ას-285-270-10 15 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა_ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) _ ა. ც-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) _ ნ. ლ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ა. ც-ძეს აეკრძალა პირვანდელი მოსარჩელის ნ. ლ-ძის კუთვნილ ქონებაზე მდებარე ზესტაფონი, ... ქ.¹17 სარეგისტრაციო ზონა, ზესტაფონი კოდი ... , სექტორი ცენტრალური ზონა კოდი 10, კვარტალი ¹01, ნაკვეთის ¹109, ფართობი 334 მ2 მფლობელობის ხელშეშლა. ა. ც-ძის შეგებებულ სარჩელს – ტექ. პასპორტიდან სადავო ფართის ამორიცხვისა და რეესტრის ჩანაწერში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ც-ძემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
Qსაქმე განხილულ იქნა როგორც საპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. საბოლოოდ ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით ა. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს ზესტაფონის არქივის ¹5-ე ცნობის მიხედვით ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აცმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 19 თებერვლის ¹46-ე გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა და დაფუძნდა მსუბუქი ავტომანქანების აღდგენეილი საბურავების რეალიზაციისა და შეკვეთების კოოპერატივი „ლ-ა“, რომელსაც ფუნქციონირებისათვის გადაეცა ზესტაფონში, ... ქ.¹10-ში მდებარე ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა მომარაგების სამტრედიის განყოფილების ზესტაფონის გაერთიანების კუთვნილი შენობის ერთი სათავსო არენდით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლძოს 1997 წლის 11 მარტის დადგენილებით დგინდება, რომ კოოპერატივი „ლ-ა“ გარდაიქმნა შპს „კ-ად“.
2004 წლის 14 ივლისის უძრავი ქონების ნატურით გადაცემის ოქმით შპს „კ-ას“ ვალის 6995 ლარის სანაცვლოდ ნატურით გადაეცა ამავე საზოგადოების 4 ბოქსი, მდებარე ქ.ზესტაფონში, ... ქ.¹30 თითოეული 22ქ2 კვ.მ. 22,80 კვ.მ. 23,10 კვ.მ. და 15,6 კვ.მ. ფართით. ავტომაღაზიის 27,02 კვ.მ. ფართის ოთახი და 27,63 კვ.მ. ფართის ოდენობის საწყობის შენობა 11 კვ.მ. დამხმარე ფართით. გადაცემა მოხდა შპს „კ-ის“ უძრავი ქონების შესახებ ზესტაფონის რაიონის ყოფილი ტექ.ინვენტარიზაციის 1992 წლის 6 მარტის ¹17 პასპორტის შესაბამისად.
ა. ც-ძის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე რეგისტრირებულია 2004 წლის 13 აგვისტოს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენდა გ. წ-ძე რომელმაც იგი მიიღო მემკვიდრეობის გზით.
2006 წლის 25 ოქტომბრის ნოტარიალურად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. ლ-ძემ გ. წ-ძისაგან იყიდა არასაცხოვრებელი ფართი და 334 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ზესტაფონში ... ქ.¹17-ში, დაშენების ფართი 334 კვბმ. მათ შორის სასარგებლო ფართით 292 კვბმ. სარეგისტრაციო ზონა კოდი ... , კვარტალი 01, ნაკვეთი 109.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ნ. ლ-ძის საკუთრებაში მყოფი ფართის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთით მდებარე ოთახების ... ქუჩის გასწვრივი მზიდი და სამხრეთ აღმოსავლეთის ფასადის კედლები აგებულია სამშენებლო ბლოკით. საძირკველიდან 0,7 მ.სიმაღლეზე წყობა შედარებით ადრე არის შესრულებული, ხოლო დანარჩენ სიმაღლეზე მოგვიანებით. შპს „კ-ის“ კუთვნილი შენობების ტექ.პასრპორტში შენობა ზომით 9,7X4,73 მდებარეობს საყინულესთან მისავლელი გზის ჩრდილო-დასავლეთით, მისი განლაგება არ ემთხვევა სადავო ფართის ფაქტობრივ მდებარეობას.
