Facebook Twitter

ას-28-27-2010 15 ივლისი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ. ფ-ავა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ნ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შეცვლა

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ფ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ნ-ძის მიმართ ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესახებ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ავას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ნ-ძის მიმართ დადგენილი ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და დაეკისრა ალიმენტის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილის, 19...... წლის ...... დეკემბერს დაბადებული ბ. ნ-ძის, სასარგებლოდ ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით მისი სრულწლოვანების მიღწევამდე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ფ-ავამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ნ. ფ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ 2009 წლის 7 მაისს, ნ. ფ-ავას სარჩელის წარდგენის დროისათვის ალიმენტის გადამხდელის - ა. ნ-ძის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო 2006 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, კერძოდ, საკუთრებაში გააჩნია ერთი მიკროავტობუსი, რომლითაც თვეში მუშაობს მხოლოდ 10 დღე, მისი წლიური მოგება შეადგენს 500 ლარს, იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, მისი ოჯახი შესდგება შვიდი სულისაგან, მათ შორის არასრულწლოვანი და პენსიონერებისაგან და მეუღლე უმუშევარია, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს, სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილის - ბ. ნ-ძის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის ფაქტობრივი საფუძველი.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ფ-ავამ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენაში ა. ნ-ძე მონაწილეობას არ ღებულობს და მისი დახმარება შემოიფარგლება მხოლოდ 40 ლარის გადახდით თვეში ალიმენტის სახით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ მან შეიძინა ძვირადღირებული მიკროავტობუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ა. ნ-ძის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

ა. ნ-ძე კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მის შვილს – ბ. ნ-ძეს მის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად 65 (სამოცდახუთი) ლარი. მითითებულ თანხას გადაუხდის ივლისიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

ა. ნ-ძე კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მის შვილს – ბ. ნ-ძეს მის სრულწლოვან ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად 65 (სამოცდახუთი) ლარი. მითითებულ თანხას გადაუხდის ივლისიდან;

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.