Facebook Twitter

ას-283-268-10 24 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. უ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” (მოპასუხე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2009 წლის 23 ივნისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. უ-შვილმა მოპასუხე სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. უ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. უ-შვილმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ა. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, ასევე დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 აგვისოტოს განჩინებით დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება ვალუვალი მოვალის _ სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ.

2009 წლის 26 მარტის განჩინებით დასრულდა სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” გაკოტრების საქმისწარმოება, რომლის შედეგად ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით, ვალებისაგან თავისუფალი და დაუტვირთავი გადაეცა დახურულ სააქციო საზოგადოებას, კონცერნ ,,გრუპპა ახემას” და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია” გათავისუფლდა 2008 წლის 31 დეკემბერს ან ამ თარიღამდე წარმოქმნილი და შემდეგ გამოვლენილი ნებისმიერი სუბიექტის მოთხოვნისაგან. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელე არ არის კრედიტორთა სიაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველ კრედიტორს მინიჭებული აქვს უფლება და ამავდროულად ის ვალდებულია, კრედიტორული მოთხოვნები წამოაყენოს საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის რეჟიმში გაკოტრების საქმის დასრულებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორს ერთმევა შესაძლებლობა, საწარმოს ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის შემთხვევაში, ახალი შემძენისაგან დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, რადგან საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალი შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადადის. სწორედ ამგვარი სახით მოხდა მოსარჩელის წინაშე ანგარიშვალდებული საწარმო სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ქონების გასხვისება, რის შედეგაც მან დაკარგა ვალდებულებებისაგან თავისუფალი საწარმოსაგან სახელფასო დავალიანების მიღების უფლება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს, როგორც კრედიტორს, არ წარუდგენია თავისი მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. უ-შვილმა. კასატორმა განმარტა, რომ სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” მუშაობდა 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე, მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მოპასუხემ არ გადაუხადა მას 3000 ლარი ხელფასის სახით. კასატორომა ასევე მიუთითა რომ, როგორც პირველმა ინსტანციამ, ასევე სააპელაციო სასამართლომაც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. უ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ა. უ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. უ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.