Facebook Twitter

ას-290-274-11 28 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

კასატორი – ნ. ბ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სმს წალენჯიხის რაიონული განყოფილება, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინება

დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სმს წალენჯიხის რაიონული განყოფილების (მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო) წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს ნ. ბ-იასა და თ. ბ-ძის მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ სმს წალენჯიხის რაიონულ განყოფილებას, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს განცხადებით მომართა წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინესპექტორ-გამომძიებელმა, წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში დაწყებული წინასწარი გამოძიების გამო სისხლის სამართლის საქმეზე - თ. ბ-ძის არასრულწლოვანი შვილის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და მოითხოვა ბავშვის დროებით განთავსება თავშესაფარში.

2010 წლის 1 ივლისს სმს მერვეობისა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური საბჭოს ¹8 ოქმის საფუძველზე ქ. ბ-ძე ჩარიცხული იქნა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში.

სმს წალენჯიხის რაიონულმა განყოფილებამ მოითხოვა ნ. ბ-იასა და თ. ბ-ძეს შეეზღუდოს მშობლის უფლება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ბავშვის გადაცემა მოხდა ყოველგვარი უკანონო და ანგარებითი გარიგების გარეშე, ისინი არიან ოჯახის ახლობლები და სწორედ ბავშვის კეთილდღეობის მიზნით მისცეს ბავშვი აღსაზრდელად დროებით, რადგან ოჯახი არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, ეძლევათ დახმარება, მეუღლე კი ფიზიკურად მუშაობს თურქეთში, რათა გამოკვებოს ხუთსულიანი ოჯახი, ისინი ვერ შეეგუებიან იმ მდგომარეობს, რომ მათი შვილი იზრდებოდეს ბავშვთა სახლში ან აღსაზრდელად გადაეცეს უცნობ პიროვნებას, ამდენად ითხოვენ ბავშვის უკან დაბრუნებას.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით სმს წალენჯიხის რაიონული განყოფილების (მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს) სარჩელის ნ. ნ. ბ-იასა და თ. ბ-ძის მიმართ დაკმაყოფილდა. ნ. ბ-იასა და თ. ბ-ძეს შეეზღუდათ მშობლის მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, დანარჩენი უფლება-მოვალეობების შეუზღუდავად, 2010 წლის 25 ივნისს დაბადებული ქ. ბ-ძის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მცირეწლოვანი ქ. ბ-ძე დაიბადა 2010 წლის 25 ივნისს, მისი მშობლები არიან ნ. ბ-ია და თ. ბ-ძე.

დაბადებისთანავე, ბავშვი ნ. ბ-იამ გადასცა ზუგდიდის რაიონის სოფ. ..-ში მცხოვრებ კ. ბ-იას.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს წალენჯიხის რაიონულ სამმართველში დაიწყო წინასწარ გამოძიება შვილად აყვანის მიზნით უკანონო გარიგების განხორციელების ფაქტზე.

საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, ქ. ბ-ძე მოთავსდა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში.

პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, არსებობდა მოპასუხეებისათვის მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის საფუძვლები.

ნ. ბ-იამ არ უარყო ის ფაქტი, რომ მცირეწლოვანი ქ. ბ-ძე დაბადებისთანავე მიაშვილა უცხო პირს, ხოლო მშვილებელმა, ლ. ბ-იამ ,,კეთილი ნებისა და მადლიერების გამოსახატავად“ მას გადასცა თანხა.

პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს თავის ბიოლოგიურ მშობლებთან. ბავშვის გაშვილება უნდა მოხდეს გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

პალატამ განმარტა, რომ ახალშობილის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გაშვილება და ამავდროულად, „კეთილი ნებისა და მადლიერების ნიშნად“ მშვილებლისაგან თანხის მიღება, არა მარტო არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს, არამედ კანონსაწინააღმდეგოა. პალატამ მიიჩნია, რომ მშობელს, რომელიც ზემოხსენებული გზით გააშვილებს მცირეწლოვანს, მშობლის უფლება უნდა შეეზღუდოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბელქაბნიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კასატორის განმარტებით, მისი მხრიდან ჩვილი შვილის კ. ბ-იაზე გადაცემა მოხდა ყოველგვარი უკანონო და ანგარებითი გარიგების გარეშე. მას ყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ოჯახთა კატეგორიას, ეძლევა დახმარება, რომლითაც ხუთსულიანი ოჯახის გამოკვება შეუძლებელია, ვინაიდან ლ. ბ-იას ჰქონდა ბავშვის აღზრდის ნორმალური პირობები, სწორედ ჩვილის კეთილდღეობის მიზნით მისცა ბავშვი.

კასატორის აზრით, მას არანაირი დანაშაული და უკანონობა არ ჩაგუდენია, არანაირი თანხა რაიმე გარიგებით არ აუიღია, ლ. ბ-იას მხოლოდ მხრიდან კეთილი ნებისა და მადლიერების გამოხატვა იყო. აუცილებელია ბავშვი გადაეცეს მას და იზრდებოდეს ოჯახში რათა ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდოს ბავშვები, მათ შორის ქ. ბ-ძე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ – ნ. ბ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

განსახილველ შემთხვევში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას – ნ. ბ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.