ბს-1150-981-კ-04 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ცნობა, ბინით დაკმაყოფილება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29 ივნისს კ. ჯ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში თბილისის მერიის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა თბილისში, ... მშენებარე სახლში სამოთახიანი ბინის გამოყოფა და მორალური და მატერიალური ზიანის სახით 200000 ლარის ანაზღაურება:
მოსარჩელის მითითებით, იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა ... მდებარე სამოთახიან ბინაში, რომელიც 1988 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. მოსარჩელემ სახლის აღდგენა-რეკონსტრუქციის ნებართვის მისაღებად მიმართა შესაბამის ორგანოებს, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან აღნიშნული ტერიტორია ქალაქის რეკონსტრუქციის ზონას წარმოადგენდა. მოსარჩელის აზრით, თბილისის მერიამ უკანონოდ დაუმაგრა ... მდებარე მიწის ნაკვეთი ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ი.-ს”, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის მთაწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 19 დეკემბრის ¹2982 გადაწყვეტილებით მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოუყვეს ოროთახიანი ბინა დიდ დიღომში მშენებარე კორპუსში, რომელიც ამჟამადაც დაუმთავრებელია.
მოპასუხე თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მიუთითა, რომ ... მდებარე 247,95 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლი, მძიმე ავარიულობის გამო აღებულ იქნა, სახლში მოსარჩელეს სახელზე ირიცხებოდა 15,4 კვ.მ, რის სანაცვლოდ მთაწმინდის რაიაღმასკომის 1990წ. ¹2982 გადაწყვეტილებით გამოეყო 33 კვ.მ ოროთახიანი ბინა დიდ დიღომში. ამდენად, მოსარჩელე დაკმაყოფილდა სანაცვლო ფართით და სარჩელი უსაფუძვლოა. ამასთან, მოპასუხის აზრით, მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
მოპასუხე ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ი.-მ” სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 8 მაისის ¹09.36.537 დადგენილებით მას დაუმაგრდა ... მდებარე ბინის ფართი და შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით განხორციელდა ბინათმშენებლობა. 1988 წელს მიწაზე კერძო საკუთრება არ არსებობდა და მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც სახელმწიფომ მას დაუმაგრა და იგი კანონიერი მფლობელია. სახელმწიფომ კი ... მაცხოვრებლები შესაძლებლობის ფარგლებში დააკმაყოფილა ბინებით.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით კ. ჯ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის მერიას დაევალა ამხანაგობა “ი.-ის” მიერ ... მშენებარე მრავალსართულიან სახლში მოსარჩელის დაკმაყოფილება ოროთახიანი ბინის შესაბამისი საცხოვრებელი ფართითა და სათავსოებით. თბილისის მერიას ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 100000 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის მერიის მიერ. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო სასამართლოს მიერ.
ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის სხვა მოთხოვნები შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:
სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რადგან მიიჩნია, რომ სასამართლოს ჯეროვნად არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე კ. ჯ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება თბილისში, ... მდებარე ორსართულიანი სახლის 1/16 _ 17,5 კვ.მ, საფუძველი კალინინის რაიონის 1981წ. 9 იანვრის აქტი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული სახლი ხანძრის შედეგად განადგურდა 1988 წელს და დღეისათვის დანგრეულია. მთაწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის 1988წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ჯ.-ს გამოეყო 31,3 კვ.მ-ის ოროთახიანი ბინა დიდ დიღომში, რომელზეც მან უარი განაცხადა სართულის გამო და შემდეგ რაიაღმასკომის გადაწყვეტილებით კ. ჯ.-ს ასევე დიდ დიღომში გამოუყვეს 33 კვ.მ-ის ოროთახიანი ბინა, რომელიც დღემდე მშენებარეა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კ. ჯ.-ს საკუთრების უფლება არ დაუკარგავს ... რიცხულ ფართზე და არც სარგებლობის უფლება მოუპოვებია დიდ დიღომში გამოყოფილ ფართზე.
თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 28 მაისის ¹09.36.537 დადგენილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ი.-ს” დაუმაგრდა ... მდებარე თავისუფალი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, შესაბამისად, გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (9-25; 96-97). სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს ახალი სამოქალაქო კოდექსით, თანახმად 1507-ე მუხლისა. სასამართლოს აზრით, ვინაიდან კ. ჯ.-ს საკუთრებაში არსებული სახლი მდებარეობდა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, მათ შორის ურთიერთობა სამართლებრივად წარმოადგენს აღნაგობას, რაც სკ-ის 238-ე მუხლის მიხედვით არ ისპობა ნაკვეთზე აღმართული შენობის დანგრევით. ამიტომ მოსარჩელეს შენობის დანგრევით არ დაუკარგავს სამართლებრივი კავშირი მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესაბამის მიწის ნაკვეთზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეზე უნდა გავრცელდეს სკ-ის 150-ე და 1513-ე მუხლები და რომ კ. ჯ.-ს აქვს საკუთრების მოთხოვნის უფლება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესაბამის მიწის ნაკვეთზე. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის ამხანაგობა “ი.-სათვის” დამაგრებით შეილახა კ. ჯ.-ს კანონიერი ინტერესები და სკ-ის 976-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს აქვს უსაფუძვლო გამდიდრების წესით მოთხოვნის უფლება, კერძოდ კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტორს წარმოადგენს თბილისის მერია და კ. ჯ.-ს უფლება აქვს მისგან მოითხოვოს ნაკვეთის უკან დაბრუნება. მაგრამ, რადგან სადავო ნაკვეთი ამხანაგობა “ი.-ის” საკუთრებაა, მერიამ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს მისი ღირებულება. სადავო ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელოს თბილისის საკრებულოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით და მერიას კ. ჯ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ... ქუჩაზე 17,5 კვ.მ ნაკვეთის ღირებულება _ 3500 აშშ დოლარი.
სკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ბინის განადგურებაში თბილისის მერს ბრალი არ მიუძღვის და არც მიწის ნაკვეთის გასხვისებას მოჰყოლია შედეგად კ. ჯ.-ს უბინაოდ დატოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მოთხოვნას თბილისის მერიისათვის ... მდებარე ოროთახიანი ბინის შეძენის და კომპენსაციის სახით 30000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და არ უნდა დაკმყაოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თბილისის მერიის მიერ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას მისთვის 3500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძვეზე, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ... მდებარე კ. ჯ.-ს სახლი, ავარიულობის გამო აღებულ იქნა. ამ დროისათვის მიწის ნაკვეთი მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას შეადგენდა, ხოლო ახალი სკ-ის ამოქმედების მომენტისათვის ნაკვეთი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამაგრებული ჰქონდა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ი.-ს”, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ასევე მოსარჩელე კ. ჯ.-ს მიერ, რომელიც ითხოვს მის გაუქმებას და იგივე მოტივით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის მერიის წარმომადგენელმა კ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თავის მხრივ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ ცნო კ. ჯ.-მ, რომელმაც საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას მოითხოვა 10000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მერიისა და კ. ჯ.-ს საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ... მდებარე ორსართულიან სახლში 1/16 წილი ანუ 17,5 კვ.მ ირიცხება კასატორ (მოსარჩელე) კ. ჯ.-ს სახელზე, რასაც არც თბილისის მერია უარყოფს და რაც ასევე დასტურდება თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 2002წ. 26 მარტის ¹ჯ-185 ცნობით. ასევე უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ ... მდებარე სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1988წ. 19 ივნისს გაჩენილი ხანძრისაგან, რის გამოც სახლი დაექვემდებარა აღებას. კასატორი კ. ჯ.-ა მიუთითებდა, რომ იგი მიმართავდა განცხადებით თბილისის მაშინდელ ხელმძღვანელობას, რათა მიეცათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლის აღდგენის უფლება, რაც არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (კ. ჯ.-ს განცხადება თბილისის ქალაქის მერიისათვის მიმართვის ან ნებართვის მიცემაზე უარის თქმის შესახებ დოკუმენტი) საქმეში წარმოდგენილი არ არის და საკასაციო პალატა კასატორის ამ განმარტებას უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მთაწმინდის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990წ. 19 დეკემბრის ¹2982 გადაწყვეტილებით კ. ჯ.-ს გამოეყო დიდ დიღომში, ...-ის ¹8ა კორპუსში მდებარე 33 კვ.მ ოროთახიანი ბინა. სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოპასუხე თბილისის მერიის მხრიდან სკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით კ. ჯ.-ს ზიანი არ მისდგომია, რომ თბილისის მერიას ბრალი არ მიუძღვის ... მდებარე, კერძო სახლთმფლობელობის განადგურებაში, არამედ ეს გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით, კერძოდ, ხანძრის გამო. ამიტომ სკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე, ოროთახიან საცხოვრებელ ბინასთან ერთად მიწის ნაკვეთის კომპენსაციის სახით 3500 აშშ დოლარის კ. ჯ.-სათვის ანაზღაურება კანონიერია, ხოლო კასატორის მოთხოვნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ი.-ის” მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლში ოროთახიანი ბინის გამოყოფისა და ზიანის სახით 10000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ უკანონოა და თვით კასატორიც ვერ მიუთითებს თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. ამიტომ კ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ დააკმაყოფილებს.
საკასაციო პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რადგან სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 1513-ე მუხლისა და თბილისის საკრებულოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად, სწორად აუნაზღაურა კ. ჯ.-ს ... ქუჩაზე კუთვნილი 17,5 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 3500 აშშ დოლარის ოდენობით და ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება კანონიერია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის მერიისა და კ. ჯ.-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივრებში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენით, ასევე კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება კ. ჯ.-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და კომპენსაციის სახით 3500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიისა და კ. ჯ.-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. კასატორი კ. ჯ.- გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.