ას-282-267-2010 9 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა შპს ბიზნეს-ცენტრი სასტუმრო “რუსთავის” (წარმომადგენელი რ. მ-შვილი) საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებასა და 2010 წლის 2 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით შპს ბიზნეს-ცენტრ სასტუმრო “რუსთავს” დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 1776,75 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2010 წლის 4 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 2010 წლის 13 მაისს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2010 წლის 18 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი. კასატორს ხარვეზი არ შეუვსია განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივრი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ბიზნეს-ცენტრი სასტუმრო “რუსთავის” (წარმომადგენელი რ. მ-შვილი) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებასა და 2010 წლის 2 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.