Facebook Twitter

¹ას-281-265-2011

14 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჯ. ლ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ...» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «ბანკმა ...მ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ლ-ძის მიმართ და მოითხოვა სს «ბანკ ...სა» და ჯ. ლ-ძეს შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების და 2007 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ¹... საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 504862.17 აშშ დოლარის, ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 12516.10 ლარისა და სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება, ხოლო თანხის გადასახდევინებლად თ. მ-შვილის საკუთრებაში არსებული ქ.მცხეთაში, ... (...) ქუჩაზე (ზონა მცხეთა -72, სექტორი მცხეთა, კვარტალი 00, ნაკვეთი 811 და ... ქ.¹18 ზონა მცხეთა – 72, სექტორი მცხეთა – 07, კვარტალი 05, ნაკვეთი 093,) მდებარე იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო იპოთეკის საგნის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი დავალიანების გადახდის მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა აქტივების რეალიზაციის გზით განხორციელება შემდეგ გარემოებათა გამო:

2007 წლის 18 ოქტომბერს სს «ბანკ ...სა» და ჯ. ლ-ძეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ. ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, დამატებით დაედოთ ხელშეკრულებები კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ.

ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტებით, ოვერდრაფტებითა და საბანკო გარანტიებით მსესხებელს უფლება ჰქონდა, ეკისრა ვალდებულებები ზღვრული თანხის _ 1000000 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი კონვერტირებადი ვალუტის ფარგლებში, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლით მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 ოქტომბრამდე.

გენერალური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, უზრუნველყოფას წარმოადგენდა ქ.მცხეთაში, ... ქ¹18-ში მდებარე 0.06 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით და ქ.მცხეთაში, ... ქუჩაზე მდებარე 0.012 ჰა მწის ნაკვეთი, ასევე შპს «...» თავდებობა სოლიდარული პასუხისმგებლობით.

გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმდა ¹... ხელშეკრულება და კრედიტის სახით 9 წლისა და 11 თვის ვადით, 2017 წლის 25 სექტემბრამდე გაიცა 450000 აშშ დოლარი და სარგებლის სახით განისაზღვრა 15%. 2009 წლის 18 მარტს 12 თვის ვადით, 2010 წლის 18 მარტამდე გაიცა კრედიტი 10000 ლარის ოდენობით წლიური 25%-ით და სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

მსესხებელმა არაერთხელ დაარღვია ვალდებულების შესრულების გრაფიკის პირობები. სს «... ...ს» პრობლემური სესხების დეპარტამენტის 2009 წლის 13 ოქტომბრის ¹19.25/03 ცნობის თანახმად, 2009 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით ჯ. ლ-ძის საკრედიტო დავალიანება ¹... საკრედიტო ხელშეკრულბიდან გამომდინარე 504862.17 აშშ დოლარია, ხოლო ¹...ხელშეკრულბიდან გამომდინარე _ 12516.10 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელსა და მის თავდებს ვალდებულების დარღვევის თაობაზე ეცნობათ დადგენილი წესით, თუმცა გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყოლია.