ტექ.ბიუროს მიერ გაცემული შენობების ტექნიკური პასპორტის მიხედვით 9,7X4,7 მ ზომების მქონე ნაგებობის განთავსების ადგილზე შენობის არსებობის რაიმე კვალი არ შეინიშნება, აგურის ხარისხისა და დამზადების პერიოდის დადგენა შეუძლებელია სპეციალური ლაბორატორიული კვლევების გარეშე. საქმეში მოცემულ წ-ძის სახელზე აღრიცხული შენობის ტექ.პასპორტში მოცემული შენობის ზომები მცირედ განსხვავდება ფაქტიურად არსებული მთლიანი შენობის ზომებისაგან. შპს „კ-ას“ კუთვნილი შენობების ტექ.პასპორტში სადაო ფართის ანალოგიური ზომების მქონე შენობა გამოსახულია საყინულესთან მისასვლელი გზის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. ნახაზის მიხედვით მისი ზომები გეგმაში, სიმაღლე და კონტრუქციის ტიპი ემთხვევა სადავო ფართის მონაცემებს, ნაგებობის ფაქტიური მდებარეობა არ ემთხვევა ტექ.პასპორტში მის განლაგებას. ტექ.პასპორტის მიხედვით კედლები აგებულია სამშენებლო ბლოკით. რეალურად არსებულ ფართში კი 2 კედელი აგურისაა. შპს „ო-ის“ სახელოსნოების განთავსების გენ-გეგმაში სადაო ფართის ადგილზე ნაჩვენები არის 10X5 მ ზომების შენობა, რომელიც ზომებით და განლაგებით არ ემთხვევა სადავო ფართს. საკადასტრო რუკაზე სადაო ფართის მდებარეობა და ზომები ემთხვევა ფაქტობრივად არსებულს.
პალატამ მიიჩნია, რომ ა. ც-ძისათვის გადაცემულ ფართებში სადავო ფართი არ შედიოდა, რადგან იგი, შპს „კ-ას“ საკუთრებაში არ ყოფილა და მით უმეტეს ა. ც-ძეს ვერ გადაეცემოდა, ის რაც შპს „კ-ას“ არ გადასცემია. ა. ც-ძეზე გაცემული რეესტრის მონაცემებით არ დგინდება, რომ მან სადავო ფართი დაირეგისტრირა 2004 წლის 13 აგვისტოს. ანუ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ის რაც გადაეცა ა. ც-ძეს, აღმასრულებლის 2004 წლის 17 ივლისის უძრავი ქონების ნატურით გადაცემის აქტით სადაო ფართი არ არის მითითებული, ანუ რეგისტრაცია როცა მოხდა ა. ც-ძეზე სადაო ფართი არ შედიოდა მის საკუთრებაში დაფიქსირებულ ფართებში. აღმასრულებლის 2004 წლის 17 ივლისის უძრავი ქონების ნატურით გადაცემის აქტში სადაო ფართი არ არის მითითებული.
პალატამ საქმეში არსებული მასალების და წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიჩნია, რომ სადაო ფართის მესაკუთრეა ნ. ლ-ძე, ხოლო იმ ფართში, რომელიც ა. ც-ძეს გადაეცა, სადავო ფართი არ შედიოდა.
შესაბამისად პალატმ მიიჩნია, რომ სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. ლ-ძე და მას შეეძლო სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად განეკარგა ქონება. ხოლო ა. ც-ძე ვალდებული იყო მესაკუთრე ნ. ლ-ძისათვის გამოეთავისუფლებინა ფართი და აღეკვეთა ხელშეშლა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ც-ძემ.
კასატორის განმარტებით, ნ. ლ-ძის საკუთრებაში სადავო ფართის რეგისტრაცია არის უკანონო და სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია ჰქონდა თუ არა აღნიშნული მიწა ამ ფართის ოდენობით საკუთრებაში ბ. წ-ძეს და საიდან მიიღო მემკვიდრეობით მისმა შვილმა 334 მეტრი მიწის ფართი, როცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მის მამას ბ. წ-ძეს ნაყიდი ჰქონდა მხოლოდ ამორტიზირებული შენობის აგურის კედლები.
კასატორის აზრით, მოწინააღმდეგე მხარეს ნაყიდი აქვს ბ. წ-ძის მიერ თავის დროზე შეძენილი ¹74 მაღაზიის ამორტიზირებული აგურის კედლები და არსად წარმოდგენილი არ არის თუ რა ფართის იყო ეს ამორტიზირებული კედლები, ფაქტია ის რომ სადაო ფართი არ არის აგურით ნაგები და მას ფასადის კედლები აქვს ბლოკის, ამასთან ისიც ფაქტია რომ რეალურად სხვაგან არანაირი შენობა არ არის და არც ყოფილა. კასატორის მითითებით, სადავო ფართი განსხვავდება მისი ფართისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. ც-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ც-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70%_210 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.