Facebook Twitter

ას-301-284-2010 17 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. დ-შვილი (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ს-ავა, კ. გ-ოვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. გ-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ-შვილის მიმართ მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების _ 14400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის _ 23040 ლარის დაბრუნების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 19 ივნისს ე. ს-ავამ ნ. დ-შვილს ასესხა 9000 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა 15120 ლარს. ამავე ხელშეკრულებით, ნ. დ-შვილმა იკისრა ვალდებულება, ვალი დაებრუნებინა 2008 წლის 19 თებერვალს პროცენტის დაურიცხავად. სესხის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იპოთეკით დაიტვირთა ქ.გორში, ... ქ.¹176\60-ში მდებარე ნ. დ-შვილის კუთვნილი ბინა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად, იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის გორის სარეგისტრაციო განყოფილებაში.

2007 წლის 19 თებერვალს ნ. დ-შვილმა არ შეასრულა ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

2007 წლის 24 დეკემბერს კ. გ-ოვსა და ე. ს-ავას შორის გაფორმდა ე.წ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ე. ს-ავამ კ. გ-ოვს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნა ნ. დ-შვილის მიმართ, რაც წარმოადგენდა ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას იპოთეკასთან ერთად. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მისი მოთხოვნის მთლიანი მოცულობა შეადგენდა 14 400 აშშ დოლარს, ანუ 23040 ლარს.

ნ. დ-შვილმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების – ე. ს-ავასა და კ. გ-ოვის მიმართ 2008 წლის 4 და 11 დეკემბრის, 2007 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების გაუქმებისა და 2007 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტის 9 000 აშშ დოლარის ნაცვლად, 5 000 აშშ დოლარის დაფიქსირების, ხოლო მსესხებლად ნ. დ-შვილის ნაცვლად ა. ა-შვილის მითითების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ნ.დ-შვილის მულიშვილმა ა. ა-შვილმა 2007 წლის 19 ივნისს ე. ს-ავას შვილის – მ. ს-ავასგან 2008 წლის 19 თებერვლამდე ისესხა 5000 აშშ დოლარი. ა.ა-შვილის თხოვნით, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ბინა. ხელშეკრულებაში მითითებული თანხა _ 9 000 აშშ დოლარი მას არ გადასცემია და არც გადაეცემოდა, რადგან თანხა მ. ს-ავასაგან ისესხა არა შეგებებული სარჩელის ავტორმა, არამედ ა. ა-შვილმა. აღნიშნული თანხა 2008 წლის 19 თებერვლისთვის სარგებლიანად შეადგენდა 9000 აშშ დოლარს.

2008 წლის 24 დეკემბერს მ. ს-ავამ მოსთხოვა ა. ა-შვილს შვილს თანხის დაბრუნება. 2008 წლის 4 დეკემბერს მასთან სახლში მივიდა ე. ს-ავას შვილი – მ. ს-ავა, რომელმაც სთხოვა, წაჰყოლოდა ნოტარიუსთან და მოეწერა ხელი დოკუმენტზე, რომლითაც ა. ა-შვილის სესხის _ 5 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მისი ბინა. როგორც აღმოჩნდა, მ. ს-ავამ ისარგებლა ნ. დ-შვილის გამოუცდელობით, ვალის აღიარების მიზნით, მოატყუა და ხელი მოაწერინა არა ა. ა-შვილის მიერ აღებული სესხის უზრუნველყოფაზე, არამედ სულ სხვა ხელშეკრულებაზე, ვალის აღიარების თაობაზე. რეალურად არც ე. ს-ავას და არც მის შვილ მ. ს-ავას, მისთვის სესხი არასოდეს მიუციათ.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით კ. გ-ოვის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. დ-შვილს დაეკისრა კ. გ-ოვის სასარგებლოდ 14400 აშშ დოლარის, ანუ 23140 ლარის გადახდა, კ. გ-ოვის მიმართ არსებული დავალიანების _ 9 000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ქ.გორში, ... ქუჩა ¹176/60 მდებარე ნ. დ-შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, დანარჩენ ნაწილში კ. გ-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე უარი ეთქვა ე. ს-ავას სარჩელს და ნ. დ-შვილს შეგებებულ სარჩელს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. დ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ე. ს-ავასა და ნ. დ-შვილს შორის 2007 წლის 19 ივნისს დაიდო ¹1-5407 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს _ ნ. დ-შვილს გადაეცა 9 000 აშშ დოლარი, რაც თანხის გადაცემის დროისათვის შეადგენდა 15 120 ლარს. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 19 თებერვალი. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებელს. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრემ _ ნ. დ-შვილმა, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული გორში, ... ქუჩა ¹176/60 მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რაც დასტურდება 2007 წლის 20 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. 2008 წლის 4 დეკემბერს, ნ. დ-შვილსა და ე. ს-ავას შორის გაფორმდა ვალის აღიარების ¹1-6513 ხელშეკრულება, რომლითაც ნ. დ-შვილმა აღიარა ე. ს-ავას მიმართ დავალიანება 5 400 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების დადების დროისათვის აღნიშნული თანხა შეადგენდა 8964 ლარს.