ჯ. ლ-ძემ სარჩელი ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12516.10 ლარის ანაზღაურების თაობაზე და ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმდინარე დავალიანების, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, სულ 61 520.62 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო, ხოლო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, ...ს მიერ დამატებითი ვადა არ ყოფილა განსაზღვრული, მართალია დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ გაფრთხილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ჯ. ლ-ძისათვის არ გადაუციათ. ... არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ჯ. ლ-ძე პატიმარია და იგი ვერ შეძლებდა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებას დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მითითებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ომის გამო საქართველოში იყო მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რამაც ჯ.ლ-ძისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ასახვა ჰპოვა ყველა სახის ბიზნესზე და აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევის ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სს «... ...ს» სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს «ბანკ ...სა» და ჯ. ლ-ძეს შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება და 2007 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ¹... საკრედიტო ხელშეკრულება, მოპასუხე ჯ. ლ-ძეს სს «ბანკ ...ს» სასარგებლოდ დაეკისრა ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 504 862.17 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოპასუხე ჯ. ლ-ძეს სს «ბანკ ...ს» სასარგებლოდ დაეკისრა ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 516.10 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეებს ჯ. ლ-ძესა და თ. მ-შვილს სს «ბანკ ...ს» სასარგებლოდ დაეკისრათ 9111.70 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისა და 5000 ლარის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. თანხის გადასახდევინებლად სარეალიზაციოდ მიექცა თ. მ-შვილის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ.მცხეთაში, ... ქ.¹18-ში (მიწის კოდი ... ზონა მცხეთა 72, სექტორი მცხეთა – 07, კვარტალი 05, ნაკვეთი 093. ნაკვეთის საკუთრების ტიპი – საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია – სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ შენობა ნაგებობის ჩამონათვალი შენობა ¹1 საერთო ფართი 303.61 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.მცხეთაში, ... (...) ქუჩაზე (მიწის კოდი ... ზონა - მცხეთა 72, სექტორი მცხეთა 07, კვარტალი 00, ნაკვეთი 811, საკუთრების ტიპი საკუთრება, ფუნქცია – სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 120 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი ...), ხოლო ვალდებულების შესასრულებლად აღნიშნული ქონების უკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი დავალიანების გადახდა განხორციელდება მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა აქტივების რეალიზაციით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით ჯ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2007 წლის 18 ოქტომბერს სს «ბანკ ...სა» და ჯ. ლ-ძეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ 1 000 000 აშშ დოლარის საკრედიტო ლიმიტით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 ოქტომბრამდე. 2007 წლის 25 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹... რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 450 000 აშშ დოლარის ოდენობით 9 წლისა და 11 თვის ვადით. სესხით სარგებლობის პროცენტი განისაზღვრა წლიური 15%-ის ოდენობით. პირგასამტეხლო განისაზღვრა კრედიტის ძირითადი დავალიანების 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2009 წლის 18 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹... კომფორტ სესხზე, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით. სესხით სარგებლობის პროცენტი განისაზღვრა წლიური 25%-ის ოდენობით. პირგასამტეხლო განისაზღვრა კრედიტის ძირითადი დავალიანების 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გენერალური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილია მიწის ნაკვეთით მდებარე, ქ.მცხეთაში, ... ქ.¹18-ში. 0.06ჰა და მასზე განლაგებული შენობა ნაგებობებით და მიწის ნაკვეთით მდებარე ქ.მცხეთაში ... (...) ქუჩაზე 0.012ჰა (იპოთეკის ხელშეკრულება ¹ B – 1869 18.10.2007წ. მესაკუთრე ჯ. ლ-ძე). ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯ. ლ-ძის მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი ძირითადი დავალიანების თანხა შეადგენს 9329.82 ლარს, პროცენტი 827.09 ლარს, ჯარიმა 2359 ლარს, სულ _ 12516.10 ლარს.

ქ.მცხეთაში ... ქ.¹18-ში მდებარე უძრავი ქონება _ 0.06ჰა მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების და ქ.მცხეთაში, ... (...) ქუჩაზე მდებარე 0.012ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ 2009 წლის 4 აგვისტოდან რეგისტრირებულია თ. მ-შვილი. 2009 წლის 18 მარტის ¹89321 და 2007 წლის 25 ოქტომბრის ¹39652 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა ჯ. ლ-ძის მიერ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სს «ბანკ ...სა» და ჯ. ლ-ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯ. ლ-ძის მიერ შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საომარი მდგომარეობით, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა არ იყო მის მიერ დასახელებული გარემოების უშუალო შედეგი. ასევე არ იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ ჯ. ლ-ძის პატიმრობის ფაქტი წარმოადგენს ხელშეკრულების დათქმულ დროსა და ადგილას, ჯეროვნად შესრულების გამომრიცხავ საპატიო გარემოებას და დამატებით მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება რაიმე დათქმას ფორს-მაჟორულ გარემოებებზე არ შეიცავს, ხოლო პატიმრობის დროს, მხარეს თუნდაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე შეეძლო უზრუნველეყო ...ს წინაშე მის მიერ ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულება.

საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 25 ოქტომბერს ¹... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯ. ლ-ძის მოსარჩელე სს «ბანი ...ს» მიმართ წარმოშობილი ძირითადი დავალიანების თანხა შეადგენდა 422 321.25 აშშ დოლარს, პროცენტი 27094.80 აშშ დოლარს, ჯარიმა 55446.12 აშშ დოლარს, სულ 504 862.17 აშშ დოლარს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, იმ საფუძვლით, რომ ბანკმა წერილობით არ გააფრთხილა მსესხებელი ვალდებულების შესრულების თაობაზე და არ მისცა მას დამატებითი ორკვირიანი ვადა.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ სს ,,ბანკ ...ს» მიერ ჯ. ლ-ძის სახელზე მის წინაშე არსებული დავალიანების შესახებ განხორციელებულ იურიდიულ შეტყობინებებისა და მოპასუხისათვის იურიდიული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელ საბუთზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ უტყუარად დასტურდება ...ს მხრიდან ვალდებულების შესრულების თაობაზე ჯ. ლ-ძის გაფრთხილების ფაქტი, ამასთან, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ იურიდიული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ჯ. ლ-ძეს.

