Facebook Twitter

ას-29-28-10 29 აპრილი, 2010წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჭ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ სარემონტო სამუშაოების ღირებულების გადახდა, საცხოვრებელ სახლზე მფლობელობის აღდგენა, დავის დასრულებამდე სახლში შესახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ს-ძის სარჩელი დ. ჭ-ძის მიმართ სარემონტო სამუშაოების ღირებულების გადახდის, სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... ქ.¹134-ში, მფლობელობის აღდგენისა და დავის დასრულებამდე შესახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. ქუთაისში ...... ქ.¹134-ში მდებარე დ. ჭ-ძის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.ქუთაისის ლენინის რაიონის სასამართლოს 1983 წლის 05 აგვისტოს ¹2/365 გადაწყვეტილებით ბ. ს-ძე და დ. ჭ-ძე განქორწინდნენ და შვილების – გ. და ი. ს-ძეების სრულწლოვანებამდე დ. ჭ-ძის სასარგებლოდ მოსარჩელე ბ. ს-ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შემოსავლების 1/3-ის ოდენობით.

სასამართლომ დაადგინა, რომ სახლი, რომელზედაც მოსარჩელის მითითებით გაწეულ იქნა ხარჯები, 1990 წლამდე ეკუთვნოდა მოპასუხის მამას, რომელმაც შემდგომში ჩუქების ხელშეკრულებით იგი თავის შვილს _ დ. ჭ-ძეს აჩუქა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოება 160 000 მანეთის ღირებულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შესახებ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია დ. ჭ-ძის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.

დავის გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე, 976-ე მუხლები და მიიჩნია, რომ არც სახელშეკრულებო და არ ვალდებულებითი ურთიერთობები მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არ არსებობდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები 1983 წლიდან განქორწინებულები იყვნენ, ხოლო სადავო სახლი, რომელზედაც მოსარჩელისა და მოწმეთა მითითებით გაწეული იქნა ხარჯები, 1990 წლამდე ეკუთვნოდა მოპასუხის მამას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე მითითებით სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია იმის გამოც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1983 წლის 06 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბ. ს-ძეს დაკისრებული ქონდა შვილების სრულწოვანებამდე თავისი ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის გადახდა, რადგან აღნიშნული ვალდებულება ძალაში იყო სახლის რეკონსტრუქციის დროსაც, სასამართლომ გაწეული ხარჯები მოსარჩელის მიერ ძველი ვალდებულების შესრულებად მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ ქ. ქუთაისში ...... ქ.¹134-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე უფლების აღდგენა და მასში ბ. ს-ძის შესახლება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ბ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

1975 წელს ბ. ს-ძე და დ. ჭ-ძე გატარდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 1985 წელს მათ შორის მოხდა განქორწინების რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივ გარემოება, რომ 1988-89 წლებში მოსარჩელე ბ. ს-ძის მიერ სადავო საცხოვრებელ სახლს, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... ქ.¹134-ში ნამდვილად ჩაუტარდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დ. ჭ-ძის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა, სწორედ 1990 წლიდან უნდა ათვლილიყო და არა 2004 წლიდან.

სასამართლოს ამგვარი პოზიცია გამომდინარეობდა თავად უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის სამართლებრივი შინაარსიდან, რომელიც არ იყო დაკავშირებული არც სანივთო და არც სახელშეკრულებო უფლებასთან, არამედ იგი სახეზე იყო იმ დროიდან რა დროსაც პირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული რაიმე ქმედებით ამდიდრებს სხვას.

1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შEსაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ს-ძის უფლება დაირღვა 1990 წლიდან, როდესაც მან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გარკვეული ხარჯები გასწია სხვის ქონებაზე. ანუ უსაფუძვლოდ გაამდიდრა სხვა და არა 2004 წლიდან, როცა მას, თავისივე აზრით, დაურღვიეს მესაკუთრის სანივთო უფლება, რის გამოც იძულებული გახდა სადავო საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პალატა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლიდა შესაძლებად ხანდაზმულობის ვადის 2004 წლიდან ათვლას, თუ 1990 წლიდან მოსარჩელე თავის მოთხოვნას წაუყენებდა მოპასუხე მხარეს და იგი რიამე ნორმით აღიარებდა წაყენებული მოთხოვნის მართებულობას, ამასთან უარს არ იტყოდა მის დაკმაყოფილებაზე. მსგავსი ფაქტობრივი გარემოების არსებობაზე აპელანტს არც სააპელაციო საჩივარში, არც სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის არა 1964 წლის რედაქცია, არამედ ახალი რედაქცია, რომელიც მოქმედებდა 2004 წელს, როდესაც დაირღვა მისი უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით ბ. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ბ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.