Facebook Twitter

ას-302-286-11 21 მარტი, 2011 წ

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

კასატორი – ბ. კ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ტ.» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი –თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „ტ-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე ბ. კ-იანისათვის 4392 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2008 წლის 14 ივლისს სს „ტ-სა“ და ბ. კ-იანს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება ¹03, რომლის თანახმად, ბ. კ-იანმა იკისრა ვალდებულება, სს „ტ-ს“ მიერ იჯარით აღებულ ფართში, მდებარე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ახლოს, ჩაეტარებინა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. სს „ტ-მ“ იკისრა ვალდებულება ნაღდი ანგარიშსწორების წესით, სამ ეტაპად ბ. კ-იანისთვის გადაეხადა 7320 ლარი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.

სს „ტ-მ“ 2008 წლის 14 და 18 ივლისს ბ. კ-იანს წინასწარ გადაუხადა 4392 ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, არც მიღებული თანხა დაუბრუნებია, შესაბამისად, ბ. კ-იანი ვალდებულია სს „ტ-ს» გადაუხადოს 4392 ლარი.

მოპასუხე ბ. კ-იანმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ასანაზღაურებლად მასალის ღირებულების ჩათვლით ხელზე უნდა მიეღო 6 340 ლარი და არა 7 320 ლარი. 980 ლარი, როგორც საშემოსავლო გადასახადი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა გადაეხადა სს „ტ-ს“. სს „ტ-დან“ ხელზე მიღებული აქვს არა 4 392 ლარი, არამედ 3 804 ლარი, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გასავლის ორდერით. აღნიშნული თანხიდან ხელოსნებს გადაუხადა 800 ლარი, ობიექტზე ჩაატარა დემონტაჟი და შენობა მოამზადა შემდგომი სამუშაოების ჩატარებისთვის, რაც ვერ მოახერხა, რადგან სს „ტ.“ ვალდებული იყო ობიექტზე მოეწესრიგებინა ელექტროგაყვანილობა, სიგნალიზაცია, ვიტრაჟი და მონტაჟი, რომელიც მიუხედავად არაერთგზის დროული გაფრთხილებისა სს „ტ-მ» არ შეასრულა. მხარეებს შორის 2008 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებით სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო 2008 წლის 4 აგვისტოს შემდეგაც, რაც ადასტურებს, რომ ბ. კ-იანს არ დაურღვევია ნარდობის ხელშეკრულების პირობები.

თბილისის საქალაქო სამამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სს „ტ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. კ-იანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

2008 წლის 14 ივლისს სს „ტ-სა“ და ბ. კ-იანს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება ¹03, რომლის თანახმად, ბ. კ-იანმა იკისრა ვალდებულება, სს „ტ-ს“ მიერ იჯარით აღებულ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფართში განეხორციელებინა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები.

2008 წლის 14 ივლისს ბ. კ-იანმა სს „ტ-სგან“ მიიღო 1902 ლარი.

2008 წლის 18 ივლისს ბ. კ-იანმა სს „ტ-სგან“ მიიღო 1902 ლარი.

2008 წლის 14 ივლისს სს „ტ-მ“ 2008 წლის 14 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტს გადაუხადა საშემოსავლო 294 ლარი.

2008 წლის 18 ივლისს სს „ტ-მ“ 2008 წლის 14 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტს გადაუხადა საშემოსავლო 294 ლარი.

2008 წლის 8 ოქტომბერს სს „ტ-სა“ და შპს „ა-ს“ შორის გაფორმდა ¹01 ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ა-მ“ იკისრა ვალდებულება, სს „ტ-ს“ მიერ იჯარით აღებულ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფართში განეხორციელებინა 7000 ლარად ღირებული სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები.

შპს „ა-მ“ შეასრულა 2008 დწლის 9 ოქტომბრის ¹01 ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები.

ბ. კ-იანმა არ შეასრულა 2008 წლის 14 ივლისის ¹03 ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

მხარეებს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, ბ. კ-იანი ვალდებული იყო, შეესრულებინა შემდეგი სახის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები: კედლების დემონტაჟი, კედლების შეღებვა, ე.წ. ,,გიფსოკარდონის» გაკვრა ჭერზე, იატაკზე ,,ლამინანტის» დაგება. მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, ბ. კ-იანი ვალდებულიყო სამუშაოები დაესრულებინა 20 კალენდარულ დღეში ანუ 2008 წლის 4 აგვისტოს. ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, სს „ტ-“ ვალდებული იყო ბ. კ-იანისთვის გადაეხადა 7320 ლარი სამ ეტაპად. ამასთან, შეთანხმდნენ გადაცემული თანხის ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ. კერძოდ, პირველ ეტაპზე გადაცემული 1020 ლარით ბ. კ-იანი ვალდებული იყო შეესყიდა მასალები, 882 ლარი შეადგენდა მომსახურების ღირებულებას, ხოლო 294 ლარით კი სს „ტ.“ გადაიხდიდა ბ. კ-იანის საშემოსავლო გადასახადს. ანალოგიურად მე-2 ეტაპზე გაცემული 1020 ლარი წარმოადგენდა მასალების ღირებულებას, 882 ლარი მომსახურების ხარჯს და 294 ლარით დაიფარებოდა ბ. კ-იანის საშემოსავლო გადასახადი. მოპასუხე ბ. კ-იანმა შესაგებელში და სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ ხელზე მიიღო 3804 ლარი, რითაც ჩაატარა 1902 ლარად ღირებული კედლების სადემონტაჟო სამუშაოები, 800 ლარი გადაუხადა მუშებს, ხოლო 800 ლარი დაიტოვა. დასტურდება, რომ მან არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაოები.

ბ. კ-იანის განმარტება, სამუშაოს დასტურების დამაბრკოლებელი გარემოებების თაობაზე, შედგენილია ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ, 2008 წლის 23 სექტემბერს, ხოლო მოსარჩელე უარყოფს დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის ფაქტს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. სააპელციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. კ-იანმა ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. კ-იანმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბ. კ-იანმა ფაქტობრივად ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტზე დაიწყო სარემონტო სამუშაოები და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ თითქოსდა ბ. კ-იანის მიერ დარღვეული იყო ნარდობის ხელშეკრულების პირობები, მაშინ როდესაც თვით სს „ტ-ს“ მიერ წარმოდგენილი 2008 წლის 23 სექტემბრის ახსნა-განმარტებით დგინდებოდა ბ. კ-იანის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტები, ამასთან, სააპელაციო პალატამ რეაგირების გარეშე დატოვა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ბ. კ-იანი შემკვეთ მხარეს წერილობით ატყობინებდა იმ სიძნელეებს, რაც გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და ეს სიძნელეები უშლიდა მას შეესრულებინა სრულად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. კ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

განსახილველ შემთხვევში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. კ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. კ-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.