართლოს დ. კ-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადახდის ბრძანებითY --- ბანკის მოთხოვნა გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარე _ დ.კ-ძეს --- ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 2998.90 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს პროტესტით მიმართა დ. კ-ძემ და მოითხოვა დაკისრებული ვალდებულების შესრულების განაწილვადება ერთი წლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით მიღებული გადახდის ბრძანება გაუქმდა და --- ბანკის მოთხოვნა დ. კ-ძის მიმართ გახილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით. ამავე სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით --- ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. კ-ძეს მოსარჩელის _ --- ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 2 885,98 ლარის, პროცენტის – 175,72 ლარის, სულ 3 061,7 (სამი ათას სამოცდაერთი და სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განაწილვადდა რვა თვემდე ვადით და შესაბამისად გადასახდელი თანხის _ 3 061.7 ლარის გათავლისწინებით მოპასუხე დ. კ-ძეს მოსარჩელე --- ბანკის სასარგებლოდ 2009 წლის 1 ნოემბრიდან ყოველთვიურად დაეკისრა 382,7 (სამას ოთხმოცდაორი ლარი და სამოცდაათი) ლარის, ხოლო ბოლო თვეს _ 382,8 (სამას ოთხმოცდაორი ლარი და ოთხმოცი) ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი აღსრულების წესის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა --- ბანკმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით --- ბანკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსრულების განაწილვადების ნაწილში გაუქმდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ძემ. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით დ.კ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს აღნიშული განჩინება კასატორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარდა ადრესატს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში დ.კ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დ. კ-ძის საკასაციო საჩივარს 2010 წლის 26 მარტის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 31 მარტს (იხ. ტ.II, ს.ფ.48).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 1 აპრილს და საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა 5 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.