ას-306-288-2010 21 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. გ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. გ-შვილის მიმართ მოპასუხისათვის, როგორც სოლიდარული მოვალისათვის, თანხის _ 4000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. გ-შვილს ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1645 აშშ დოლარის გადახდა (ძირითადი თანხა – 1 200 აშშ დოლარი, პროცენტი _ 445 აშშ დოლარი), ნ. მ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 700 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.გ-შვილის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ, რომელმაც სასამართლოს წინაშეE იშუამდგომლა კასატორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით ე.გ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების _ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 1645 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 5%-ის (არანაკლებ 300 ლარის) ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე მ. ს-ძის ადვოკატის მოწმობის წარმოდგენა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა ადვოკატის მოწმობის ასლი და განმარტა, რომ მითითებულ ვადაში მისმა მარწმუნებელმა ვერ უზრუნველყო ხარვეზის სრულად გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აორილის განჩინებით მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგნილი ვადა 3 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების _ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 1645 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 5%-ის (არანაკლებ 300 ლარის) ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში ე.გ-შვილს ხარვეზის არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ე.გ-შვილის წარმომადგენელ მ.ს-ძის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, კასატორს გაუგრძელდა ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის მხარის ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ ე. გ-შვილს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ამავე წლის 4 მაისს ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ნომერზე სატლეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი ტ.II, ს.ფ.74).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 5 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 7 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.