Facebook Twitter

ას-28-23-2011 1 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. ს-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ს-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ახალციხი რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ს. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-ძემ. საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით ს. ს-ძეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.

ს. ს-ძემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, გადაიხადა 2000 ლარი და მოითხოვა დანარჩენი თანხის გადავადება 30 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით ს. ს-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.

ს. ს-ძემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 2600 ლარის ოდენობით, მან კი გადაიხადა 600 ლარი და მოითხოვა დანარჩენი თანხის მოსაძიებლად ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით ს. ს-ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.

ს. ს-ძემ უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და დარჩენილი თანხის 1700 ლარის მოსაძიებლად მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით ს. ს-ძეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ მას უნდა გადაეხდა 4600 ლარი.

ს. ს-ძემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 2000 ლარის ოდენობით და მოითხოვა დარჩენილი თანხის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით ს. ს-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.

ს. ს-ძემ სასამართლოში წარმოადგინა 600 ლარის გადახდის ქვითარი და კვლავ მოითხოვა დანარჩენი თანხის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით ს. ს-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.

ს. ს-ძემ წარმოადგინა 300 ლარის გადახდის ქვითარი და იშუამდგომლობა დარჩენილი თანხის _ 1700 ლარის მოსაძიებლად საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ს. ს-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: ს. ს-ძეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ს. ს-ძის შუამდგომლობების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მიუხედავად აღნიშნულისა, ს. ს-ძეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ კასატორ ს. ს-ძეს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. ამავე განჩინებით მას მიეთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის სამთვიან ვადას და, შესაბამისად, სასამართლო ამ ვადის განმავლობაში ვალდებულია შეამოწმოს საკასაციო საჩივარი ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებია თუ არა, დასახელებული ვადის დენა იწყება სასამართლოსათვის საქმის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, მხარის მიერ ხელახლა ვადის გაგრძელების მოთხოვნის დაკმაყოფილება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევას გამოიწვევს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში, ს. ს-ძეს ნაწილობრივ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 2900 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ს-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ს. ს-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 2900 ლარის ოდენობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.