Facebook Twitter

¹ას-29-24-2011 24 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. ი-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საექიმო კომისიის დასკვნის გაუქმება, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ი-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ 2000 წლის 6 ივნისს გაცემული ¹195-ე საექიმო კომისიის დასკვნის გაუქმება, ასევე მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 1991 წელს ანდერძისმიერი სამკვიდრო ქონების მიღების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დასაცავად მოსარჩელე იძულებული იყო, მიემართა სასამართლოსთვის. აღნიშნულ პერიოდში მან მიაკვლია შპს ... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის მიერ 2000 წლის 6 ივნისს გაცემულ საექიმო კომისიის დასკვნას, რომლითაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეფასებულია როგორც აფექტურ-ბოდვითი სინდრომი.

დ.ი-შვილი პროფესიით ექიმია, არის გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნება, მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში და არასოდეს ჰქონია ფსიქიკური პრობლემები. მოპასუხე დაწესებულების მიერ 2000 წლის 30 ნოემბერს გაცემული დასკვნის შესაბამისად, მას ფსიქიკური დარღვევა არ აღენიშნება. 2000 წლის 6 ივნისის საექიმო დასკვნის შედეგენას წინ უსწრებდა შსს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტი.

მოსარჩელის სადავო შემოწმება განხორციელდა პოლიციის შენობაში, ფარულად, მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საექიმო კომისიის დასკვნა არ არის ყალბი, შედგენილია უფლებამოსილი სამედიცინო-ფსიქიატრიული კომისიის მიერ. მოსარჩელის ამბულატორიული გამოკვლევა ჩატარდა 2000 წლის 6 ივნისს შსს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მომართვის საფუძველზე იმჟამად მოქმედი «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ი-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დ.ი-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს ... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის 2000 წლის 6 ივნისის ¹195-ე საექიმო დასკვნის საფუძველზე დ. ი-შვილს დაუდგინდა დიაგნოზი _ აფექტურ-ბოდვითი სინდრომი, ამავე დასკვნის მიხედვით დ. ი-შვილს შემოწმების მომენტში აღენიშნებოდა ფსიქოზური მდგომარეობა. ცნობა შედგენილია საექიმო კომისიის მიერ შემდეგი შემადგენლობით: დ. დ-ავა, უ. კ-შვილი და ი. ლ-ინი. მიმართვა, რომელიც საფუძვლად დაედო 2000 წლის 6 ივნისს მოპასუხე დაწესებულებიდან დ. ი-შვილის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით ფსიქიატრის მოწვევას შედგენილ იქნა თბილისის შსს ვაკის რაიონული სამმართველოს მუშაკების კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.

დ. ი-შვილი პროფესიით ექიმია და 1986 წლიდან მუშაობს შპს ... რევმატოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში.

2000 წლის 30 ნოემბერს დ. ი-შვილმა გაიარა ერთჯერადი ამბულატორიული შემოწმება შპს ... ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში, რომლის საფუძველზეც გაცემული დასკვნის თანახმად შემოწმების მომენტში მოსარჩელეს ფსიქიკური ნორმის გადახრა არ აღენიშნებოდა.

დ. ი-შვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, რაც დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 7 სექტემბრის დასკვნით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის 2000 წლის 6 ივნისის ¹195-ე საექიმო დასკვნაში მითითებული დიაგნოზი, აფექტურ-ბოდვითი სინდრომი, არ წარმოადგენდა ფსიქიკურ დაავადებას და ასახავს მხოლოდ გამოსაკვლევი პირის დროის კონკრეტულ მონაკვეთში არსებულ ფსიქიკურ მდგომარეობას. აფექტურ-ბოდვითი სინდრომი შესაძლებელია განვითარდეს ტრავმის, დეპრესიის შედეგად და ამოიწუროს რამოდენიმე საათშიც. აფექტურ-ბოდვითი სინდრომის შემთხვევაში პირის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის საჭიროა გამოსაკვლევი პირის შემოწმება სათანადო სპეციალისტის მიერ სპეციალური ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენებით. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ურთიერთობისას სპეციალური ცოდნის არქონის პირობებში აფექტურ-ბოდვითი სინდრომის მდგომარეობაში მყოფი პირის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრა არასპეციალისტის მიერ შეუძლებელია.

