Facebook Twitter

ას-279-264-2010 22 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პ. გ-იანის (წარმომადგენელი მ. ს-ძე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე, პ. გ-იანის სარჩელის გამო მოპასუხე გ. კ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის, მიწის ნაკვეთზე არსებული ყოველგვარი ნაგებობის დემონტაჟისა და მიწის ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვის შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ პ. გ-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით პ. გ-იანს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითიებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველად დარჩებოდა.

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორის წარმომადგენელს მ. ს-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 6 აპრილს (ს.ფ.104). შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2010 წლის 16 აპრილს.

2010 წლის 19 აპრილს პ. გ-იანის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ საკასაციო პალატას წარმოუდგინა 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან განცხადებით მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის აღდგენა იმ საფუძლით, რომ დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა მარწმუნებელთან დაკავშირება და მის მიერ განცხადების წარმოდგენა ან იგივეს სხვა პირის დახმარებით განხორციელება, რადგან კასატორის წარმონადგენელი მ. ს-ძე იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს სხდომაზე, სადაც 14 საათიდან მონაწილეობდა მხარის წარმომადგენლის სახით საქმის განხილვაში, შემდგომში კი ოჯახური პირობების გამო მიუწია სხვა ადგილას მისვლა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2010 წლის 16 აპრილს (ს.ფ.104), ხოლო განცხადება და თანდართული მასალები საკასაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 19 აპრილს (ს.ფ. 105-109). ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე კასატორის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ. გ-იანის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

პ. გ-იანს დაუბრუნდეს გადახდილი სახლმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.