ას-293-277-2011 10 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ს-ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ძე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა, ნივთის გაუმჯობესების, ავადმყოფის მოვლის, დაკრძალვისა და სასაფლაოს მოწყობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ძის მიმართ ქ.ბათუმში, .... ქ.¹110-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1993 წლიდან ლ.ს-ვა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ რ. მ-ძესთან, რომელთან ერთად ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. 2002 წლის 24 ივლისს რ. მ-ძესა და ქ.ბათუმის მერიასთან არსებულ საბინაო სერვისის წარმომადგენელ რ.ბ-ევს შორის გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროსაც ნოტარიუსმა მოითხოვა მოსარჩელის, როგორც რ.მ-ძის მეუღლის თანხმობა. ამავე წლის 8 ნოემბერს სადავო სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა რ.მ-ძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარე რ.ბ-ევს შორის. ბინა იყო ავარიული. მოსარჩელემ ძმისგან _ ზ. ს-ვასაგან ნასესხები 10000 აშშ დოლარით აღნიშნულ ბინას ჩაუტარა რემონტი, რის შედეგად უძრავი ნივთის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის შესაბამისად, ლ.ს-ვას უნდა მიეკუთვნოს სადავო უძრავი ნივთის 1/2. მოგვიანებით მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე თ. მ-ძისაგან სადავო საცხოვრებელი სახლის გაუმჯობესებისათვის დახარჯული 25 210 ლარის, რ. მ-ძის დაკრძალვასა და სასაფლაოს მოწყობისათვის _ 5840 ლარის, რ.მ-ძის ავადმყოფობისას გაწეული ხარჯის _ 2000 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის _ 1400 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ლ.ს-ვამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო რა მამის სამკვიდროში შემავალი სადავო უძრავი ნივთი, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის შესაბამისად, იგი ლ.ს-ვას ხარჯებით გაუმჯობესებული სამკვიდროს ნაწილში უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
თ. მ-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა საცხოვრებელი სახლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ლ. ს-ვასათვის ყოველთვიური ქირის _ 200 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: რ. მ-ძე გარდაიცვალა 2005 წლის 17 მარტს, რის შემდეგ მისმა შვილმა _ თ.მ-ძემ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო მამის სამკვიდრო _ ქ.ბათუმში, .... ქ¹110-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. შეგებებული სარჩელის ავტორი ვერ ახორციელებს თავისი საკუთრების უფლებას მითითებულ უძრავ ნივთზე, რადგან სახლში უკანონოდ ცხოვრობს რ.მ-ძის არარეგისტრირებული მეუღლე ლ.ს-ვა, რომელიც ბინას არ ათავისუფლებს და არც შესაბამის ქირას იხდის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს-ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. მ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების _ 24 770 ლარისა და რ. მ-ძის დაკრძალვის ხარჯების _ 5840 ლარის გადახდა, ლ.ს-ვას სარჩელი დანარჩენ ნაწილში და თ. მ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თ.მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სადავო სახლის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და რ.მ-ძის მოვლისა და დაკრძალვის ხარჯების 1885,2 ლარით შემცირება.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე თ. მ-ძეს მოსარჩელე ლ. ს-ვას სასარგებლოდ დაეკისრა 24 770 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ს-ვას სარჩელი ქ.ბათუმში, .... ქ¹110-ში მდებარე ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხე თ. მ-ძე არის აწGგარდაცვლილი რ. მ-ძის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე. მოსარჩელე ლ. ს-ვა 1993 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ. მ-ძესთან, ისინი 1993 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ ჯერ ... ქ¹36-ში მდებარე ¹27 ბინაში, ხოლო 2002 წლიდან რ.მ-ძის გარდაცვალებამდე _ ქ.ბათუმში, ... ქ¹110-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც რ. მ-ძემ შეიძინა 2002 წლის 8 ნოემბერს 1 000 ლარად. რ. მ-ძე გარდაიცვალა 2005 წლის 15 მარტს. ლ. ს-ვამ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დაუდგინდა იურიდიული ფაქტი იმის თაობაზე, რომ მას, აწ გარდაცვლილ რ. მ-ძესთან ჰქონდა ფაქტობრივი ცოლქმრული ურთიერთობა და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, ასევე იგი იყო 2002 წლის 8 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მონაწილე და რ. მ-ძესთან ერთად შეიძინა საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, რის შემდეგაც ლ. ს-ვამ სარჩელი წარადგინა რ. მ-ძის მემკვიდრის _ თ. მ-ძის წინააღმდეგ ზემოაღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ ცნობის, ქონების გაუმჯობესებაზე დახარჯული თანხების, ასევე რ. მ-ძის დაკრძალვისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამავე სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული თანხების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ს-ვას სარჩელი თ. მ-ძის მიმართ ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის _ 25210 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. ს-ვას სააპელაციო საჩივარი სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო საამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს არა სარჩელის სასამართლოში წარდგენის ხანდაზმულობის ვადას, არამედ კრედიტორის მიერ მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადას.
სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, როდის შეიტყო ლ.ს-ვამ თავისი უფლების დარღვევის თაობაზე, მიმართა თუ არა მემკვიდრე თ.მ-ძეს მამკვიდრებლის ვალებთან დაკავშირებით კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, როდის მიიღო მემკვიდრისაგან უარი და რა მომენტიდან წარმოიშვა, ანუ როდიდან დაიწყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა.
