ას-282-266--11 28 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
კასატორი – საქართველოს ფ-ა ს-რო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ რ. კ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ტ-ი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდევინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ფ-ა ს-რომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შპს «ტ-ის» მიმართ, ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2007 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ფ-ა ს-როსა და შპს «ტ-ს» შორის გაფორმდა ¹878 ხელშეკრულება მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების «X-ღAY» კონტროლის მობილური მიწოდების თაობაზე. შემსყიდველმა აიღო ვალდებულება, აენაზღაურებინა შპს «ტ-ისათვის» ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 289 150 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. კერძოდ, ხელშეკრულების 6.1 მუხლი ითვალისწინებდა შემსყიდველის უფლებამოსილებას საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქონლის ღირებულების 0.1% საურავის დაკისრებას. თავის მხრივ საქართველოს ფ-ა ს-რო თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ვალდებული იყო გადაეხადა ვადაგადაცილებული თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს ფ-ა ს-რომ თავისი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო შპს «ტ-მა» გადააცილა საქონლის მიწოდების ვადებს, რის გამოც იგი ვალდებულია, გადაიხადოს ხელშეკრულების 6.1 პუნქტით გათვალისწინებული საურავი 22 891. 50 ლარი. შპს «ტ-ი» საურავის გადახდაზე უარს აცხადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, შპს «ტ-ს» დაეკისროს საქონლის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 22 891. 50 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფ-ა ს-როს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფ-ა ს-რომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფ-ა ს-როს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფ-ა ს-რომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფ-ა ს-როს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, Gგაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს ფ-ა ს-როს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ტ-ს» საქართველოს ფ-ა ს-როს სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ფ-ა ს-როსა და შპს ,,ტ-ს» შორის გაფორმდა ¹878 ხელშეკრულება მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების X-ღAY კონტროლის მობილური მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ტ-მა» იკისრა ვალდებულება, საქართველოს ფ-ა ს-როსათვის საავანსო თანხის გადარიცხვიდან 25 კალენდარულ დღეში მიეწოდებინა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელის X-ღAY რენტგენული კონტროლის მობილური სისტემა. ამავე ხელშეკრულებით 6.1. პუნქტით განისაზღვრა საქონლის მიმწოდებლის ვალდებულება, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადაეხადა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქონლის ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
2008 წლის 21 დეკემბერს ფ-ა ს-რომ საავანსო თანხა გადაიხადა.
შპს «ტ-ის» მიერ საავანსო თანხის გადახდიდან 25 კალენდარულ დღეში, 2008 წლის 15 იანვრისთვის, უნდა მომხდარიყო საქონლის მიწოდება.
2008 წლის 26 იანვარს საქართველოს ფ-ა ს-როს და შპს «ტ-ს» შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შპს «ტ-მა» 2008 წლის 26 იანვარს საქართველოს ფ-ა ს-ოს გადასცა მანქანების, კონტეინერების და მისაბმელების X-ღAY რენტგენული კონტროლის მობილური სისტემა.
2008 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფ-ა ს-როსა და შპს «ტ-ს» შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ 15 თებერვალს ქ. ფოთში მიმწოდებელმა დაამთავრა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების რენტგენული კონტროლის მობილური სისტემის ინსტალაცია, მონტაჟი და მებაჟეების ტრენინგი.
შპს «ტ-მა» საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის 2008 წლის 18 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაუხადა პირგასამტეხლო 25 180,65 ლარი.
საქართველოს ფ-ა ს-რომ საურავი არ მოითხოვსა 2008 წლის 27 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდზე, იმ საფუძვლით, რომ ქალაქ ფოთში ტვირთის დაგვიანებით ჩატანა გამოწვეული იყო მისი ბრალით.