2008 წლის 4 დეკემბრის ¹1-6513 ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მოვალის დავალიანება კრედიტორის წინაშე წარმოიშვა 2007 წლის 14 ივლისს. ვალი უნდა დაბრუნებულიყო სესხის სესხის გაცემიდან 6 თვის ვადაში. სესხს სარგებელი არ ერიცხებოდა. ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, მოვალე იღებდა ვალის გადახდის ვალდებულებას აღნიშნული ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებიდან ოთხი დღის განმავლობაში.

2007 წლის 24 დეკემბერს ე. ს-ავასა და კ. გ-ოვს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ¹1-10264 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ე. ს-ავამ კ. გ-ოვს დაუთმო 2007 წლის 19 ივნისის ¹1-5407 ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნა ნ. დ-შვილის მიმართ. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რაც დასტურდება 2007 წლის 26 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოთხოვნის მთლიანი მოცულობა შეადგენდა 14 400 აშშ დოლარს, ანუ 23 040 ლარს. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ახალი კრედიტორი ვალდებულია, მოვალეს წერილობით აცნობოს მოთხოვნის დათმობის შესახებ. 2008 წლის 11 დეკემბერს ე. ს-ავასა და კ. გ-ოვს შორის გაფორმდა ვალის დათმობის ¹1-6616 ხელშეკრულება, რომლითაც ე. ს-ავამ კ. გ-ოვს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნა, რაც მას გააჩნდა ნ. დ-შვილის მიმართ 2008 წლის 4 დეკემბერის ვალის აღიარების შესახებ ¹1-6513 ხელშეკრულების საფუძველზე. 2007 წლის 14 ივნისის ვალის აღიარების ხელწერილის მიხედვით, ნ. დ-შვილმა ე. ს-ავასგან 2007 წლის 14 ივნისს სესხის სახით მიიღო 5400 აშშ დოლარი. ამავე ხელწერილის თანახმად, ნ. დ-შვილმა აღიარა ე. ს-ავას მიმართ 14 400 აშშ დოლარის _ 23 040 ლარის ვალდებულების არსებობა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. პალატის მითითებით, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მხარემ ვერ დაადასტურა, რომ 2007 წლის 19 ივნისის სესხის ხელშეკრულების მხარეები არიან ა. ა-შვილი და მ. ს-ავა, ასევე 2008 წლის 4 დეკემბერს მას მოტყუებით უკარნახეს და დააწერინეს ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის მხოლოდ აღნიშნული სახის ზეპირი მითითება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით ვერ შესძლო იმ გარემოებების მტკიცება, რაზედაც იგი ამყარებდა თავის შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. დ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძველბით: სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და არ გაითვალისწინა, რომ კასატორს მოსარჩელისაგან არანაირი თანხა არ უსესხია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები შედგენილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ კასატორის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, კასატორისათვის არავის თანხა არ გადაუცია და იგი რაიმე გარიგების მხარე არ გამხდარა, ამდენად, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, მას ვერც რაიმე ვალდებულების შესრულება ვერ დაეკისრება. პალატამ მხედველობაში არ მიიღო, რომ ნ.დ-შვილის მიმართ დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 55-ე მუხლების დანაწესები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დასახელებული ნორმებით დადგენილი სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. დ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.