ას-300-284-2011 30 მაისი, 2011 წელი
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. გ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «... ...», თ. ქ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «თბილისის ... ...სა» და თ. ქ-შვილის მიმართ შპს «თბილისის ... ...ს» 2009 წლის 16 ნოემბრის ¹05/12-09 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
2008 წლის პირველი თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 16 ნოემბერს შპს «თბილისის .... ....» განიხილა თ. ქ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია და თ. ქ-შვილის სასარგებლოდ ა. გ-შვილს დააკისრა 9000 აშშ დოლარის გადახდა, პირგასამტეხლოსა და თანხის ამოღების მიზნით დაადგინა იპოთეკით დატვირთული ა. გ-შვილის ქონების რეალიზაცია. შპს «თბილისის ... ...ს» გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან არ არსებობს ა. გ-შვილსა და თ. ქ-შვილს შორის საარბიტრაჟო შეთანხმება.
შპს «თბილისის ... ...» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავის განხილვა ...ს კომპეტენციას განეკუთვნებოდა და საქმე შპს «თბილსის ... ...» კანონის შესაბამისად განიხილა.
მოპასუხე თ. ქ-შვილმა ასევე არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ შპს «თბილისის ... ...» დავა განიხილა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს «თბილისის ... ...ს» 2009 წლის 16 ნოემბრის ¹05/12-09 გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «თბილისის ... ...სა» და თ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ა. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის პირველ თებერვალს თ. ქ-შვილსა და ა. გ-შვილს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების მე-14 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ დავას გადაწყვეტენ ურთიერთმოლაპარაკებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთვევაში დავა წყდება ...ს ან სასამართლო წესით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას განიხილავენ კერძო არბიტრაჟში. პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული პუნქტის საფუძველზე დგინდება, რომ მხარეები დავის განმხილველ კონკრეტულ არბიტრაჟზე არ შეთანხმებულან. შპს «თბილისის ... ...ს» 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ქ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია, ა. გ-შვილს თ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარის გადახდა, Aასევე, 2008 წლის პირველი ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ის (27 აშშ დოლარი) ოდენობით, თანხის ამოღების მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული ა. გ-შვილის კუთვნილი ქონების რეალიზაცია.
საარბიტრაჟო საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო საქმის წარმოებისას საარბიტრაჟო გზავნილი, თანდართული მასალებით ჩაბარდა ა. გ-შვილის შვილს – გ. გ-შვილს. საარბიტრაჟო სხდომის 2009 წლის 4 ნოემბრის ოქმით კი დგინდება, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ პრეტენდენტი თ. ქ-შვილი და მოპასუხის წარმომადგენელი ტ. უ-ძე. ა. გ-შვილის წარმომადგენლმა აცილება დააყენა ორი არბიტრის მიმართ იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შეთანხმებით საქმე უნდა განეხილა ერთ არბიტრს და არა სამს და მათ არ მიეცათ საშუალება, დაენიშნათ თავიანთი არბიტრი. ...ს მიერ აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სხდომის ოქმში მითითებულია ...ს თავმჯდომარის განმარტება, რომ მოპასუხეს ჩაბარდა საარბიტრაჟო პრეტენზია და თანდართული დოკუმენტაცია, ასევე ...ს შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მოპასუხეს შეეძლო არბიტრის დანიშვნა, რაც მან არ გამოიყენა. Aამავე სხდომის ოქმში დაფიქსირებულია ა. გ-შვილის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაგებლის წარმოსადგენად საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, ასევე მორიგების მიზნით გარკვეული ვადით სხდომის გადადების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა ...ს მიერ. 2009 წლის 6 ნოემბერს ა. გ-შვილის წარმომადგენელმა შპს «თბილისის .... ...» წარადგინა შეგებებული პრეტენზია, რომლითაც მოითხოვა 2008 წლის Pპირველ თებერვალს თ. ქ-შვილსა და ა. გ-შვილს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, Aასევე შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიით ა. გ-შვილის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში ქ. უ-ძის, გ. გ-ძისა და ნ. გ-ურის ჩაბმა და ფსიქოლოგიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა. შეგებებულ პრეტენზიაზე ა. გ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი, რის გამოსწორების მიზნითაც ა. გ-შვილის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შპს «თბილისის ... ....» და ითხოვა საარბიტრაჟო მოსაკრებლის შემცირება. ხარვეზის შეუვსებლობის გამო შეგებებული პრეტენზია არ იქნა მიღებული წარმოებაში. შპს «თბილისის ... ...ს» 2009 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. ა. გ-შვილის წარმომადგენლისთვის კი ცნობილი იყო სხდომის დღის თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ა. გ-შვილმა თავისი საპროცესო მოქმედებებით (შეგებებული სარჩელის აღძვრა, სხვადასხვა შუამდგომლობების დაყენება, სხდომაზე წარმომადგენლის მონაწილეობა) აღიარა შპს «თბილისის ... ...ს» კომპეტენცია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, მართალია, მხარეები დავის განმხილველ კონკრეტულ არბიტრაჟზე არ შეთანხმებულან, მაგრამ ა. გ-შვილმა თავისი საპროცესო მოქმედებებით (შეგებებული სარჩელის აღძვრა, სხვადასხვა შუამდგომლობების დაყენება, სხდომაზე წარმომადგენლის მონაწილეობა) აღიარა შპს «თბილისის ... ...ს» კომპეტენცია და მისი მოქმედებები აკმაყოფილებს საარბიტრაჟო შეთანხმების თაობაზე ნების გამოვლენის ნამდვილობის ყველა წინაპირობას, რის გამოც არ არსებობს «კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 43-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერ საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება დავის არბიტრაჟის წესით გადაწყვეტის თაობაზე, ასევე დაადგინა, რომ არ იყო შეთანხმებული დავის გადამწყვეტ არბიტრთა ვინაობა და მათი რაოდენობა, თუმცა სასამართლომ არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ შპს «თბილისის ... ...ს» განმარტებას და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კასატორს ჩაბარდა საარბიტრაჟო საქმის მასალები და განესაზღვრა დრო არბიტრთა დასანიშნად, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება, სასამართლომ არასწორად ჩათვალა საპროცესო მოქმედებად ის გარემოება, რომ კასატორის წერილობითი მოსაზრებით, რომელსაც ფორმალურად შესაგებელი ჰქვია, აცილება მისცა არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას, თუმცა არბიტრაჟის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მხარეს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამასთან საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ არასრულად იმსჯელა საქმის გარემოებებზე, რაც სარჩელსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, ამასთან პალატამ, მართალია, იხელმძღვანელა გარიგების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნორმებით, თუმცა არასწორად განმარტა კანონი, რაც საფუძვლად დაუდო ა.გ-შვილის მოთხოვნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას. კასატორის მითითებით, მან სააპელაციო სასამართლოში ჯეროვნად ვერ მოახერხა საკუთარი ინტერესების დაცვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს ჰქონდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების არასრული სია, ხოლო მხარე საჭიროებდა კვალიფიციური ადვოკატის დახმარებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ა. გ-შვილს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.