პალატამ ის გარემოება, რომ ჯ. ლ-ძეს 2009 წლის აპრილის თვიდან სს «... ...სათვის» არანაირი გადახდა არ განუხორციელებია, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნია. სასამართლომ არ გაიზიარა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე აპელანტის მითითება სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შინაარიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება, წარმოადგენს სასამართლოს ,,უფლებამოსილებას’’ და არა ,,ვალდებულებას» და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკრედიტო ხელშეკრულების მე-10 მუხლის საფუძველზე მოვალე ჯ. ლ-ძეს სწორად დააკისრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 873-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 286-ე და 301-ე მუხლები და მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სს ,,... ...ს» სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ლ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამასთან არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 873-ე მუხლი, რადგანაც მიიჩნია, რომ ჯ. ლ-ძე ვალდებულების დარღვევის თაობაზე გაფრთხილებული იყო.

სასამართლომ არ გამოიკვლია 2007 წლის 25 ოქტომბრის ¹...საკრედიტო ხელშეკრულებისა და 2009 წლის 18 მარტის ¹... საკრედიტო ხელშეკრულების მე-8 მუხლის 4.1 პუნქტით დადგენილი გარემოება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უფლება თუ რა შემთხვევაში ჰქონდა მოსარჩელეს, სასამართლომ ასევე არ შეაფასა ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესები ...ს მიერ მოვალის გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის დაწესების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სარჩელშივე აღნიშნავს ვალდებულების დარღვევის შესახებ ჯ. ლ-ძის გაფრთხილების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ...ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებების ჯ. ლ-ძისათვის ჩაბარება არ დასტურდება. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ ირკვევა, რომ ხელმოწერა კასატორს ეკუთვნის და აღნიშნული მან სადავოდ გახადა, ამდენად, ბანკმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. სასამართლომ აღნიშნული გარემოების შეფასებისას არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლითაც ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის მეორე მხარისათვის ნების მისვლაა სავალდებულო. დასახელებული გარემობა გამორიცხავს ჯ. ლ-ძისათვის 504862.17 აშშ დოლარის დაკისრებას, ასევე იპოთეკის საგნის რეალიზაციას.

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება ხელშეკრულების შეწყვეტაზე. 2007 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულება დადებულია 9 წლისა და 11 თვის ვადით და ვალდებულების შესრულების ვადა ამოწურული არ არის.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, როდესაც არ გაიზიარა ჯ. ლ-ძის, როგორც დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტება იურიდიულ შეტყობინებაზე ჯ. ლ-ძის ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით. სასამართლო ვალდებული იყო, ამ მიმართებით შეეფასებინა კასატორის განმარტება.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომელიც ადასტურებს, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების მოშლის საფუძველი, რადგანაც ბანკმა კასატორს არ აცნობა არც ხელშეკრულების დარღვევის, არც დამატებითი ვადის დაწესების თაობაზე.

2007 წლის 25 ოქტომბრის ¹... საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა 2010 წლის 25 სექტემბერს, რის გამოც სასამართლოს, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 366-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაეკისრებინა ჯ. ლ-ძისათვის თანხის სრულად გადახდა.

ასევე არ იყო 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹... ხელშეკრულების შესრულების ვადა დამდგარი და სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ მოხდა თ. მ-შვილის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და არ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი პრობლემური სესხების დეპარტამენტის ცნობით დაანგარიშებულია სესხის ძიორითადი და დარიცხული ჯარიმის მაჩვენებული და ირკვევა, რომ ჯარიმა თითქმის ორჯერ აღემატება საპროცენტო სარგებელს.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ჯ. ლ-ძის მითითება სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლზე, რომელიც შესრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალეს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, საყოველთაოდ ცნობილი გარემოებები: 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ასევე კასატორის დაპატიმრება სწორედ ფორს-მაჟორული გარემოებაა და, მიუხედავად ...ს მიერ ხელშეკრულებაში აღნიშნულიზე მიუთითებლობისა, სასამართლო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა აპელანტის ზემოაღნიშნული მოსაზრება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებას ფორს-მაჟორული გარემოებების დაგომამდე ადგილი არ ჰქონია.

კასატორის მითითებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტების საფუძვლეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ჯ. ლ-ძეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. ლ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჯ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯ. ლ-ძეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6000 ლარის 30%-ის _ 1800 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ჯ. ლ-ძეს (პირადი ¹...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1800 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ...ს კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე». საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.