აპელანტ თ.მ-ძის მიერ, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ. მ-ძის მიმართ, რ. მ-ძის ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების _ 25210 ლარის ანაზღაურების თაობაზე წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე ლ. ს-ვას მიერ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტები: ლ.ს-ვასა და შპს «... ...» შორის დადებული ხელშეკრულება, ქ.ბათუმში, ... ქ¹110-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიშენების, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და გადახურვის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, ქ.ბათუმში, ... ქ¹110-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიშენების, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და გადახურვის სამუშაოების შესრულების აქტი და საამშენებო სამუშაოების წარმოებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ორი ქვითარი გაყალბებულია და ლ. ს-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ტ.ქ-ძემ, მ.მ-ძემ, ა.ღ-ძემ, გ.დ-იამ, ა.მ-ძემ, ზ.ც-იამ მიუთითეს, რომ სადავო სახლი, შეძენის დროისათვის იყო საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში და აღნიშნული სახლი გაარემონტა რ.მ-ძემ. მოწმეთა ჩვენებით ვერ დადგინდა თუ ვის ეკუთვნოდა სარემონტო სამუშაოებზე გაწეული თანხა, ამასთან, მოწმეებმა მ.მ-ძემ და ზ.ც-იამ აჩვენეს, რომ სარემონტო სამუშაოებისათვის თანხა რ.მ-ძეს გადასცა ლ.ს-ვას ძმამ, რაც მათთვის ცნობილი გახდა გარდაცვლილ რ.მ-ძესთან პირადი საუბრისას.
2006 წლის 4 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹110-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების შეფასება მოხდა საქმეზე წარმოდგენილი ფორმა ¹2-ის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად, რამაც შეადგინა 25210 ლარი, თუმცა ფორმა ¹2-ში ნაჩვენები კაფელის გაკვრა რეალურად შესრულებული არ ყოფილა, დროის რა მონაკვეთში განხორციელდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზის მიერ ვერ მოხერხდა სათანადო მეთოდის არარსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. პალატამ მიუთითა ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა მემკვიდრის ვალდებულება მამკვიდრებლის კრედიტორების სამკვიდრო ქონების ფარგლებში დაკმაყოფილების თაობაზე. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯის გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი. ამ დროს უნდა გაირკვეს რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში რეალურად ჩანს გამდიდრების ხარისხი.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის საფუძველზე არ გაიზიარა ლ. ს-ვას მოსაზრება, რომ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება რ.მ-ძის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, ლ. ს-ვას ხარჯებით საცხოვრებელი სახლის კაპიტალურად შეკეთების ფაქტი, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ღირებულება და რამაც გამოიწვია მემკვიდრის _ თ. მ-ძის გამდიდრება, რადგანაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხის ინიციატივით Mმოწმის სახით დაკითხულ არც ერთ პირს არ განუცხადებია, თუ ვინ იხდიდა სარემონტო სამუშაოების თანხებს, ან რა ოდენობით იქნა იგი დახარჯული, გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შეიცავს ერთგვაროვან ჩვენებებს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს განაჩენით დადგენილია საცხოვრებელ სახლზე გაწეული სარემონტო სამუშაოების მოცულობისა და ხარჯების დასადასტურებლად ლ.ს-ვას მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების: ლ.ს-ვასა და შპს «... ...» შორის დადებული ხელშეკრულების, ქ.ბათუმში, ... ქ¹110-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიშენების, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და გადახურვის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის, ქ.ბათუმში, ... ქ¹110-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიშენების, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და გადახურვის სამუშაოების შესრულების აქტისა და საამშენებო სამუშაოების წარმოებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ორი ქვითრის სიყალბე, მოპასუხის მიერ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება. ასევე არ დგინდება სარემონტო სამუშაოების ოდენობა და ის, თუ ვის მიერ არის გაწეული სარემონტო სამუშაოების ხარჯები. სასამართლომ ასევე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სარემონტო სამუშაოების ღირებულების თაობაზე, თუმცა არ გაიზიარა ამ დასკვნაში მითითებული გარემოებები იმ საფუძვლით, რომ შეფასება მოხდა საქმეზე წარმოდგენილი ფორმა ¹2-ის შესაბამისად, რაც სასამართლოს განაჩენით ყალბ დოკუმენტად არის მიჩნეული.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის დანაწესი გულისხმობს, რომ მამკვიდრებლის კრედიტორებმა იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, რ.მ-ძის გარდაცვალება ლ.ს-ვასათვის ცნობილი გახდა გარდაცვალების დღესვე _ 2005 წლის 15 მარტს, რ.მ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე მისი მემკვიდრისათვის პრეტენზიის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2005 წლის 15 სექტემბერი. რ.მ-ძის მემკვიდრის მიმართ სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა 2006 წლის 24 თებერვალს ანუ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, რაც მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებს, ხოლო ლ.ს-ვას მითითება, რომ თ.მ-ძეს მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების შესახებ წარუდგინა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, არ იქნა გაზიარებული, რადგანაც მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენია, ხოლო შპს «...» გამოთხოვილი ამონაწერი არ შეიცავს მონაცემებს 2005 წლის 15 მარტიდან 2005 წლის 15 სექტემბრამდე ლ.ს-ვასა და თ.მ-ძის სატელეფონო კავშირის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ვამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით ლ. ს-ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ამასთან, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 1238.5 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ს-ვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ქონების გაუმჯობასებაზე გაწეული ხარჯების მემკვიდრის მიერ ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესს, რადგანაც მხარემ უნდა დაადასტუროს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლისათვის კანონით დადგენილ ვადაში ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართვის ფაქტი, რა დროსაც სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დაცვის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელის მხარეზეა (იხ. სუსგ ¹ას-850-1064-08), აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, პალატა მიიჩნევს, ლ. ს-ვას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1238.5 ლარის 30% _ 371.55 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ლ. ს-ვას (პირადი ¹...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 371.55 ლარის გადახდა.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე».
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.