საქართველოს ფ-ა ს-რომ საურავი მოითხოვა 2008 წლის 5 თებერვლიდან 2008 წლის 15 თებერვლამდე (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე) პერიოდზე და მიიჩნია, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობდა არა მარტო საქონლის მიწოდებას, არამედ ასევე ინსტალაციას, მონტაჟს, სწავლებას. ხელშეკრულების ყველა პირობის შესრულებაც დადგენილ ვადაში უნდა მომხდარიყო.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ 2007 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა შერეულ ხელშეკრულებას, იგი მოიცავდა ნასყიდობის, გადაზიდვისა და ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ¹878 ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და დამრღვევმა მხარემ უნდა გადაიხადოს.
პალატამ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა იგულისხმება თუ არა საქონლის მიწოდებაში ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება, რის შესაბამისად უნდა განისაზღვროს, თუ რა ვალდებულების დარღვევისათვის გაითვალისწინეს მხარეებმა პირგასამტეხლოს გადახდა.
საქმეში არსებული ხელშეკრულებისა და მისი დანართის ერთობლივი შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინ «მიწოდებაში» იგულისხმება შესყიდვის ობიექტის შემსყიდველისთვის საბოლოოდ ჩაბარება, მათ შორის, საქონლის ადგილზე ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ვალდებულების შინაარსი, რომლის შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა, მოიცავდა, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საკუთრებაში გადაცემას, ასევე სისტემის ინსტალაციას, მონტაჟსა და სწავლებას. შესაბამისად, იმისთვის, რომ შპს «ტ-ს» ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ს-როს მიერ საავანსო თანხის გადახდიდან 25 კალენდარულ დღეში _ 2008 წლის 15 იანვარს, ქ. ფოთის პორტში უნდა მიეწოდებინა საქონელი, ამასთან, უნდა დაესრულებინა საქონლის ინსტალაცია, მონტაჟი და სწავლება. შპს «ტ-მა» ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა სრულად 2008 წლის 15 თებერვალს, როდესაც გაფორმდა ¹84 მიღება-ჩაბარების აქტი.
პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტ-ის» მიერ პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილია 25 180,65 ლარი, დამატებით 22 891,5 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ანაზღაურების სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 12 000 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრითY გაასაჩივრა საქართველოს ფ-ა ს-რომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის წარმომადგენლის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლოა, იურიდიულად დაუსაბუთებელია.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, 2007 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ფ-ა ს-როსა და შპს „ტ-ს» შორის დაიდო ¹878 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ტ-მა“ იკისრა ვალდებულება საქართველოს ფ-ა ს-როსათვის მიეწოდებინა მანქანების, კონტეინერებისა და მისაბმელების „იქს-რეი“ კონტროლის მობილური სისტემა. შემსყიდველმა აიღო ვალდებულება, აენაზღაურებინა შპს „ტ-ისათვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 2 289 150 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კერძოდ, ხელშეკრულების 6.1 მუხლი ითვალისწინებდა შემსყიდველის უფლებამოსილებას საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქონლის ღირებულების 0,1% საურავის დაკისრებაზე. თავის მხრივ, საქართველოს ფ-ა ს-რო თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ვალდებული იყო, გადაეხადა ვადაგადაცილებული თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქართველოს ფ-ა ს-რომ ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო შპს „ტ-მა“ გადააცილა საქონლის მიწოდების ვადებს, რის გამოც იგი ვალდებული იყო, გადაეხადა 6.1 პუნქტით გათვალისწინებული საურავი 22 891.50 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დამატებით 22 891,5 ლარის პირგასამტეხლოს სახით გადახდა არ იყო დარღვეული ვალდებულების თანაზომიერი, იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირებულიყო 12 000 ლარამდე, კასატორის წარმომადგენელი არ იზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით დადგენილი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს ზიანს. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს მისი გადახდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განსაზღვრა გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსაზღვრული იყო ხელშეკრულების 6.1 პუნქტით და მოვალე ვალდებული იყო, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო, გადაეხადა იგი სრულად. ამასთან, საქართველოს ფ-ა ს-როს მიაჩნია, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არათანაზომიერი მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულებისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფ-ა ს-როს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
განსახილველ შემთხვევში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფ-ა ს-როს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფ-ა ს-როს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.