ას-295-279-2011 30 მაისი, 2011 წელი
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს. კ-ო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ფ-ძე, ჟ. ვ-ძე, თ. ჩ-ოვი, ვ. ტ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სასაზღვრე მიჯნის აღდგენა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. კ-ომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ვ-ძის, თ. ჩ-ოვის, ვ. ტ-ისა და ო. ფ-ძის მიმართ ქ.ბათუმში, ... ქ¹12-ში მდებარე 422 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 65 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ხოლო ... ქ¹16-ში მდებარე 485 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 54 კვ.მ მიწის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, მისი კუთვნილი 479 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა ნაკვეთებისაგან გამიჯვნისა და უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
მოსარჩელეს ქ.ბათუმში, ... ქ¹14-ში საკუთრებაში გააჩნია 134.74 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 479 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამავე მისამართზე მთლიანი სახლთმფლობელობის 243.58 კვ. მეტრიდან 5/6 ნაწილზე საკუთრების უფლება გააჩნია ო. ფ-ძეს, 2/13 _ ვ. ტ-ს, 1/13 _ ჟ. ვ-ძეს. სახლთმფლობელობა განლაგენული 442 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მოპასუხეებს საკუთრების უფლება გააჩნიათ 416 კვ. მეტრზე, ხოლო ფაქტობრივად ფლობენ 506 კვ. მეტრს.
ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ასევე გააჩნია დ. ჩ-ანს. საარქივო მონაცემების თანახმად, ამ უკანასკნელს საკუთრების უფლება ერიცხება 361 კვ.მ მიწაზე, ხოლო ფაქტობრივად ფლობს 485 კვ. მეტრს. მოსარჩელის ნაკვეთი არ არის გამიჯნული ღობით.
შპს «...» მიერ შედგენილი ნახაზით დასტურდება, რომ მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართზე ნაკლებს ფლობს, კერძოდ, მის ფაქტობრივ მფლობელობაში, ნაცვლად 479 კვ. მეტრისა, 359.8 კვ. მეტრია. მოსარჩელის განმარტებით, მისი დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენა შესაძლებელია ქ.ბათუმში, ... ქ¹12-დან 65 კვ.მ ფართის, ხოლო ამავე ქუჩის ¹16-დან _ 54 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების გზით.
ო. ფ-ძემ შესაგებლით მიმართა სასამართლოს და სარჩელი არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
მოპასუხე ო.ფ-ძეს თანასაკუთრებიდან საერთო საკუთრებაში გააჩნია 442 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობის სასარგებლო ფართის _ 243.58 კვ. მეტრის 5/6 ნაწილი. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგანაც ო.ფ-ძე ფლობს და სარგებლობს რეესტრში რეგსტრირებული წილობრივი მონაცემების შესაბამის ფართს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა კუთვნილი ფართიდან ნაწილის გამოყოფისა და მოსარჩელისათვის მიკუთვნების თაობაზე უსაფუძვლოა, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ო.ფ-ძემ ს.კ-ოს მოთხოვნა თანასაკუთრებიდან მისი კუთვნილი წილის გამოყოფის თაობაზე, რადგანაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მიწის გამიჯვნის შედეგად არ დაზარალდებიან მეზობლები, ასევე არ დაუდასტურებია, რომ რეალურად არსებობს წილის გამიჯვნის შესაძლებლობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ს. კ-ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 1996 წლის 20 სექტემბერს, ს. კ-ოსა და რ. თ-ოვს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რ. თ-ოვმა ს. კ-ოს გადასცა ქ.ბათუმში, ... ქ¹14-ში მდებარე ერთსართულიანი ლიტ ,,ა” და ერთსართულიანი ლიტერ ,,ბ” საცხოვრებელი სახლი, რომელთა სასარგებლო ფართი 134,74 კვ. მეტრია, მათ შორის, საცხოვრებელი ფართი 93,21 კვ.მ დამხმარე ფართი _ 41,53 კვ.მ, 5/9 ნაწილი განლაგებულია 479 კვ.მ მიწის ფართობზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ გაცემული ამონაწერის და კერძო მფლობელობაში არსებული ბინების საცხოვრებელი სახლისა და არასაცხოვრებელი ფართის ტექ.პასპორტის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹14ბ-ში რეგისტრირებულია ს. კ-ოს საკუთრების უფლება ლიტერ ,,ა» ქვის ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე, საერთო ფართით 134,74 კვ.მ მათ შორის საცხოვრებელი ფართი _ 93,21 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 41,53 კვ.მ, Mმიწის ნაკვეთის ფართობი კი შეადგენს 479 კვ. მეტრს. შპს ,,....» მიერ, ს.კ-ოს დაკვეთის საფუძველზე, 2008 წლის 20 ივნისს გაცემული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 359,8 კვ. მეტრია. ქ.ბათუმში, ... ქ¹12-ში, ვ. ტ-ის, ო. ფ-ძისა და ჟ. ვ-ძის სახლთმფლობელობა განლაგებულია მათ თანასაკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომლის საერთო ფართი 442 კვ. მეტრია. კერძო მფლობელობაში არსებული ბინების საცხოვრებელი სახლისა და არასაცხოვრებელი ფართის ტექ.