Facebook Twitter

ას-306-290-11 7 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე _ ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. ლ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ს. ლ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე შპს-ის «ს-ს» მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს. ლ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება ს. ლ-ძეს ჩაბარდა 2011 წლის 18 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 98), ხოლო საკასაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილ იქნა ამავე წლის 25 თებერვალს (ტ. II, ს.ფ. 71), ანუ 1 თვიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.