Facebook Twitter

ას-303-286-2010 31 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ კ. ე-უა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “ყ-ი”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ საშვებულებო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა კ. ე-უამ მოპასუხე შპს “ყ-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 24 სამუშაო დღის ოდენობით და 1 თვის შრომითი ანაზღაურების მიღება შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხესთან მუშაობდა 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 1 ივნისამდე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოიპოვა ანაზღაურებად შვებულებაში გასვლის უფლება. შვებულების მოთხოვნის შედეგად დაკმაყოფილების ნაცვლად მოპასუხე ორგანიზაციის ახალმა მმართველმა არ გაუგრძელა შრომითი ხელშეკრულება, გაათავისუფლა სამუშაოდან და არ აუნაზღაურა გამოუყენებელი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დაკვალიფიცირებულიყო არა ხელშეკრილების ვადის გასვლით, არამედ _ შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლით შესაბამისი 1-თვიანი დახმარების ანაზღაურებით, რადგან უკანასკნელ თვეებში ახალ მმართველობასთან დადებული ხელშეკრულებები უნდა ჩათვლილიყო უკანონოდ.

მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შრომის კოდექსის 1-ლ, 21-ე, 22-ე, 25-ე, 26-ე, 34-ე მუხლებზე, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულების 2.4.2 პუნქტზე (ტომი 1, ს.ფ. 1-10).

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ერთი თვის კომპენსაციას აღარ ითხოვდა (ტომი 1, ს.ფ. 51-58).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. ე-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მას შეძლო საშვებულებო თანხის ანაზღაურება მოეთხოვა იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი კუთვნილი შვებულებით არ ისარგებლებდა; მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან მუშაობის დაწყებიდან 11 თვის გასვლისთანავე, რაც გამორიცხავდა მის მიერ შვებულებით სარგებლობის უფლებას (ტომი 1, ს.ფ. 59-63).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ე-უამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტმა მიუთითა, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი იყო გამოუყენებლი შვებულების ანაზღაურება, ხოლო სასამართლომ შეცვალა დავის საგანი და დააკვალიფიცირა საშვებულებო თანხის ანაზღაურებად; მისი ნების საწინაღმდეგოდ, გასასვლელი ერთთვიანი დახმარების ანაზღაურება, სასამართლომ გამოახმობინა; სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, გამოეთხოვა 2009 წლის 01 იანვრიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა გათავისუფლების ბრძანებები და ცნობა ბუღალტერიიდან მათ ანგარიშზე გამოუყენებელი თანხის დარიცხვის შესახებ; ასევე სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე; სასამართლომ არ ჩათვალა ანალოგიურ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პრეიუდიციული ძალის მქონედ; აპელანტმა აღნიშნა, რომ შვებულების შეცვლა არ შეიძლება ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაქმებული ტოვებს სამსახურს (ტომი 1, ს.ფ. 70-78).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კ. ე-უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; პალატამ ასევე სრულად გაიზიარა დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნები; სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მან სასამართლოს განმარტების შედეგად მიიღო მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო 1 თვის შრომითი ანაზღაურების მიღების ნაწილში სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რადგან გამოხმობაზე მხარეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. მხარემ თავად დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ აღარ ითხოვდა კომპენსაციას (ტომი 2, ს.ფ. 39-46).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ე-უამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიმართ ადმინისტრაციის დისკრიმინაციის ფაქტებს; პალატამ არ გაითვალისწინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 52-ე “კონვენცია ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ”, რომელიც აკანონებს შვებულებით სარგებლობის აუცილებლობას და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას; სასამართლომ არ იხელმძღვანელა საბოლოო ანგარიშწორების შესახებ საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის კომენტარებით; სასამართლომ არ ცნო პრეცენდენტული ძალის მქონედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ანალოგიურ საქმეზე.

კასატორმა მიუთითა, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი იყო გამოუყენებლი შვებულების ანაზღაურება, ხოლო სასამართლომ შეცვალა იგი და დააკვალიფიცირა საშვებულებო თანხის ანაზღაურებად (ტომი 2, ს.ფ. 51-57).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ე-უას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, კ. ე-უას საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ე-უას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.