2000 წლის 6 ივნისს სადავოდ საექიმო კომისიის დასკვნის შედგენაში მონაწილე ექიმ-ფსიქიატრებისთვის უცნობი იყო შსს ვაკის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ ფსიქიატრის მოწვევის შესახებ მიმართვის კანონსაწინააღმდეგოდ შედგენის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული. პოლიციის განყოფილებაში მოსარჩელე უშუალოდ შემოწმდა მოპასუხე დაწესებულების თანამშრომლების ფსიქიატრ უ. კ-შვილის და ფსიქოლოგ ნ. მ-ძის მიერ. აღნიშნული გარემოება დასტურდება შპს ... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის მიერ წარმოდგენილი მასალებით დ. ი-შვილის შემოწმების შესახებ, ასევე მოწმეების _ უ. კ-შვილის და ნ. მ-ძის ჩვენებებით.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო დასკვნაში მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. 2000 წლის 6 ივნისს მოსარჩელის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება არ შეიძლება განხორციელდეს მოწმის სახით დაკითხული დ. ი-შვილის თანამშრომლების და მეზობლის ჩვენებების საფუძველზე, ვინაიდან პირის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრა ფსიქიატრიული ცოდნის გარეშე შეუძლებელია.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები: ამჟამად არის თუ არა დაავადებული ფსიქიკურად დ. ი-შვილი; 2000 წლის 6 ივნისს აღენიშნებოდა თუ არა რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება ან აფექტურ-ბოდვითი სინდრომი; შპს ... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის 2000 წლის 6 ივნისის ¹195-ე საექიმო დასკვნაში მითითებული დიაგნოზის შემდეგ შესაძლებელია თუ არა და რა პერიოდში აღდგება პირის ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 7 სექტემბრის დასკვნის თანახმად, დ. ი-შვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ამასთან, სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების სიმწირის და გამოსაკვლევი პირის მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვების არარსებობის გამო, შეუძლებელია კატეგორიული დასკვნის გაცემა იმის შესახებ, აღენიშნებოდა თუ არა დ. ი-შვილს 2000 წლის 6 ივნისს რაიმე ფსიქიკური აშლილობა. ასევე, დასკვნის თანახმად შპს ... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის 2000 წლის 6 ივნისს გაცემულ ¹195-ე საექიმო კომისიის დასკვნაში სინდრომულ დონეზე დადგენილი დიაგნოზის – აფექტურ-ბოდვითი სინდრომის შემდეგ, პირის ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა შესაძლებელია აღდგეს რამოდენიმე დღეში, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნოზოლოგიის ფარგლებშია დადგენილი აღნიშნული სინდრომი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია შპს ... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის 2000 წლის 6 ივნისს გაცემულ ¹195-ე საექიმო კომისიის დასკვნის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი არ შეიცავს სწორ მონაცემებს, ვინაიდან აპელანტის მიერ საწინააღმდეგო დადასტურებული ვერ იქნა.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სადავო დასკვნის შედგენისას დარღვეულია ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დ. ი-შვილის შემოწმებას საფუძვლად დაედო პოლიციის განყოფილებიდან მიღებული მომართვა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დაწესებულება ვალდებული იყო, ჩაეტარებინა მოსარჩელის ფსიქიატრიული გამოკვლევა. მართალია, მიმართვა, რომელიც საფუძვლად დაედო 2000 წლის 6 ივნისს მოპასუხე დაწესებულებიდან დ. ი-შვილის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით ფსიქიატრის მოწვევას, შედგენილ იქნა თბილისის შსს ვაკის რაიონული სამმართველოს მუშაკების კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის თაობაზე 2000 წლის 6 ივნისს სადავო საექიმო კომისიის დასკვნის შედგენაში მონაწილე ექიმ-ფსიქიატრებისათვის უცნობი იყო. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაასაბუთა შპს ... ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის 2000 წლის 6 ივნისის ¹195-ე საექიმო კომისიის დასკვნის გაუქმების იურიდიული ინტერესი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ი-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწრორად არ გამოიყენა 1995 წლის 21 მარტის «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტი პირის გამოკვლევისას მისი თანხმობის აუცილებლობის თაობაზე და ამავე კანონის მე-5 მუხლის მეშვიდე პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული ნორმის დარღვევას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ფსიქიატრი უ.კ-შვილი ადასტურებდა სადავო გამოკლვევის ფარულად ჩატარების ფაქტს. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა პროკურატურის დადგილებაზე თანდართულ მასალებს, მათ შორის, ფსიქიატრ უ.კ-შვილისა და ნ.მ-ძის განმარტებებს. პალატამ არ შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ არსებული მასალების მიხედვით პირის მდგომარეობის დადგენა შეუძლებელია.

მოცემული დავის განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტისა და მე-6 მუხლის მეექვსე პუნქტის დანაწესები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით დ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დ.ი-შვილმა 2011 წლის 9 მარტს ¹ვ-110-2011 განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელსაც დაურთო წერილობითი მტკიცებულებანი და დისკები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. ი-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია საექიმო კომისიის დასკვნის გაუქმებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ დ. ი-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 28 დეკემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ამასთან, დ.ი-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 9 მარტის ¹ვ-110-2011 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები და დისკები, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ დ. ი-შვილს დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი და 2011 წლის 9 მარტს ¹ვ-110-2011 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები და დისკები.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.