Facebook Twitter

ას-295-278-2010 31 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) _ მ. წ-ძე, ე. ბ-კინი, ი. თ-ძე, დ. ს-ძე, რ. გ-ძე, რ. წ-ძე (წარმომადგენელი ე. მ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) _ 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ სახელფასო და კვების ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 22 თებერვალს შალანდა “გ-ი-2-ის” წევრებმა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ სსიპ ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ “ს-ისა” და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებს დაკისრებოდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელფასო და კვების ხარჯები, კერძოდ:

ა. მ. წ-ძის სასარგებლოდ 4 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ. ე. ბ-ინის სასარგებლოდ 2 391 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

გ. რ. წ-ძის სასარგებლოდ 3 826 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

დ. ი. თ-ძის სასარგებლოდ 2 391 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ე. დ. ს-ძის სასარგებლოდ 2 391 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ვ. რ. გ-ძის სასარგებლოდ 3 255 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში (ტომი I, ს.ფ. 1-2)

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე სსიპ ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი “ს-ა” შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ სსიპ “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრით”. ამავე განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 70-71).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ “მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის” შუამდგომლობის საფუძველზე ეს უკანასკნელი შეცვალა მისი უფლებამონაცვლით _ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოთი (ტომი I, ს.ფ. 227-230).

2009 წლის 8 მაისს დანიშნულ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოსარჩელეები და მათი წარმომადგენელი ე. მ-ძე. მოპასუხეების_ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 278-280).

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. წ-ძის, ე. ბ-კინის, ი. თ-ძის, დ. ს-ძის, რ. გ-ძის, რ. წ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მათი გამოუცხადებლობის გამო (ტომი I, ს.ფ 281-286).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელეების მ. წ-ძის და სხვების წარმომადგენელმა ე. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მ. წ-ძისთვის გაგზავნილი უწყება, რომელიც იმყოფებოდა ნაოსნობაში, ჩაჰბარდა მის მამას _ ა. წ-ძეს, ხოლო წარმომადგენელ ე. მ-ძეს მისმა თანამშრომელმა, რომლისთვისაც მოხდა შეტყობინება, შეცდომით აცნობა სხდომის ჩატარების დრო, კერძოდ, 11.00სთ-ის ნაცვლად 14.00სთ. სხდომის ჩატარების პერიოდში იგი იმყოფებოდა სასამართლოს ეზოში და პროცესზე შესვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ე. მ-ძე ასევე შეხვდა პროცესიდან გამოსულ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს, რომელმაც აცნობა მას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე დაბარებული არ ყოფილა პროცესზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ტომი I, ს.ფ. 295-309).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 336-344).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შალანდა “გ-ი 2”-ის კაპიტანმა მ. წ-ძემ და ეკიპაჟის სხვა წევრებმა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება (ტომი I, ს.ფ. 358-363).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დასკვნები და სამართლებრივი შეფასება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს, ან სსსკ 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ მოსარჩელეების _ ე. ბ-ინის, რ. წ-ძის, ი. თ-ძის, დ. ს-ძის, რ. გ-ძის წარმომადგენელ ე. მ-ძეს სასამართლო უწყება გაეგზავნა მისი სამუშაო ადგილის მიხედვით. 2009 წლის 10 აპრილს უწყება ჩაჰბარდა მის თანამშრომელ მ. მ-ძეს. ის გარემოება, რომ მ. მ-ძე ე. მ-ძის თანამშრომელი იყო, ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია. პირიქით, უწყების ჩაბარების საკითხის გასარკვევად მას ესაუბრა მოსამართლის თანაშემწე, რომელსაც ე. მ-ძემ დაუდასტურა უწყების ჩაბარება მისი თანამშრომლის მეშვეობით.

რაც შეეხებოდა მ. წ-ძეს, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-ძის მიერ წარდგენილ საჩივარს ერთვოდა მ. წ-ძის მიერ ე. მ-ძის სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომელიც დათარიღებულია 2009 წლის 24 აპრილით. აღნიშნული კი იმაზე მეტყველებდა, რომ ე. მ-ძე უკვე იყო უფლებამოსილი, წარედგინა და დაეცვა მ. წ-ძის ინტერესები სასამართლოში 2009 წლის 8 მაისის სხდომაზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაასკვნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები დაცული იყო, მხარეებს უწყება ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელეს გაეგზავნა და ჩაბარდა უწყება კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 61-69)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. წ-ძემ, ე. ბ-კინმა, ი. თ-ძემ, დ. ს-ძემ, რ. გ-ძემ და რ. წ-ძემ (წარმომადგენელი ე. მ-ძე), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების, 2009 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

კასატორები მიუთითითებენ, რომ მ. წ-ძეს უწყება არ ჩაბარებია, იგი გადაეცა მის მამას, თუმცა მოსარჩელე არ იყო და არც ამჟამად არის მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრი. აღნიშნულ გარემოებაზე მ. წ-ძის წარმომადგენელი ე. მ-ძე სააპელაციო სასამართლოშიც მიუთითებდა. ე. მ-ძეს უწყება გაეგზავნა, მაგრამ მას შეცდომით ეცნობა სხდომის ჩატარების დრო (ტომი II, ს.ფ. 74-82).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ-ძის, ე. ბ-კინის, ი. თ-ძის, დ. ს-ძის, რ. გ-ძისა და რ. წ-ძის (წარმომადგენელი ე. მ-ძე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მ. წ-ძის, ე. ბ-კინის, ი. თ-ძის, დ. ს-ძის, რ. გ-ძისა და რ. წ-ძის (წარმომადგენელი ე. მ-ძე) საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. წ-ძის, ე. ბ-კინის, ი. თ-ძის, დ. ს-ძის, რ. გ-ძისა და რ. წ-ძის (წარმომადგენელი ე. მ-ძე) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.