ას-298-281-10 17 ივნისი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე), მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი)
თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ქ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. წ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ. და ლ. ქ-შვილებმა მოპასუხეების _ მ. ს-შვილის, ნ. დ-ძისა და ნოტარიუს გ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა, მემკვიდრეობის უფლებადაკარგულად, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-შვილის სარჩელი და ლ. ქ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ქ-შვილი ცნობილ იქნა რ. ქ-შვილის მემკვიდრედ მისი დანაშთი ქონების 1/4¼ნაწილზე. ლ. ქ-შვილი ცნობილ იქნა რ. ქ-შვილის მემკვიდრედ. სასარჩელო მოთხოვნები მ. ს-შვილისა და დ-ძის მემკვიდრეობის უფლებადაკარგულად ცნობისა და ნ. დ-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ქ-შვილმა და ლ. ქ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით ლ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2009 წლის 22 სექტემბრის სასამართლო სხდომის დღის თაობაზე მხარეებს და მათ წარმომადგენლებს ეცნობათ საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, მიუხედავად ამისა, აპელანტი და მისი წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რაც შეეხება მ. ქ-შვილის 2009 წლის 18 სექტემბრის განცხადებას საქმის გადადების თაობაზე, აღნიშნული განცხადება სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
2009 წლის 22 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
2009 წლის 7 ოქტომბერს მალხზ ქ-შვილის წარმომადგენელმა, შ. ქ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. აპელანტმა თავის საჩივრის საფუძვლად მიუთითა, რომ ის სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის – შ. ქ-ძის მეშვეობით. აპელანტის განმარტებით სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, სასამართლოსთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ 2009 წლის 22 სექტემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდებოდა იმ მიზეზით, რომ იგი ამავე დღეს მიწვეული იყო სხვა სასამართლო სხდომაზე, აგრეთვე, აპელანტი მიუთითებს, რომ, როგორც მხარე, არ იყო მოწვეული საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მ. ქ-შვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მ. ქ-შვილი.
მოწინააღმდეგე მხარის – მ. ს-შვილისა და ნ. დ-ძის წარმომადგენელმა ძ-შვილმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
აპელანტი მ. ქ-შვილი 2009 წლის 22 სექტემბერს, 14-00 საათზე, დანიშნულ სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო ტელეფონის მეშვეობით, რაც დასტურდება საქმეში ჩაკერებული აქტით – "ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ”, რომელიც შედგენილია სასამართლოს შესაბამისი მოხელის – სხდომის მდივნის მიერ.
სააპელაციო სასამართლოში სხდომის გამართვის დროს შ. ქ-ძე აღარ წარმოადგენდა აპელანტ მ. ქ-შვილის წარმომადგენელს, ვინაიდან აპელანტმა 2009 წლის 14 ივლისის განცხადებით თავის წარმომადგენელს შეუწყვიტა უფლებამოსილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მხარე გაფრთხილებული იყო საქართვრლოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო მ. ქ-შვილის წარმომადგენელს შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება, არ არსებობს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნული განჩინება მ. ქ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა 2009 წლის 22 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმება, 2009 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინება საქმის გადადების გამო მ. ქ-შვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე მოითხოვა საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის და საქმის არსებითი განხილვის განახლება.
კასატორი მიიჩნევს, რომ აპელანტი მ. ქ-შვილი არ იყო მოწვეული 2009 წლის 22 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე დადგენილი წესით, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უშვებს ტექნიკური საშუალებით შეტყობინების შესაძლებლობას, მაგრამ ამ საპროცესო მოქმედებას კანონი მკაცრ მოთხოვნებს უყენებს, რა მოთხოვნებიც მოცემულ შემთხვევაში არ არის დაცული, კერძოდ, მასში არ არის მითითებული გამოცხადების ადგილი, საქმის დასახელება, დავის საგანი და სხდომის დარბაზის ნომერი. კასატორის მტკიცებით, ტელეფონით შეტყობინების აქტში მითითებულია, რომ ესაუბრნენ მ. ქ-შვილს, სინამდვილეში კი ესაუბრნენ მის მეუღლეს.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება გამოტანილია ისე, რომ საქმეში არ დევს სხდომის ოქმი რომლის შინაარსიც შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
მ. ქ-შვილის მტკიცებით, მას სასამართლომ არ გადასცა მის მიერ მოთხოვილი სატელეფონო საუბრის კომპიუტერული ჩანაწერი, რაც, მისი აზრით, ჩანაწერის არარსებობას ადასტურებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიღო მხედველობაში მისი 2009 წლის 18 სექტემბრის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე.
კასატორის მტკიცებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ დროულად არ აცნობა მას საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
მ. ქ-შვილი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მოუსპო მას პროცესში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა. მისი განმარტებით, არ არსებობდა მინდობილობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ 2009 წლის 22 სექტემბერს შ. ქ-ძის უფლებამოსილება ჩათვალა შეწყვეტილად. ამის შემდეგ მას უფლება მისცა, გასცნობოდა საქმის მასალებს, ხოლო 2009 წლის 25 ნოემბერს, როგორც უფლებაშეწყვეტილი წარმომადგენელი აღარ დაუშვა სხდომაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, მ. ქ-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლების დარღვევით განხორციელდა, რადგან საქმეში არსებული მასალებით (სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტი და სატელეფონო საუბრის დისკი) დასტურდება, რომ აღნიშნული მუხლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაცულია – კასატორს შეატყობინეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე 1 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მას არ აცნობეს სხდომის დარბაზის ნომერი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომია იმ სასამართლო სხდომის დარბაზის ნომრის გაგება, სადაც სასამართლო პროცესი წარიმართება..
საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლო სხდომის გადადების საფუძვლად მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს და მიაჩნია, რომ იგი არ იყო ვალდებული, სასამართლო სხდომა გადაედო, რადგან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ შ. ქ-ძე (2009 წლის 22 სექტემბერისათვის) აღარ იყო კასატორ მ. ქ-შვილის წარმომადგენელი.
მ. ქ-შვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2009 წლის 22 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი არ ასახავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, მხარეს შეეძლო გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.