Facebook Twitter

ას-303-287-2011 26 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «ი. აე&პ»-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ საქართველოს გ-ისა და მ-ის სამინისტროს სარჩელის გამო, მოპასუხე შპს «ი. აე&პ»-ის მიმართ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისა და, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა შპს «ი. ა&პ-ს» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 28 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საქართველოს უზხენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი აპრილის განჩინებით არ იქნა გაზიარებული კასატორის მითითება ქონებრივ მდგომარეობაზე დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა დადგენილი ხარვეზის სრულყოფილად გამოსწორება.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს «ი. ა&პ-ს» საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 6 აპრილს ჩაბარდა საზოგადოების დირექტორს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ი. ა&პ-ს» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი აპრილის განჩინებით შპს «ი. ა&პ-ს» გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საქმროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს «ი. ა&პ-ს» და საზოგადოების დირექტორს ჩაბარდა 2011 წლის 6 აპრილს (იხ. ტ.II, ს.ფ.134).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. კანონის აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შპს «ი. ა&პ-ს» მენეჯერისათვის ჩაბარება უშუალოდ საზოგადოებისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული («მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის დანაწესი), რაც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 7 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 13 აპრილს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «ი. ა&პ-ს» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.