პასპორტის თანახმად, ჩ-ოვ მუზიკოს სახლთმფლობელობა განლაგებულია 405 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მ. ჩ-ოვა არის თ. ჩ-ოვის ბებია. საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური სამსახურის მიერ, 2008 წლის 30 ივნისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹14-ში მდებარე, ს. კ-ოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შეადგენს 479 კვ. მეტრს, რაც არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით და საინჟინრო-ტექნიკური გაზომვებით მიღებულ მონაცემებს, იგი 360 კვ. მეტრია. სავარაუდოდ მიწის დანაკლისი ნაწილები არის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის 2010 წლის 8 ნოემბრის ¹3823-08-4 დასკვნაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული დასკვნა, როგორც მტკიცებულება, არ გაიზიარა, რადგან იგი არ შეიცავს მსჯელობას, თუ როგორ დაადგინა ექსპერტმა ს.კ-ოს მიწის ნაკვეთის მოპასუხეების მიერ და არა მისი საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ სახლთმფლობელების მიერ დაკავების ფაქტი. პალატამ ყურადღება გაამახვილა ექსპერტის ზეპირ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც ნახაზი პირობითად შედგენილი დოკუმენტია, მიწა უნდა გაიყოს ექსპერტიზის დასკვნის დანართის მიხედვით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებმა უარი განაცხადეს ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, თუკი სადავო მიწის ნაკვეთები იმგვარად გაიმიჯნება, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნის დანართშია, მოწინააღმდეგე მხარის ნაკვეთების საზღვრები შეიცვლება რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შედარებით, გარდა ამისა, ჟ.ვ-ძის სახლთან მისასვლელი გზა აღარ იარსებებს. ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევითი ნაწილი არ შეიცავს საჯარო რეესტრში დაცული ტექნიკური ნახაზის ფარგლებში (საზღვრებში) მიწის ნაკვეთებზე მსჯელობას და დასკვნა დამყარებულია ამ ნახაზების ცვლილების შედეგად მიღებულ მონაცემებზე, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, 2010 წლის 8 ნოემბრის ექსპერტის ¹3823-08-4 დასკვნა არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდებოდა ს.კ-ოს მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობაში არსებობის ფაქტი და ამ ქონების გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, ამასთან, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ, მართალია, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ს.კ-ოს მიწის ნაკვეთი 479.0 კვ. მეტრია, ფაქტობრივად კი _ 360.0 კვ.მ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეები ათეული წლები იმგვარად ფლობენ მიწის ნაკვეთს, როგორადაც დღეს და მოდავე მხარეთა შორის სასაზღვრო მიჯნა ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1996 წლიდან) იმავე სახით არის გავლებული, მხარეთა შორის საზღვარი დადგენილია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სასაზღვრო მიჯნის დადგენისა და მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-ომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგანაც სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ არ გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა და ექპსერტის მიერ მიცემული განმარტება. საქმის მასალებით დასტურდება მხარის კანონიერი უფლება 479 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საიდანაც მოსარჩელე ვერ ფლობს და ვერ სარგებლობს 119 კვ.მ მიწით. სასამართლოს გადაწყვეტილება მიკერძოებულია, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება საქართველოს კანსტიტუციით აღიარებულ საკუთრების ხელშეუხებლობას, ამასთან, გადაწყვეტილება განსხვავდება მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით დადგენილია ქონების მესაკუთრუის მიერ ამ ქონების ფლობის შესაძლებლობა, ამავე კოდექსის 1513-ე მუხლით ს.კ-ო 479 კვ.მ ფართის მესაკუთრეა 1996 წლიდან მოყოლებული ტექ.ბიუროს საარქივო მონაცემების საფუძველზე, ხოლო მოპასუხეებმა მას ზემოაღნიშნული ქონებიდან უხეშად წაართვეს ნაწილი.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ტექნიკური პასპორტის მონაცემებითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხარეთა ფაქტობრივი ფლობისა და რეგისტრირებული მონაცემების ზუსტი ოდენობა, ხოლო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადგინა მხარეთა შორის საზღვრის არსებობა.
დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ ნაკვეთების გამიჯვნის შემთხვევაში ჟ.ვ-ძის სახლთან მისასვლელი აღარ იარსებებს, რადგანაც ს.კ-ო ცხოვრობს ... ქ¹14-ში, ხოლო ჟ.ვ-ძე _ ... ქ¹12-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ჟ.ვ-ძეს პრეტენზია არ აქვს ო.ფ-ძესთან, რომელმაც ჟ.ვ-ძეს სახლთან მისასვლელი გზა დაუტოვა მხოლოდ მისი შენობის ქვეშ, მოცემულ დავასთან არაფერი საერთო არ აქვს ჟ.ვ-ძის სახლთან მისასვლელ გზას, ამასთან კანონით დაცული უფლება სწორედ ისაა, რომ მესაკუთრემ სახლთან მისასვლელად უნდა ისარგებლოს მისი სახლთმფლობელობის განლაგების ადგილით და არა სხვა ადგილით. სასამართლომ არასრულად გამოიკვლია მტკიცებულებები, რის გამოც დაირღვა სამართლიანობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ს.კ-ოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს. კ-ოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. კ-ოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ს. კ-ოს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. კ-ოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ს. კ-ოს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.