ას-294-277-10 24 ივნისი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)
მ. სულხანიშვილი(მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. ყ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ყ-იანი
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი_ ნ. ყ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე_ქ. ყ-იანი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ყ-იანის სარჩელი მოპასუხე ქ. ყ-იანის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თელავში, ... ქუჩა ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2008 წლის 17 იანვარს ნ. ყ-იანსა და ქ. ყ-იანს შორის რეესტრის ¹1-478, დამოწმებული ნოტარიუს ნ. გ-ურის მიერ და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ნ. ყ-იანის სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი, ქ.თელავში, ... ქუჩა ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2008 წლის 17 იანვარს ნ. ყ-იანსა (რწმუნ. ქ. ყ-იანი) და ქ. ყ-იანს შორის რეესტრის ¹1-479, დამოწმებული ნოტარიუს ნ. გ-ურის მიერ და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ნ. ყ-იანის სახელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ყ-იანმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
საქმე განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით ქ. ყ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელე ნ. ყ-იანმა გასცა საკუთრების მინდობილობა (რეესტრში რეგისტრაციის ¹1-12727) ქ. ყ-იანის სახელზე, რითაც მას მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის დაედო გარიგება საკუთარ თავთან.
2007 წლის 28 დეკემბერს ნოტარიუსის დადგენილებით (რეგისტრაციის ¹110107) გაუქმებულ იქნა 2007 წლის 5 ოქტომბრის საკუთრების მინდობილობა.
2008 წლის 17 იანვარს მოპასუხე ქ. ყ-იანმა დადო ნასყიდობის ხელშეკრულებები (რეესტრის ¹1-478 და რეესტრის ¹1-479), რომლითაც იგი ერთდროულად წარმოადგენდა ნ. ყ-იანს (გამყიდველს) და საკუთარ თავს (მყიდველს), ქ.თელავში არსებული ორი საცხოვრებელი სახლის შეძენისას.
2007 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუს მ. ბ-ძის მიერ დამოწმებულ იქნა ნ. ყ-იანის განცხადება (რეესტრის ¹1-16656) 2007 წლის 5 ოქტომბრის მინდობილობის გაუქმების შესახებ. აღნიშნული პროცედურა განხორციელდა მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ.თბილისი, ... ქუჩა ¹20. აღნიშნული განცხადება გახდა შემდგომში 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილების მიღების საფუძველი, რომლითაც გაუქმდა 2007 წლის 5 ოტომბრის მინდობილობა.
იმავე დღეს მოსარჩელის ბინაში მისული იყო მოპასუხის მეუღლე თ. ნ-იანი, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე აუქმებდა მინდობილობას, რისთვისაც მიწვეული იყო ნოტარიუსი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი, რომ მოპასუხის მეუღლემ იცოდა მინდობილობის გაუქმების შესახებ და გათვიცნობიერებული ჰქონდა მისი შედეგები.
2007 წლის 20 დეკემბრიდან, ანუ იმ დღიდან რაც, აპელანტის მეუღლე შეესწრო იმ გარემოებას, რომ ნ. ყ-იანს ბინაში მიწვეული ჰყავდა ნოტარიუსი, საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ძმისშვილსა (მოპასუხისა) და მამიდას (მოსარჩელეს) შორის ურთიერთობა შეწყდა.
საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნოტარიუს მ. ბ-ძის მიერ 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება – სანოტარო აქტი, რომლითაც გაუქმდა 2007 წლის 20 დეკემბერს გაცემული მინდობილობა, დაუყოვნებლივ ეცნობა ქ. ყ-იანს, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ხსენებული მინდობილობის მე-12 პუნქტის მე-2 წინადადებით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინ, რომ ქ. ყ-იანს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას და არც შემდეგ, არ გადაუცია ნასყიდობის თანხა ნ. ყ-იანისათვის. აღნიშნული გარემოების დამადსტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
პალტამ განმარტა, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) იცოდა, რომ ნ. ყ-იანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი 2007 წლის 5 ოქტომბრის მინდობილობის გაუქმება (იხ. მოცემული განჩინების 2.5. – 2ბ6., 4.5 – 4.6. პუნქტები), მიუხედავად ამისა, მან ელემენტარული წინდახედულობა, აღარაფერი ეთქვათ კეთილსინდისიერებასა და გულისხმიერებაზე, არ გამოიჩინა და არ გაარკვია, საკუთარ თავთან გარიგებების დადების დროს იყო თუ არა იგი უფლებამოსილი ემოქმედა ნ. ყ-იანის სახელით, ანუ იყო თუ არა მინდობილობა კვლავ ძალაში. 2007 წლის 5 ოქტომბრის საკუთრების მინდობის ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველ წინადადებაში გარკვევითაა მითითებული, რომ მინდობილობა მოქმედებს მის გაუქმებამდე. სადაო გარიგებების დადებამდე, ანუ 2008 წლის 17 იანვრამდე კი, საკუთრების მინდობილობის ხელშეკრულება უკვე გაუქმებული იყო 2007 წლის 28 დეკემბრის – სანოტარო აქტით.
პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია მარწმუნებელმა რწმუნებულს 2007 წლის 5 ოქტომბერს გაცემული მინდობილობის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ვერ შეატყობინა, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ხსენებული მინდობილობის მიე-12 პუნქტის მე-2 წინადადებით, მაგრამ ეს არ ათავისუფლებდა ქ. ყ-იანს ვალდებულებისაგან, გამოეჩინა გულისხმიერება და კეთილსინდისიერება და ემოქმედა მხოლოდ მარწმუნებლის ინტერესებიდან გამომდინარე.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ყ-იანმა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილია სინადმვილესთან შეუსეაბამო გარემოება, რომ თითქოსდა მან იცოდა, რომ ნ. ყ-იანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი 2007 წლის 5 ოქტომბრის მინდობილობის გაუქმება. გასაჩივრებული განჩინების ეს ნაწილი კასატორის აზრით ეწინააღმდეგება კანონს, რადგან უფლებმოსილების მინიჭებისათვის საკმარისია შესაბამისი დოკუმენტის შედგენა. შესაბამისად, მცდარია სასამართლოს შეხედულება, რომ წარმომადგენელი ვალდებულია ყოველი მოქმედების შესრულების წინ გამოარკვიოს გააჩნია თუ არა უფლებამოსილება.
ამასთან, კასატორის აზრით, გასაჩივრებული განჩინებით კანონშეუსაბამო დასკვნებია გამოტანილი 2008 წლის 17 იანვრით დათარიღებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით.კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულება შეიძლება იურიდიულად ნამდვილი იყოს, მაგრამ არ შესრულდეს. ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობა კი არ იწვევს ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
კასატორის მითითებით, სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე არ იქნებოდა თ. ნ-იანის ან ნებისმიერი პირის მიერ იმის შეტყობინება, რომ ნ. ყ-იანი აპირებს მინდობილობის გაუქმებას. (აქვე გავიმეორებთ, რომ თ. ნ-იანს არც ის შეუტყვია, რომ ნ. ყ-იანი აპირებდა მინდობილობის გაუქმებას). სამართლებრივი მნიშვნელობა ექნებოდა მინდობილ მესაკუთრისთვის (ქ. ყ-იანისთვის) იმის ცნობებას, რომ მინდობილობა გაუქმდა, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთან, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თ. ნ-იანმა იცოდა მინდობილობის გაუქმების შესახებ,
კასატორის აზრით, გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია სასამართლოს მიერ იმ საყოველთაოდ ცნობილი დებულების იგნორირებით, რომ ხელშეკრულება მხარეთათვის სავალდებულო ხასიათის მატარებელი დოკუმენტია. სააპელაციო სასამართლო კი ძირითად აქცენტს ფსევდო-მორალისტურ მოძღვრებაზე აკეთებს და იგნორირებას უკეთებს 2007 წლის 5 ოქტომბრის საკუთრების მინდობის ხელშეკრულებაში მითითებულ დებულებებს, რომელშიც განსაზღვრულია როგორც ის, თუ რისი უფლებამოილება გააჩნია წარმომადგენელს, ასევე ის, თუ როგორც უნდა გაუქმდეს მინდობილობა.
კასატორის მითითებით, ის გასაჩივრებული გარიგებების დადებისას მოქმედებდა უფლებამოსილებათა ფარგლებში. მან სადაო ქონება შეიძინა იმ ფასად, როგორც იგი თავის დროზე გასხვისდა ნ. ყ-იანზე ქ. ყ-იანის მამის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინება შერგებებული საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ყ-იანმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი 4.7 და 4.20 პუნქტების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი და ნ. ყ-იანის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი და ნ. ყ-იანის შეგებებული საკასაციო რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ქ. ყ-იანს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1,000 ლარის 70% - 700 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
ნ. ყ-იანის შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს ქ. ყ-იანის დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 700 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.