Facebook Twitter

ას-304-288-11 28 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ.კვანტალიანი, პ. ქათამაძე

კასატორი – საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ. ჩ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ქ. თბილისის მ. ს-ლო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა – შ. ქ. თბილისის მთავარმა ს-ლომ მოპასუხე საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მისთვის 7545 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 29 იანვარს შ. ქ. თბილისის მ. ს-ლოს დეტექტივების ს-ლოს უფროსის მოადგილე გ. ბ-შვილი სამსახურებრივი «ტ-ის» მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით GEL-... ... მოძრაობდა თბილისში, ვ-ს გამზირზე. დაახლოებით 15:30 საათზე, ბ-შვილის ავტომანქანა ვ-ს გამზირისა და ტ-ის ქუჩის გადაკვეთასთან, შეეჯახა საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტის კუთვნილი «ვაზ 21... ...» მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ... ..., რომელსაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მართავდა ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი მ. ლ-ძე. შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც მ. ლ-ძეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმის გადახდა 200 ლარის ოდენობით. დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა საქართველოს ს-ლო გზების თანამშრომლის, მ. ლ-ძის მიერ, რომელმაც ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა. მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა აღდგენილ იქნა მოსარჩელის მიერ, რომლის ღირებულება შპს «ტ-ის» მიერ განისაზღვრა 7545 ლარით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, პასუხი მიყენებული ზიანისათვის უნდა აგოს ავტოსაგზაო შემთხვევის მომხდენმა პირმა - მათმა თანამშრომელმა მ. ლ-ძემ. მოპასუხემ სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა.

მესამე პირმა მ. ლ-ძემ მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ქ. თბილისის მ. ს-ლოს სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტს შ. ქ. თბილისის მ. ს-ლოს სასარგებლოდ დაეკისრა 7545 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

«ტ-ის» მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით GEL-... ... ეკუთვნის შ. ქ. თბილისის მთავარ ს-ლოს, ხოლო «ვაზ 21... ...» მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ... ... - საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტს.

საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტის კუთვნილ «ვაზ 21... ...» მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ... ... მართავდა ამავე ორგანიზაციის ნებართვით მათი თანამშრომელი მ. ლ-ძე.

მ. ლ-ძე 2010 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 15:30 საათზე, თბილისში, ვ-ს გამზირზე მეტრო გ-ძის მიმართულებით მოძრაობდა ავტომობილით «ვაზ 21... ...» სახელმწიფო ნომრით ... .... ვ-ს გამზირისა და ტ-ის ქუჩის გადაკვეთასთან შეეჯახა «ტ-ის» მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით GEL-... .... მ. ლ-ძემ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, რის გამოც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მ. ლ-ძის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რითაც იგი ბრალეულად იქნა მიჩნეული და დაჯარიმდა 200 ლარით, რომელიც მის მიერ გადახდილ იქნა.

მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა «ტ-ი» სახელმწიფო ნომრით GEL-... ... აღდგენილ იქნა შპა «ტ-ის» მიერ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შ. ქ. თბილისის მ. ს-ლოს კუთვნილი ავტომანქანა «ტ-ი» სახელმწიფო ნომრით GEL-... ..., საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტს არ აღუდგენია და არც მიყენებული ზიანი აუნაზღაურებია.

2010 წლის 29 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შ. ქ. თბილისის მ. ს-ლოსათვის, ავტომანქანა «ტ-ი» სახელმწიფო ნომრით GEL-... ... დაზიანებით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შადგინა 7545 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, 999-ე მუხლებით.

მოსარჩელემ მოითხოვდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (დელიქტით) მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დასაკისრებლად საჭიროა არსებობდეს ,,სამართალდარღვევის» შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია მ. ლ-ძის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე უდავოა რომ მ. ლ-ძე შრომით ხელშეკრულებით არის დაკავშირებული მოპასუხესთან და არ წარმოადგენს პასუხისმგებელს მოსარჩელის წინაშე მიყენებული ზიანისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, დეპარტამენტის უნდა აღედგინა დაზიანებული ავტომანქანის პირვანდელი მდგომარეობა და არა დაკისრებოდა ფულადი კომპენსაცია, სასამართლომ გასაბათილებლად გამოიყენა ამავე კანონის 409-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც არ არის საუბარი ფულადი ანაზღაურების ვალდებულებაზე, არამედ საუბარია შესაძლებლობაზე, საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, კანონი განმარტებულია არასწორად.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლში საუბარია მხოლოდ შესაძლებლობაზე და არა ვალდებულებაზე. სასამართლომ განჩინებით დაადგინა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტს, ე.ი. კანონიდან გამომდინარე, საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწლით უნდა აენაზღაურებინა არა ზარალი, არამედ ამ შემთხვევაში აღედგინა ავტომანქანის პირვანდელი მდგომარეობა. კასატორის მოსაზრებით, დეპარტამენტი ვალდებული იყო აღედგინა მანქანის პირვანდელი მდგომარეობა, რაზედაც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და ჩათვალა, ვინაიდან სარჩელის შეტანის მომენტისათვის მანქანა არ იყო აღდგენილი, ამიტომ დეპარტამენტის მხრიდან უნდა მოხდეს აღდგენისათვის საჭირო თანხის გადახდევინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

განსახილველ შემთხვევში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას – საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ს-ლო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.